საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა, თუმცა, გუნდის გასაკრიტიკებლად ენა არ მოგვიბრუნდება.
გია კაზანჯიანის გუნდმა ქვედა დივიზიონისთვის აშკარად ურთულეს ჯგუფში მეტოქეებს დიდი ბრძოლა გაუმართა და საბოლოოდ, მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო დაიჩაგრა.
ცნობისთვის, ტურნირის მასპინძელ მაკედონიასთან დასკვნით მატჩში ქართველ 16-წლამდელებს მიზნის მისაღწევად 15 ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ, რაც ურთულესი საქმე გახლდათ. საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა 10 ქულით – 87:77 მოიგო და საქართველოს, სლოვენიას და მაკედონიას ქულათა ერთნაირი მონაგარი აღმოაჩნდათ, ბურთების მიხედვით კი სანუკვარი მე-2 პოზიცია სლოვენიას ერგო.
ისიც ვთქვათ, პირველობა ისრაელის ჩინებულ ნაკრებს ერგო, რომელიც მოწინააღმდეგეებზე მთელი თავით მაღლა იდგა და ყველა თამაშიც მოიგო.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისგან დამაჯერებელ თამაშს მიჩვეულნი არ ვართ, ამდენად, ძალიან სასიხარულო იყო, რომ კაზანჯიანის შეგირდებმა არცთუ სუსტ ჩერნოგორიას მისსავე მოედანზე, უმრავლეს კომპონენტში აჯობეს.
ქართველმა ჭაბუკებმა მასპინძლებს ყველა მეოთხედი მოუგეს, მოხსნებში პირწმინდად დაჩაგრეს (58:38), ჩაჭრებში 10:6 იმარჯვეს და ორქულიანებშიც კარგი მაჩვენებელი ჰქონდათ – 22 41-დან, რაც 53.7%-ს შეადგენს.
მეტოქემ ორით მეტი სამქულიანი (9:7) კი ჩაგვიგდო, თუმცა, ეს წარმატებისთვის არ ეყო. ერთი საინტერესო დეტალიც. ქართველმა სათადარიგო კალათბურთელებმა 46 (!) ქულა ჩააგდეს, ჩერნოგორიელებმა კი – 17.
სტუმართა რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულეს გიორგი ცირეკიძემ (23 ქულა, 13 მოხსნა) და ლუკა ბულაშვილმა (17 ქულა, 10 მოხსნა), ხოლო ნიკოლოზ ლეონიძემ 16-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 22 ქულა დააგროვა.
ახლა, ევროპის ჩემპიონატის მონაწილენი მცირე პაუზას აიღებენ, 26 აგვისტოდან კი ქართველი 16-წლამდელები ტურნირის მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან.
ქართველთა მეტოქეები ესტონეთი, რუმინეთი და მაკედონია იქნებიან და კარგია, რომ ჩვენს გუნდს მაკედონიელებთან გამარჯვება გადაჰყვებათ.
ისრაელი | 4 | 4/0 | 340/232 | 8 |
სლოვენია | 4 | 2/2 | 306/264 | 6 |
საქართველო | 4 | 2/2 | 334/286 | 6 |
მაკედონია | 4 | 2/2 | 297/305 | 6 |
ნორვეგია | 4 | 0/4 | 157/347 | 4 |
სრული სტატისტიკა