ჩოგბურთი

11:20 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ანტალიაში ყოჩაღობენ

 

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ანდრეი პლოტნი 6:3, 7:6 (7:3) დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ლიტველ ლუკას მუგევიჩიუსს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში ბასილაშვილმა და ამერიკელმა ადამ ელ მიჰდევიმ (მე-2 განთესვა) იმავე მუგევიჩიუსს და უკრაინელ იური კრივოის 6:2, 5:7, 11:9 კი სძლიეს, თუმცა, მეოთხედფინალში გერმანულ დუეტთან (ტომ შონენბერგი-ლენარტ ზინგა) 4:6, 1:6 წააგეს და შეჯიბრს გამოეთიშნენ.

ანტალიაშივე ქალთა 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალშია გასული ეკატერინე გორგოძე. მე-4 ნომრად მიჩნეულმა ქართველმა ჩოგბურთელმა მაროკოელი რიტა ატიკი 6:0, 6:4 დაამარცხა და ახლა, მე-7 განთესვის მქონე რუმინელ დიანა ბუზეანუსთან ჭიდილი ელის.

მერვედფინალში მე-8 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია ბელგიელ კიმბერლი ციმერმანს 7:6 (8:6)-ს უგებდა, როდესაც თამაში შეწყდა. ქართველი გოგონა გამარჯვებასთან ახლოსაა და თუკი მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, იქ პირველი რეიტინგის მქონე რუმინელ ანა ბოგდანს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირს არცერთი ქართველი ჩოგბურთელი აღარ შემორჩა. მეოთხედფინალში ქვაცაბაია და თურქი ესენ კოკჩე ბელგიელებთან (მარი ბენუა-ციმერმანი, მე-3 განთესვა) 3:6, 0:6 დამარცხდნენ, ხოლო გორგოძე და უკრაინელი ზაკარლიუკი (მე-4 განთესვა) იაპონელებს (ნაგი ჰანატანი-იოშიმი კავასაკი) ვერ გაუმკლავდნენ – 1:6, 3:6.

0.115063