ფეხბურთი

12:54 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ლეგიონერთა ამბები

ბელარუსის პრემიელიგის მე-18 ტურში, ბრესტის “დინამომ”, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი ირჯება, საკუთარ მოედანზე “მინსკს” ვერ მოუგო – 1:1.

უჩა გოგოლაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე დათა სიჭინავამ შეცვალა. ოთარ ჩაფიძე ბრესტელთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “დინამოს” 17 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში, “ატირაუმ”, რომლის შემადგენლობაში გიორგი ფეიქრიშვილი თამაშობს, მეორეადგილოსან “ასტანას” სტუმრად 2:1 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი დაჰყო. “ატირაუს” 21 ქულა აქვს და 12 გუნდში მერვეა.

“ჟეტისუმ”, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, შინ “ტარაზს” ვერ მოუგო – 1:1. თეთრაძის გუნდი 20 ქულით მე-9 ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურში, ტალინის “ფლორა” გასვლაზე სილამიაეს “კალევთან” 1:2 დამარცხდა. ტალინელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გურამ მიქაძე, რომელიც 62-ე წუთზე ირაკლი ლოგუამ შეცვალა. “ფლორას” 40 ქულა აქვს და 10-გუნდიან მეისტრილიგაში მე-2 ადგილზეა.

“პაიდემ” ტალინის “კალევთან” სტუმრად 1:2 წააგო. თენგიზ ეთერია დამარცხებულთა 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. “პაიდე” 27 ქულით მე-5 ადგილზეა.

ფინეთის იუკონენლიგის (პირველი ლიგა) მე-16 ტურში, “კოოტეეპეემ” სიკ-ს სტუმრად 1:0 მოუგო. გიორგი ოსიტაშვილი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში მოხვდა, მაგრამ თამაშმა არ მოუწია. “კოოტეეპეეს” 27 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-4 პოზიციაზეა.

“კაიაანი” “ვიკინგიტს” ესტუმრა და 3:5 დამარცხდა. “კაიაანიში” კახა სამსონია თავიდან ბოლომდე გაისარჯა, ხოლო მისი გუნდი 9 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.


0.119342