ფეხბურთი

14:23 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების მოლოდინი არ გამართლდა, პლატინიმ სტადიონი მატჩის 84-ე წუთზე დატოვა

 

მთელი საქართველო, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები  ქართველები და ჩვენი ქვეყნის მკვიდრნი  მოუთმენლად ელოდებოდნენ 19 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო მატჩს ნიონში. ჩვენმა  გუნდმა თავისი ლამაზი და ოსტატური თამაშით ლოზანაში შვეიცარიასთან და კვიპროსთან 25 და 27 მაისს დიდი სიხარული მიანიჭა ქართველ ქომაგებს. ამიტომაც იყო დიდი მოლოდინი, რომ ჩვენი გუნდი 30 მაისს წარმატებით დააგვირგვინებდა თავის გამოსვლას და გახდებოდა ამ ჯგუფის გამარჯვებული. ამ შედეგისთვის კი ფრეც საკმარისი იყო, მაგრამ მიუხედავად თავგანწირული  და როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს საინტერესო თამაშისა, ჩვენმა გუნდმა ისრაელთან ბოლო მატჩი  წააგო ანგარიშით 0:1 .

 ამ შეხვედრას ნიონში, “კოლოვრეის” სტადიონზე ესწრებოდნენ ორივე გუნდის ფანები. დაახლოებით ასამდე ქართველთა შორის იყვნენ ძირითადად შვეიცარიაში მცხოვრები ქართველები  (მათ შორის დიპლომატები და  სტუდენტები) და აგრეთვე  საქართველოდან ჩამოსული რამდენიმე ფანი, ვეტერანი ფეხბურთელი დავით მუჯირი და მისი 15 წლის ბიჭი დათო, რომელიც თამაშობს თბილისის 35 სკოლის გუნდში. ნიონში აქტიური ქომაგობით გამოირჩეოდნენ საფრანგეთის ქალაქ შამბერიში მცხოვრები წარსულში ცნობილი მოციგურავე ლია გაბელაია თავისი ახლობლებით - ლია   ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგია, მამამისი მირო 1950-60 წლებში თამაშობდა საქართველოს ჩემპიონატის გუნდებში.

ნიონში მატჩს ესწრებოდა სპეციალურად ჩამოსული ლევან კობიაშვილი, რომელსაც, რასაკვირველია,  წარდგენა არ სჭირდება. ტრიბუნაზე ცალკე სექტორზე ისხდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებიც 30 მაისს ჩამოვიდნენ ნიონში –ეროვნულ ნაკრებს 3 ივნისს აქვს სპარინგ-მატჩი ჟენევაში საემიროების გუნდთან. ეროვნული ნაკრების წევრები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მატჩს.

საჭიროა აღვნიშნოთ, რომ “კოლოვრეის” ცენტრალურ ტრიბუნაზე გვერდი-გვერდ ისხდნენ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ქომაგები. ჯერ მოვიდნენ ქართველი ქომაგები, ცოტა ხანში რატომღაც გვერდით მიუსხდნენ ირაელის ნაკრების ფანები, დაახლოებით 60 კაცი, მათ შორის ძირითადად იყვნენ თავად ისრაელიდან ჩამოსული ქომაგები - საშუალო და უფროსი თაობის წარმომადგენლები.

ჩვენი ქომაგები უფრო აქტიურები იყვნენ ტრიბუნებზე, ქართველი ფანები მთელი მატჩი   არ გაჩერებულან - დიდი და პატარა, ყველა, შეძახილებით,  ტაშით, მეგაფონით, დროშებით, ზოგჯერ კი სიმღერით ამხნევებდნენ  ჩვენ ნაკრებს. აქტიურად ქომაგობდნენ თავის გუნდს ისრაელის ნაკრების ფანები. ორივე გუნდის ფანებს შორის იყო ნორმალური დამოკიდებულება.  მატჩის მეორე ნახევარში, როცა ისრაელმა საქართველოს ნაკრების კარში გაიტანა ბურთი, სიტუაცია დაიძაბა მოედანზე,  ტრიბუნებზე კი უფრო გააქტიურდნენ ქართველი ქომაგები, რასაც მოჰყვა ებრაელი ფანების ახმაურება. ამ მომენტში ტრიბუნაზე გამოჩნდა რამდენიმე პოლიციელი და სტადიონის დაცვის ფორმიანი თანამშრომელი, ალბათ, პრევენციისთვის. თუმცა,  ფანებს შორის შენარჩუნდა ნორმალური და თბილი ურთიერთობა. შვეიცარიაში  მცხოვრები ჩემი ერთი ნაცნობის მეშვეობით ავუხსენი პოლიციელებს, რომ საქართველოსა და ისრაელს აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა ყველა დონეზე-პოლიტიკაში, ადამიანებს შორის და ა.შ.  და ამიტომ ტრიბუნებზე ორი გუნდის ქომაგობა არ გადაიზრდება რაიმე კონფლიქტში ან ინციდენტში. ჩანდა, პოლიციელებს ეს ინფორმაცია გაუხარდათ, თუმცა ისინი მატჩის ბოლომდე მაინც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს თუ რა ხდებოდა ტრიბუნებზე.

მატჩის შემდეგ ისრაელის ნაკრების ფანებმა –მათ შორის იყვნენ ემიგრანტები ყოფილი სსრკ-დან - მითხრეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა მთელი ელიტ რაუნდი და მათ შორის ბოლო შეხედრა და იმსახურებდა პირველ ადგილს. მათ, რასაკვირველია, უხაროდათ და ზეიმოდნენ ისრაელის გამარჯვებას, მაგრამ აღნიშნავდნენ ქართველების კარგ თამაშს.

გუშინ უკვე გაუწყეთ, რომ საქართველო-ისრაელის მატჩს ნიონში ესწრებოდა უეფას პრეზიდენტი, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი. ის გამოჩნდა სტადიონზე მატჩის დაწყებამდე 50 წუთით ადრე, მიესალმა და ესაუბრა დავით პეტრიაშვილს, დომენტი სიჭინავას, რეზი და არჩილ არველაძეს, შვეიცარიაში ჩამოსულ მერაბ ჟორდანიას, მიესალმა სტადიონზე მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო მოღვაწეებს. სტადიონის დაცვის თანამშრომლების თანხმობით  მეც მივედი პლატინისთან, მისმა თანხმლებმა პირმა-უეფას წარმომდგენელმა უთხრა მიშელს, რომ ეს არის ქართველი ჟურნალისტი და მიუთითა ჩემს ეკიპირებაზე.  პლატინიმ ჩამომართვა ხელი და დათანხმდა ფოტოს გადაღებაზე, თუმცა მაგრძნობინა, შეკითხვებისთვის  ახლა მას არ ეცალა.... მე ვაპირებდი მასთან მისვლას შეხვედრის შემდეგ და მისი აზრის გამოკითხვას ელიტრაუნდზე და საქართველოს ნაკრების შესახებ, ამისთვის ვემზადებოდი და სტადიონის დაცვის თანამშრომლების წინასწარი თანხმობა მქონდა, რომ მიმიშვებდნენ მასთან ახლოს.

მატჩის დროს პლატინი იდგა ფეხზე ტრიბუნების პირველ რიგთან და უყურებდა შეხვედრას. გვერდით მასთან ახლოს იდგნენ ხან მერაბ ჟორდანია, ხან დავით პეტრიაშვილი და რეზო არველაძე.  რაც შეეხება დომენტი სიჭინავას, ის თავიდან იყო პლატინის გვერდით, შემდეგ კი გადავიდა მოედნის მოპირდაპირე მხარეს სარბენ ბილიკზე და იქიდან უყურებდა შეხვედრას.

მატჩის ბოლოს ვემზადებოდი პლატინისთან მისასვლელად, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად მან დატოვა სტადიონი, როცა ტაბლოზე იყო შეხვედრის 84-ე წუთი. ტრიბუნიდან ჩანდა, რომ სტადიონიდან ის გააცილა რეზი არველაძემ. ერთერთმა ქართველმა ქომაგმა, რომელმაც იცოდა ჩემი გეგმის შესახებ, ხუმრობით მითხრა: “თენგო, გაგექცა პლატინი, მასთან საუბარს ვერ მოახერხებ”. მეც ხუმრობით ვუპასუხე:  “ეტყობა პლატინის ძალიან ეწყინა საქართველოს ნაკრების მიერ გაშვებული ბურთი და ჩვენი გუნდი აგებს თამაშს და ამიტომ დატოვა სტადიონი შეხვედრის 84-ე წუთზე”.

სახუმარო არაფერი მქონდა,  საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა.  თუმცა შვეიცარიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ ჩვენი ბიჭების ლამაზ და საინტერესო თამაშს ამ ტურნირზე. ჟენევაში  2004 წლიდან მცხოვრებმა საქართველოს საგარეო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მალხაზ კაკაბაძემ  (ის ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგია)  მთხოვა, გადამეცა ჩვენი გუნდის წევრებისთვის შვეიცარიაში მცხოვრები ქართველების დიდი მადლობა ელიტრაუნდში ასეთი თანგანწირული და ლამაზი თამაშისთვის.  “ჩვენს ჭაბუკთა ნაკრებში  არიან ძალაინ ნიჭიერი ფეხბურთელები, მათ შეუძლიათ  ითამაშონ დიდი ფეხბურთი, ყველაფერი წინ აქვთ, ამიტომ გულს ნუ გაიტეხენ და იფიქრონ მომავალზე” - დასძინა მალხაზ კაკაბაძემ.

თენგიზ პაჭკორია, ნიონი, სპეციალურად  www.worldsport.ge-სთვის

ფოტოები გადაღებულია 30 მაისს ნიონში “კოლოვრეის” სტადიონზე

0.304683