ძიუდო

17:15 | 11.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების ოკეანეთური შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორი წევრი - ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) სამოას დედაქალაქ აპიაში, მსოფლიოს თასზე იჭიდავებენ. ეს ტურნირი ქართული გუნდის გეგმებში ბოლო მომენტშიღა შეიტანეს, მას შემდეგ, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი ოკეანეთში ტრეინინგების ჩასატარებლად მიიწვია. მწვრთნელმა თან ორი შეგირდი იახლა.
ლამის დღენახევრიანი მგზავრობის შემდეგ, ქართული დელეგაცია სამოაში გუშინწინ ჩაფრინდა. ტატალაშვილი ტატამზე დღეს გავა, ჭრიკიშვილი – ხვალ.
მოლოდინისამებრ, ოკეანეთის მსოფლიოს თასზე ჩასვლისგან ძიუდოს ვარსკვლავთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავი შეიკავა. შესაბამისად, ქართველ ძიუდოისტებს მედლებისა და სარეიტინგო ქულების მოპოვების გაცილებით რეალური შანსი აქვთ, ვიდრე ევროპულ მსოფლიოს თასებზე. შეგახსენებთ, ამ რანგის ტურნირის ჩემპიონი პირად რეიტინგს 100 ქულით იუმჯობესებს, ვერცხლის პრიზიორი – 60 ქულით, ხოლო ბრინჯაოსანი – 40-ით.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში 17 სპორტსმენი გადანაწილდა. ტატალაშვილი წილისყრამ პირდაპირ მეორე წრეში – მერვედფინალში განთესა. მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი დარენ როგერსი იქნება. ამ წყვილიდან გასული კი, ჩინელ ვეი ლიუსა და პაპუა ახალი გვინეას ნაკრების წევრ კინსლი ვუის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგში 28-ე ადგილზეა, სამოას მსოფლიოს თასზე სულაც პირველ ნომრადაა განთესილი. იგი შეჯიბრებას ავსტრალიელ კაი ტროტელთან შეხვედრით გახსნის, მეორე წრეში – მეოთხედფინალში კი თურქ აჰმეთ სარის დაეჭიდება.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092341