ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშების 4 ტურის თავზე, წინ 2 მოჭადრაკე გაიჭრა და სასიხარულოა, რომ ორივე მათგანი ქართველია: ლევან ფანცულაია (2590) და ლუკა პაიჭაძე (2543).
გასულ ტურში ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით უკრაინელ ანდრეი ბარიშპოლეცს (2540) სძლია, პაიჭაძემ კი შავებით სომეხი ჰოვანეს არზუმანიანი (2137) დაამარცხა.
ქართველები უახლოეს კონკურენტებს – სომეხ ლევონ ბაბუჯიანს (2484) და კონსტანტინე შანავას (2550) 0.5 ქულით უსწრებენ. ამ უკანასკნელმა შავი ფიგურებით კიდევ ერთ სომეხ დავიდ შაჰინიანს (2383) მოუგო.
შემდეგ 3.0 ქულით კიდევ 9 მოჭადრაკე მოდის, რომელთა შორის 4 ქართველია: ინგა ჭარხალაშვილი (2328), შოთა აზალაძე (2498), მერი არაბიძე (2411) და ივერი ჭიღლაძე (2351).
მე-5 ტურში ცენტრალური პაიჭაძის და ფანცულაიას პარტია იქნება, შანავა კი ბაბუჯიანს ეთამაშება.