რა უცნაურია ფეხბურთელის ცხოვრება – ბედი ხან რა სასიამოვნო სიურპრიზს მოგიმზადებს და ხან როგორ დაგანარცხებს მიწაზე, ვერ გაიგებ. საქართველოში, დაულაგებელი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში, განსაკუთრებით იგრძნობა აღმა-დაღმა სვლები ფეხბურთელებისა.
ზოგი მართლაც ზარმაცია და ბურთთან იმდენ დროს არ ატარებს, რამდენსაც იპჰონე-თან; ზოგი იმდენჯერ სტადიონზე არაა ნამყოფი, რამდენჯერაც ღამის კლუბში; ზოგს მოსმენის პრობლემა აქვს, ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს; ზოგს სიტყვა "დიაგონალი" არ გაუგია.
აქ, ქართველი ფეხბურთელების გამოჩენა-გაუჩინარების ამბებზე ვისაუბრებთ: ბევრია ასეთი და გამორჩეულ შემთხვევებს ჩამოვთვლით. ქართველების უმეტესობა კარგად იწყებს კარიერას და ცუდად აგრძელებს – მერე კი, რჩება ტკბილი მოგონებები. გამახსენდა, გასულ თებერვალს, თურქეთში გორის "დილა" სერბულ "რადნიჩკის" ხვდებოდა. 10 წუთი რჩებოდა თამაშის დამთავრებამდე და ჭარბ წონაში მყოფი ბექა გოცირიძე შევიდა მინდორზე. გვერდით, სერბი ჟურნალისტი იდგა და სიცილით მეკითხება: "კი მაგრამ, ეს ფეხბურთელია?".
ვუთხარი, ეს ბიჭი, 3-4 წლის წინ, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო-მეთქი. ეჭვით შემომხედა, მერე კი ფურცელზე დავუწერე სახელ-გვარი – "ნახე მისი CV და Youtube-ზე საქართველო-რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩში გატანილი გოლი და დარწმუნდები". გამომართვა და ალბათ, ნახავდა.
ბექას შემთხვევა სხვაა, ავტოავარიამ დასწია უკან და 8 თვის შემდეგ რომ დაბრუნდა, ის აღარ იყო. უვარჯიშებელმა, ფორმაში შესვლა ვერ შესძლო, მერე კი სულაც თავი დაანება თამაშს. 1 წლის შემდეგ დაუბრუნდა ვარჯიშებს, მაგრამ წონა ვერ დაიკლო. საწყენია ბექას შემთხვევა.
და 4-5 წლის წინ, განა, ვინმე წარმოიდგენდა, რომ ბექა გოცირიძე კარიერას დაასრულებდა, ხოლო, მაგალითად, ირაკლი სირბილაძე, რომელიც იმ დროს ფინეთის რომელიღაც ქვედა ლიგაში გამოდიოდა, წლების მერე, ეროვნულ ნაკრებში მოხვდებოდა? ესაა ფეხბურთელის კარიერა. სირბილაძეს ეყო მოთმინება, რომ 27-28 წლის ასაკშიც კი ესწავლა და ახალი გამოწვევები მიეღო.
ფოტოზე ხედავთ რუსეთის პრემიერლიგის მატჩის ეპიზოდს, რომელშიც მოსკოვის "ლოკომოტივის" ფორვარდი გიორგი ჭელიძე და მოსკოვის "სპარტაკის" მცველი ნემანია ვიდიჩი ჩანან. რა არის საფეხბურთო ცხოვრება – ვიდიჩი, რომელიც იმ დროს მალხაზ ასათიანზე უკეთეს მცველად არ ითვლებოდა, "მანჩსეტერ იუნაიტედმა" შეიძინა და აღარ დავიწყებთ იმაზე წერას, თუ რას მიაღწია იქ. ჭელიძემ კი 24 წლის ასაკში დაასრულა კარიერა და ახლა, საფეხბურთო სკოლა "საბურთალოში" მუშაობს მწვრთნელად.
"ბევრი რამ დავაკელი. ვარჯიში არ მეზარებოდა, მაგრამ გართობასაც დიდ დროს ვუთმობდი. ახლა მინდა, რომ ბავშვებმა იგივე არ გაიმეორონ. ამას ვცდილობ მათთან მუშაობისას", – თქვა ჭელიძემ "მსოფლიო სპორტთან" შარშანდელ ინტერვიუში.
ავიღოთ მათე ღვინიანიძის მაგალითი. მანაც მოსკოვის "ლოკომოტივში" დაიწყო უცხოური კარიერა, მაგრამ მალევე მოხვდა გერმანულ "მიუნხენ 1860"-ში. მისვლიდან 6 თვის შემდეგ, გულშემატკივართა გამოკითხვით, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მათეს თანაგუნდელები იყვნენ ლარს და სვენ ბენდერები, მაგრამ ქართველი მათზე ძლიერ ფეხბურთელად ითვლებოდა. დღეს, ძმებიდან, ერთი "დორტმუნდშია", მეორე "ლევერკუზენში", ღვინიანიძე კი - "სევასტოპოლში". ბევრი იტყვის, უკრაინის პრემიერლიგა აღემატება II ბუნდესლიგასო, თუმცა, აბა, დავფიქრდეთ, "მიუნხენ 1860"-ის რჩეული ფეხბურთელობიდან ბუნდესლიგაში გადასვლამდე ხომ, წესით, ერთი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო.
თუმცა მხოლოდ ცუდზე რატომ ვთქვათ? აგერ, თითქოს ციდან ჩამოგვივარდა 22 წლის ავთო ებრალიძე. ის 16 წლისა წავიდა პორტუგალიაში, მეოთხე ლიგიდან დაიწყო და იმდენი მოახერხა, რომ "ჟილ ვისენტემ", მის სანაცვლოდ, სამი ფეხბურთელი დაუთმო "ოლივეირენსეს". და ნახავდით, პორტუგალიის უმაღლეს ლიგაშიც რა აღმაფრენით თამაშობს. ავთოს დღეს აქვს იუბილე და "მსოფლიო სპორტი" ულოცავს, ბედნიერებასა და მშვენიერ კარიერას უსურვებს.
ორი შემთხვევა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია – ლევან ყენიასი და ჯაბა კანკავასი. მიხვდებით, მათ შეუპოვრობას, მოთმინებასა და საქმისადმი ფანატიკურ სიყვარულს ვგულისხმობთ. ორივე მათგანს თითქმის 3 წელი გაუცდა ტრავმის გამო, ოპერაციას ოპერაცია მოსდევდა და ერთეულების გარდა, ასეთ მდგომარეობაში მყოფნი კარიერას ასრულებენ.
იყო დრო, ყენია გერმანული ბუნდესლიგის საუკეთესო ტალანტებს შორის მოიხსენიებოდა და მეორე ადგილზე იყო (იხილეთ http://bleacherreport.com/articles/422939-2010-11-bundesliga-season-top-10-youngsters-to-watch-out-for), ის 18 წლის ასაკში თამაშობდა "შალკეში", რომელსაც ბოლოს, ერთი ქულა დააკლდა ჩემპიონობამდე. ახლა, ყენია მეორე ბუნდესლიგაშია, თუმცა ამასწინათ "შალკეს" ქომაგების გვერდზე იყო 2009 წლის რურული დერბის გახსენება, როცა "ხუმარებმა" გასვლაზე 1:0 სძლიეს "დორტმუნდს". ყენიამ კონტრშეტევაზე 50 მეტრი ირბინა ბურთიანად, პასი ალტინთოპს გაუკეთა, რომელმაც ფარფანი მოძებნა და პერუელმა გაიტანა.
და კანკავა – საყრდენი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თბილისის "დინამოს" 2004 წელს მიღწეულ წარმატებაში (უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა), შემდეგ ცოტა გაუჩინარდა და ხელახლა დაიწყო აღმასვლა, "დნიპროში" მოხვდა და იქ მიიღო მძიმე ტრავმა. 2-3 მატჩს ჩაატარებდა, შემდეგ 10 შეხვედრას ტოვებდა და ასე განვლო თითქმის სამმა წელიწადმა. დღეს, ჯაბა უკრაინულ პრემიერლიგაში საუკეთესო საყრდენად ითვლება და სიმბოლურ ნაკრებშიც თითქმის დაბარებულივით ხვდება.
ჩარლი ჩაპლინს აქვს ნათქვამი: "ვერასოდეს იპოვი ცისარტყელას, თუ მუდამ მიწას დაჰყურებ". სამწუხაროდ, ბევრი ჩვენიანი შეგუებულია თავის ბედს და სწორედ მიწას დაჰყურებს, წლიდან წლამდე ერთ დონეზეა, პანტა-პუნტით იცვლის გუნდებს, ამით კი, არც არაფერი ემატება და არც აკლდება, ერთ დონეზე დგას და მეტის ამბიცია არ გააჩნია.
ზოგს ნიჭი აკლდება, ზოგს მონდომება, ზოგს მოთმინება, ზოგს იღბალი, ზოგს მწვრთნელისგან ნდობა. ყველაფერი ერთად, გამონაკლისებს აქვთ.