ტოკიოს სუმოს კომპლექს ”რიოგოკუ კოკუკიგანში” მიიწურა სექტემბრის ბაშოს პირველი კვირა. ქართული სამეულიდან, ორმა - გაგამარუმ და ტოჩინოშინმა თავიანთი ბრძოლები წააგეს, კოკაიმ კი - გაიმარჯვა.
მე-15 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე გაგამარუ მე-11 მაეგაშირა იოშიკაზესთან დამარცხდა. ქართველი რიკიშის მეტოქემ, ილეთ ჰიკიოტოშით მოიგო - გაგამარუს მკლავი დაუჭირა, წონასწორობა დააკარგვინა და ძირს დასცა. ამგვარად, გაგამარუმ მესამე მარცხი იწვნია. მისი მომდევნო მეტოქე მე-12 მაეგაშირა ტაკეკაზე იქნება, რომელსაც 5 მოგება აქვს.
ტოჩინოშინი, ვინც მეორე მაეგაშირაა, ოძეკი ბარუტოსთან დამარცხდა. ამან ჩვენებურს ხელები შეუბორკა და ძალუმ მიაწვა დოჰიოს ნაპირისკენ. ქართველმა თავიდანვე დაკარგა საყრდენი და ამიტომ, მეტოქეს რიგიანად ვერც შეეწინააღმდეგა. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა ვაკანოსატოა, ვისაც შვიდივე ბრძოლა წაგებული აქვს.
კოკაიმ (სურათზე), ვინც ტურნირზე მერვე მაეგაშირას სტატუსითაა, ჰიკიოტოშით მოუგო მე-10 მაეგაშირა ჰოკუტორიკის. ქართველმა მეტოქეს მავაში დაუჭირა და თავიდანვე წონასწორობა დააკარგვინა, რის შემდეგაც, მისი დოჰიოზე დაგდება აღარ გასჭირვებია. ტურნირის მერვე დღეს, კოკაის მეტოქეობას მე-4 მაეგაშირა ამინიშიკი გაუწევს, ვისაც მასავით ხუთი ბრძოლა აქვს მოგებული.
შვიდი დღის შემდეგ, ტოკიოს ტურნირს დაუმარცხებლად სამი რიკიში - იოშიკაზე (მე-11 მაეგაშირა), ოძეკი კოტოოშუ და იოკოძუნა ჰაკუჰო ლიდერობენ. მხოლოდ თითო წაგება აქვთ ოძეკი ბარუტოსა და სეკივაკე ტოჩიოზანს, რომლებიც ამჯერად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.







