მოლდოვის საფეხბურთო თასის 1/2-ფინალში ვერ გავიდა კიშინიოვის “ზიმბრუ”, სადაც კონსტანტინე გაბაშვილი, ბაქარ მირცხულავა და თორნიკე სტეფნიაშვილი გამოდიან.
კიშინიოველები სტუმრად “ტირასპოლთან” 0:2 დამარცხდნენ. “ზიმბრუს” სასტარტო შემადგენლობაში იყო გაბაშვილი, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს. სტეფნიაშვილი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. მირცხულავა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. კიშინიოველთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 33-ე წუთზე, გაბაშვილი მეტოქის მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. “ზიმბრუმ” გოლები 57-ე და 73-ე წუთებზე გაუშვა.
ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, 1/2-ფინალში უპრობლემოდ გააღწია. ტირასპოლელებმა საკუთარ მოედანზე ოტაჩის “ნისტრუ” 7:0 გაანადგურეს.
რიბნიცას “ისკრა-სტალმა”, სადაც სანდრო შუღლაძე ირჯება, შინ “მილსამისთან” 0:1 წააგო და თასის გათამაშებას გამოეთიშა. შუღლაძეს არ უთამაშია.