ძიუდო

19:35 | 4.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტს საერთაშორისო სანქცია ემუქრება

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრს, ზურაბ ეპიტაშვილს სერიოზული სასჯელი ემუქრება. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენმა გასულ უქმეებზე, პრაღაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე – ევროპის თასზე, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილება კიმონოს გახდით და ტატამზე დაგდებით გააპროტესტა. ძიუდოს ევროპის კავშირის ხელმძღვანელობამ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას უკვე აუწყა, რომ ეპიტაშვილის მიმართ მკაცრი სანქცია დაწესდება.
“სპორტსმენი რომ დაისჯება, ეს გარდაუვალია. სავარაუდოდ, სანქციები ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი გუგავასაც შეეხება, რადგან მან ტატამიდან გასული ეპიტაშვილი ისევ ტატამზე არ შეაბრუნა” – განაცხადა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა კი მკაცრი განცხადება თავად ფედერაციის მისამართით გააკეთა:
“სამწუხაროდ, ძიუდოში მსგავსი გაუგებრობები და უდისციპლინობები იშვიათობა არაა. ამიტომ ჩვენი მხრიდან მიეცათ ბოლო გაფრთხილება. თუ ეს სიტუაცია საბოლოოდ არ დალაგდა, ჩვენი დამოკიდებულება ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ სხვაგვარი იქნება”.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ამ ინციდენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორიოდ კვირაში, პარიზში გასამართ კონგრესზე მიიღებს. ზურაბ ეპიტაშვილი სავარაუდოდ დისკვალიფიკაციით დაისჯება.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088752