16-18 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ დაბი ძიუდოში დიდ პრიზს უმასპინძლებს. 61 ქვეყნის ნაკრებს შორის კონკურენციაში პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი ქართული გუნდიც ჩაერთვება. ავსტრიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, არაბულ ტატამზე 6 ქართველი სპორტსმენი გავა. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება და საქართველოს სახელით ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და გიორგი შოშიაშვილი (66 კგ) იჭიდავებენ. 17 ოქტომბერს ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ქართველთაგან კი კიმონოს მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) მოირგებს. 18 ოქტომბერი დარჩენილ სამ წონას დაეთმობა და ზაიზენბახერის შეგირდთაგან საქმეში ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ) ჩაერთვებიან. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 81 და 100 კილოგრამში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება.
დიდი პრიზი ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირია. სარეიტინგო ქულათა დარიცხვით მსოფლიოს თასს ორჯერ აღემატება. ჩემპიონი ოქროს მედალთან ერთად 200 ქულასაც ინაღდებს. ვერცხლის პრიზიორს 120 ქულა ერიცხება, ბრინჯაოსანს – 80, მეხუთეადგილოსანს – 40, უქულოდ არც საწყის ეტაპებზე დამარცხებულები რჩებიან.
უკვე შედგა წილისყრა და ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობაც ცნობილია. ამირან პაპინაშვილი, რომელიც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგ-სიაში მე-7 ადგილზეა, აბუ დაბიში ჩასულ მსუბუქწონოსანთაგან ყველაზე მაღალრეიტინგიანია და შესაბამისად, პირველ ნომრადაც განთესეს. იგი დიდ პრიზს ამერიკელ აარონ კუნიჰიროსთან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი მერვედფინალში ყაზახ ასხატ ტელმანოვსა და მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. გიორგი შოშიაშვილიც მერვედფინალიდან ჩაერთვება ტურნირში, ოღონდ, პაპინაშვილისგან განსხვავებით, გაცილებით ძლიერი მეტოქე ეყოლება, იაპონელი მასააკი ფუკუოკას სახით. ამ წყვილიდან გასული სავარაუდოდ იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოს შეხვდება.
ნუგზარ ტატალაშვილს ოცდამეთორმეტედფინალში მოწინააღმდეგედ ავსტრიელი პეტერ შარინგერი ერგო. ამათ შორის მოგებულს მეორე წრეში გერმანელი კრისტოფერ ფიოლკი ელის.
ვარლამ ლიპარტელიანი შეჯიბრებაში პირდაპირ მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, მაროკოელ მოჰამედ ელ ასრისთან შეხვედრით. მერვედფინალში კი სავარაუდოდ ლიტველი კაროლის ბაუზასა და იაპონელი რიოჰეი ანაის შორის მოგებულს დაეჭიდება.
მძიმეწონოსანი ქართველები მეთექვსმეტედფინალით დაიწყებენ. ადამ ოქრუაშვილი ჰოლანდიელ ლუკ ვერბიჟს დაეჭიდება და თუ აჯობებს, უზბეკი ადილჟონ ტულენდიბაევისა და უნგრელი ბარნა ბორის წყვილში მოგებულს შეხვდება. ზვიად ხანჯალიაშვილს კი პირველ მეტოქედ ფრანგი მეთიუ თორელი ერგო. ამათ შორის გამარჯვებულს კი ან ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან მოუწევს მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა, ან მაროკოელ ელ მეჰდი მალკთან.
ოთარ მაღლაკელიძე







