იატაკქვეშა ტოტალიზატორებთან დაკავშირებული სკანდალის ასე თუ ისე ჩაფარცხვის შემდეგ, პროფესიული სუმოს ასოციაციამ მორიგი რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა, რომელიც ქართველი გოლიათებისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა – პირველად სუმოს ისტორიაში ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში სამი ჩვენებური მოხვდა, მათგან ერთ-ერთმა ტოჩინოშინიმ კი თანამემამულე კოკაის მიღწევა გაიმეორა და კომუსუბის ტიტულს უწია.
22 წლის ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე 7 მარცხის წილ 8 მოგება იზეიმა და დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში ბაშოს დასკვნით დღეს გაიფორმა. შედეგად, დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველს რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების შანსი მიეცა, რაც დღეს ოფიციალურად გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ კომუსუბი სუმოს სამყაროში მე-4 წოდებად ითვლება. მის წინ მხოლოდ იოკოძუნას, ოძეკისა და სეკივაკეს ტიტულებია. გორგაძემ დასავლეთის კომუსუბის წოდება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი სეკიტორი მსოფლიოში მე-10 ნომრის სტატუსით ისარგებლებს.
ტოჩინოშინის წინ იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები ბარუტო, ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ, კოტომიცუკი და კაიო, სეკივაკეები კისენოსატო და კოტოშოგიკუ და კომუსუბი ჰაკუბა იმყოფებიან.
სათქმელია ისიც, რომ უძლიერესი იაპონელი სუმოისტი 34 წლის ოძეკი კოტომიცუკი რეიტინგში სიმბოლურადღა იმყოფება. სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს სპეციალურ სხდომაზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ კოტომიცუკი და მისი 42 წლის აღმზრდელი ექს-სეკივაკე ტაკატორიკი პროფესიული სუმოდან სამუდამოდ მოკვეთილნი არიან.
იაპონიის იმპერატორის შვილიშვილის აიკოს საყვარელ სეკიტორსა და მის მწვრთნელს იატაკქვეშა ტოტალიზატორში ბეისბოლის მატჩებზე “ფსონაობა” და ადგილობრივი მაფიის იაკუძას წევრებთან არაპირდაპირი კავშირი დაუმტკიცდათ, რამაც მკაცრი სასჯელი გამოიწვია. ცნობისთვის, კოტომიცუკის მრავალწლიანი სახელოვანი მოღვაწეობის გამო, გარკვეული ფულადი ჯილდო კი ერგო, თუმცა, ოძეკისთვის განკუთვნილ მრავალმილიონიან ბონუსს კი ვერ მიიღებს.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ტოტალიზატორებთან სიახლოვის გამო, ივლისის ბაშოს მაკუუჩი და ძურიოს დივიზიონების წევრი კიდევ ათი სუმოისტი გამოტოვებს, რომელთა შორის არცერთი უცხოელი არ გახლავთ. დისკვალიფიკაცია გოეიდოს, ტოიონოშიმას, მიაბიამას, ტოიოჰიბიკის, ვაკაკოიუს, ოკინოუმის, დაიდოს, კიოსეუმის, ჩიოჰაკუჰოსა და კასუგანიშიკის შეეხოთ.
მომავალ ტურნირზე მაკუუჩი დივიზიონში პირველად იასპარეზებს 23 წლის ქართველი თეიმურაზ ჯუღელი, რომელსაც სუმოს სამყაროში გაგამარუს შიკონათი იცნობენ. 202-კილოგრამიანმა ჯუღელმა ტოკიოს ტურნირზე ძურიოში ჩატარებული 15 ბრძოლიდან 10 მოიგო და იმდენი შეძლო, რომ განახლებულ რეიტინგში ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიასაც (კოკაი) კი გაუსწრო, რომელიც მაისში მე-6 მაეგაშირა გახლდათ, მაგრამ მხოლოდ 3 გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ივლისის ბანძუკეში გაგამარუ და კოკაი მე-12 მაეგაშირას ტიტულებით შეხვდნენ, თუმცა, ჯუღელი აღმოსავლეთის სვეტში მოხვდა და “დასავლელ” ცაგურიაზე მცირედი უპირატესობაც მოიპოვა. მომავალ ტურნირზე, რომელსაც 11-25 ივლისს აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, გაგამარუსა და კოკაის მაქსიმალური ყურადღება მართებთ, რათა ძურიოში დაქვეითების კანდიდატებს შორის არ აღმოჩნდნენ.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ აღნიშნული სკანდალის გამო, სუმოს სამყაროს დიდი ზიანი მიადგა. ნაგოიას ბაშოს სპონსორობაზე უარი ორმა უდიდესმა იაპონურმა კომპანიამ “ნაგატანიენმა” და “ასაჰი სეიმეიმ” განაცხადა, ტელეკომპანია NHK-ში კი ათასობით გულშემატკივრის ზარია შესული, რომლებიც პროტესტის ნიშნად, მომავალი ტურნირის ტრანსლაციებზე უარის თქმას ითხოვენ.
ივლისის ბანძუკე
| აღმოსავლეთი | წოდება | დასავლეთი |
| ჰაკუჰო | იოკოძუნა | |
| ბარუტო | ოძეკი | ჰარუმაფუჯი |
| კოტოოშუ | ოძეკი | კოტომიცუკი |
| ოძეკი | კაიო | |
| კისენოსატო | სეკივაკე | კოტოშოგიკუ |
| ჰაკუბა | კომუსუბი | ტოჩინოშინი |
| ტოჩიოძანი | 1-ლი მაეგაშირა | ასასეკირიუ |
| არანი | მე-2 მაეგაშირა | ამინიშიკი |
| კიოკუტენჰო | მე-3 მაეგაშირა | ტოკიტენკუ |
| გოეიდო | მე-4 მაეგაშირა | კიტატაიკი |
| ტოიონოშიმა | მე-5 მაეგაშირა | მიაბიამა |
| კაკურიუ | მე-6 მაეგაშირა | ტოიოჰიბიკი |
| ვაკანოსატო | მე-7 მაეგაშირა | ტოკუსეგავა |
| ვაკაკოიუ | მე-8 მაეგაშირა | იოშიკაძე |
| შიმიტორი | მე-9 მაეგაშირა | კაკიძოე |
| მოკონამი | მე-10 მაეგაშირა | ტოსაიუტაკა |
| ტაკეკაძე | მე-11 მაეგაშირა | ტაკამისაკარი |
| გაგამარუ | მე-12 მაეგაშირა | კოკაი |
| ჰომაშო | მე-13 მაეგაშირა | კიმურაიამა |
| ტამავაში | მე-14 მაეგაშირა | ოკინოუმი |
| ბუშუიამა | მე-15 მაეგაშირა | ჰოკუტორიკი |
| ტამაასუკა | მე-16 მაეგაშირა | შოტენრო |







