კალათბურთი

4:34 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები “რეალს” ღირსეულად დაუხვდნენ

შერმადინის და სანიკიძის ჯამური მონაგარი 29 ქულა და 17 მოხსნაა


გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” მადრიდის “რეალს” დიდი წინაღმდეგობა გაუწია, თუმცა, ქართველ კალათბურთელთა ჩინებული თამაშის მიუხედავად, 68:75 წააგო. აღსანიშნავია, რომ “სამეფო კლუბმა” სხვადასხვა ასპარეზზე ზედიზედ 27-ე გამარჯვება იზეიმა, საიდანაც ესპანეთის ჩემპიონატზე 14 მოდის.

არაგონულ “პაბელონ პრინსიპე ფელიპეზე” ჩატარებული შეხვედრის სანახავად 10 853 მაყურებელი შეიკრიბა, შერმადინი და სანიკიძე კი სასტარტო ხუთეულში იყვნენ და საბოლოოდ, მასპინძელთა შორის საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტებიც აღმოაჩნდათ.

უკეთესი მონაგარი შერმადინს ჰქონდა, რომელმაც 26:06 წუთში 17 ქულა, 11 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და მოედანზე მყოფთაგან ერთადერთი გახლდათ, ვინც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.

ქართველმა ცენტრმა 13-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 გახლდათ, სანიკიძე კი მას 3 პუნქტით ჩამორჩა. ვიქტორმა 26:39 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, 4 სამქულიანი ააცილა, 1 შეცდომა დაუშვა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასკვნითი მეოთხედის წინ ანგარიში საყაიმო (54:54) გახლდათ, თუმცა, მადრიდელებმა საჭირო ჟამს გადამწყვეტი გაქცევა მოაწყვეს, 10 ქულით დაწინაურდნენ და მართალია, ბოლოსკენ სიტუაცია მცირედით ისევ დაიძაბა, “რეალს” გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვია.

ქართველ კალათბურთელთა გარდა, არაგონელთაგან ხორვატი დამიან რუდეზი გამოირჩა 17 ქულით, მადრიდელებს კი ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ვარსკვლავმა რუდი ფერნანდესმა ულიდერა. მან 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 21 ქულით მატჩის გმირი გახდა.

“სარაგოსამ” 7 მოგების ფონზე მე-7 მარცხი განიცადა და ტურის სხვა შეხვედრების გამართვამდე მე-8 ადგილზე იმყოფება. 6 გამარჯვებით და 8 წაგებით მე-12 პოზიციამდე დაქვეითდა ბექა ბურჯანაძის “კახასოლი”, რომელიც ტენერიფეში “იბეროსტართან” 59:75 დამარცხდა. ქართველ ფორვარდს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ესპანური ლიგის მე-15 ტურის მატჩები 11-12 იანვარს შედგება. 11-ში ”კახასოლი” სანტიაგო დე კომპოსტელას “რიო ნატურა მონბუსს” უმასპინძლებს, ხოლო 12-ში “სარაგოსა” მადრიდის “ესტუდიანტესს” ესტუმრება.

0.117664