ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დღეს დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ჯერ მეოთხედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების წევრებისთვის, დავით ასუმბანისა (60 კგ) და შალვა ქარდავასთვის (66 კგ) კი ევროპირველობა უკვე დასრულებულია. ამირან ტოტიკაშვილის გუნდის უმსუბუქესი წევრები საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ და რადგან რეპეშაჟში გადასასვლელად მეოთხედფინალამდე მისვლა იყო საჭირო, უმალ დაკარგეს ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს შანსი.
ასუმბანი ტატამზე ერთადერთხელ გავიდა. კენჭისყრამ იგი პირველ წრეში დაასვენა და პირდაპირ მერვედფინალში მოახვედრა, სადაც რუს ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე დამარცხდა.
ქარდავამ ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა – იტალიელ ენრიკო პარლატის იუკოთი აჯობა, მაგრამ მერვედფინალში, სომეხ არმენ ნაზარიანთან იპონზე დავარდა.
ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში საღამოს გამოვლინდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







