აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 23-ე ტურში, ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, შინ თანაქალაქელ “ბაქისთან” 1:1 ითამაშა.
ლაშა სალუქვაძემ მასპინძლებში სრულად ითამაშა. მის მსგავსად ალექსანდრე იაშვილი და ბაჩანა ცხადაძეც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველი მათგანი 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 85-ეზე. გიორგი ლომაია თადარიგში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე და ცხადაძე 5 მარტს საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის ამხანაგურ მატჩზეა გამოძახებული. “ინტერს” 38 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-5 ადგილზეა.
აგდამის “ყარაბაღმა”, სადაც ნიკა გელაშვილი და ჯაბა დვალი ირიცხებიან, გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილ ზაქათალის “სიმურგს” უმასპინძლა და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. გელაშვილი სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. “ყარაბაღი” გათამაშებას 46 ქულით ლიდერობს.
აზალ-ი, რომელშიც ლაშა კასრაძე გამოდის თავის მოედანზე “ხაზარ-ლენქორანს” დაუზავდა – 2:2. ქართველი მცველი სასტარტოში არ იყო, მაგრამ მოედანზე მე-9 წუთზე შევიდა. აზალ-ს 26 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.
დანიის სუპერლიგაში მეორე ეტაპი განახლდა და მე-19 ტურში “ორჰუსმა” შინაურ კედლებში “კოპენჰაგენს” ვერ მოუგო – 1:1. დავით სხირტლაძემ მასპინძლებში 90 წუთი ითამაშა. დავით დევდარიანი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. მათე ვაწაძე ტრავმირებულია და 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “ორჰუსმა” 23 ქულა დააგროვა და 12 გუნდში მე-8 ადგილზე იმყოფება.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-20 ტურში, “ჟილ ვისენტემ” სტუმრად “ოლიანენსესთან” 1:2 წააგო. ავთო ებრალიძემ დამარცხებულებში 62-ე წუთიდან ითამაშა. “ჟილ ვისენტე” 19 ქულით 16 გუნდში მეცამეტეა.
მალტის პრემიერლიგაში გუნდები ექვსეულებად დაიყვნენ და ჩემპიონობისთვის მებრძოლმა “ვალეტამ” მეორე ეტაპის პირველ ტურში შინ “შლიემას” ვერ მოუგო. ნუკრი რევიშვილმა და ირაკლი მაისურაძემ “ვალეტაში” სრულად იასპარეზეს, ხოლო ოვონიკოკო მოედანზე არ გამოჩენილა. “ვალეტას” 28 ქულით 12 გუნდში მეორეა და “ბირკირკარას” 3 ქულით ჩამორჩება.
თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში, “ქაისერი” გასვლაზე “ტრაბზონსფორთან” 1:2 დამარცხდა. ზურაბ ხიზანიშვილი სტუმართა სამატჩო განაცხადში არ იყო. “ქაისერს” 16 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურში, “ლეგიამ” ზაბჟეში ადგილობრივ “გურნიკს” 3:0 მოუგო. ლადო დვალიშვილს არ უთამაშია, რადგან დისკვალიფიცირებულია. ვარშაველები 16-გუნდიან გათამაშებას 49 ქულით ლიდერობენ.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 22-ე ტურში დიუსელდორფის “ფორტუნა” “ბოხუმს” ესტუმრა და დაპირისპირება 0:0 დასრულდა. ლევან ყენია “ფორტუნას” განაცხადში კვლავ არ იყო. დიუსელდორფელები 28 ქულით 18 გუნდში მე-13 ადგილზე არიან.
გერმანიის მე-3 ლიგის 26-ე ტურში, “ჰალეშერი” “ოსნაბრუკს” ეწვია და 0:3 წააგო. აკაკი გოგიამ სტუმრებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა და 70-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ჰალეშერი” 34 ქულით 20 გუნდში მე-12 პოზიციაზეა.