ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე ნოემბრის ბაშოზე ქართულმა სუმოისტებმა თავისებური სტარტი აიღეს. ბაშოს პირველ დღეს სამივე ქართველმა – ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ მარცხი იგემა, მეორე ტურში სამივემ გამარჯვებები იზეიმა, მესამეში კი ისევ ყველამ წააგო და შედეგად, უარყოფით ბალანსზეც გავიდა.
კომუსუბის წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე ვეტერან ოძეკი კაიოს გადაეყარა და იორიკირით დამარცხდა. 38 წლის ფუკუოკელმა მშობლიური პუბლიკა არ გააწბილა და 23 წლის ქართველი დოჰიოდან მიგი-უვატეთი (მეტოქის მავაშის დაჭერა მარცხენა ხელის ზემოდან) გაიყვანა.
ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე სეკივაკე კაკურიუა, რომელიც კიდევ ხუთ სეკიტორთან ერთად დაუმარცხებლის სტატუსს ინარჩუნებს. ქართველ გოლიათს 25 წლის მონღოლთან არცთუ კარგი მოგონებები აკავშირებს. გასული წლის იანვარში გორგაძე კაკურიუსთან იორიკირით დამარცხდა და გასულ სექტემბრის ბაშოზეც იგივე ილეთით წააგო.
მე-7 მაეგაშირა კიმურაიამასთან ოშიდაშით დამარცხდა ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია, რომელიც კოკაის შიკონათი ასპარეზობს. 29 წლის ქართველი კიუშიუზე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მისი შემდეგი მეტოქე კი არცთუ კარგ ფორმაში მყოფი (ზედიზედ სამი მარცხი) იაპონელი ვაკანოსატო იქნება. ქართველი სუმოისტი 34 წლის მოწინააღმდეგეს ბოლო წლის განმავლობაში ოთხჯერ გადაეყარა და ერთადერთხელ, უვატენაგეთი აჯობა. დანარჩენ შემთხვევებში ვაკანოსატომ იმავე უვატენაგეთი, იორიტაოშითა და ჰატაკიკომოთ მოიგო.
თანამემამულეთა დარად, 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (202 კგ.) წევრ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც ნოემბრის ტურნირს აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით შეხვდა. ექს-კომუსუბი აწ კი მე-8 მაეგაშირა შიმოტორიმ ჩინებული შეტევა განახორციელა და ქართველი დოჰიოზე უვატენაგეს საშუალებით დაანარცხა. გაგამარუს მდგომარეობის გამოსწორებას მე-9 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან ეცდება. ქართველი სეკიტორი 36 წლის მონღოლს კარიერაში პირველად გაეჯიბრება.
სენსაციური მარცხის შემდეგ, გონს მოსვლა მალევე მოახერხა იოკოძუნა ჰაკუჰომ. შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 63 გამარჯვების შემდეგ, “თეთრმა ფენიქსმა” იაპონელ კისენოსატოსთან წაიფორხილა და ლეგენდარული ფუტაბიამას მიღწევამდე (მიჯრით 69 მოგება) მცირედი დააკდლა. ცნობისთვის, თავად ფუტაბიამამ აღნიშნულ შედეგს სამი მარცხი მიაყოლა, ჰაკუჰო კი წარმატებულ სვლას მეორე დღესვე დაუბრუნდა. იოკოძუნამ პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ დასცა და დაწინაურებულთა დევნას განაგრძობს. ლიდერი კი, როგორც აღვნიშნეთ, ექვსია. ხსენებული კაკურიუს გარდა, 3-3 ბრძოლა ოძეკი ბალტმა და რიგითმა მაეგაშირებმა ტოკუსეგავამ, იოშიკაძემ, შოტენრომა და ოკინოუმიმ მოიგეს.







