იაპონიის ქალაქ ოსაკას პრეფექტურის ფიზკულტურისა და სპორტის სასახლეში გახსნილი მარტის ბაშო ქართული ტრიოსთვის წარმატებულად დაიწყო – ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ წლის მეორე სუპერტურნირზე გამარჯვებები იზეიმეს.
ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა – 22 წლის სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ პირველ ბრძოლაში აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა მიაბიამა იორიკირით დასცა.
დასავლეთის მე-6 მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ქართველმა 32 წლის ექს-ოძეკის ცუპარებით (კორპუსში ხელების მირტყმით მიძალება) მძლავრი შეტევა აგემა, “კეთილშობილ მთად” წოდებულ იაპონელის მავაში (საბრძოლო ქამარი) მარცხენა მხრიდან შეუტია და იორიკირით დაამარცხა.
ჩინებული სტარტი აიღო კოკაის შიკონათი ცნობილმა 29 წლის ლევან ცაგურიამ, რომელიც პროფესიული ქართული სუმოს პიონერად ითვლება. აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებამდე დაქვეითებულმა “შავმა ზღვამ” მაკუუჩის დებიუტანტი 26 წლის მონღოლი ტოკუსეგავა დოჰიოს ცენტრში გამოიჭირა და ჰატაკიკომით დასცა.
ძურიოს დივიზიონის მე-2 ნომრად მიჩნეულ იაპონელ ტოჩინონადასთან შერკინებაში იორიკირით იმარჯვა 22 წლის თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელსაც მე-3 რეიტინგი გააჩნია და ელიტაში აღზევების კანდიდატად ითვლება.
მარტის ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჰომაში იქნება, რომელსაც ქართველი სეკიტორი შარშან ორჯერ გადაეყარა და ივლისში განცდილი მარცხის შემდეგ, ნოემბერში რევანშის აღება შეძლო.
მე-13 მაეგაშირას ტიტულის მქონე ტოკიტენკუსთან მოსინჯავს ძალებს კოკაი. ცაგურიამ მონღოლთან 2009 წლის მარტისა და მაისის ბაშოებზე წააგო, მიმდინარე წლის იანვარში კი გამარჯვებას მიაღწია.
მძიმე ბრძოლა ელის გაგამარუს, რომელიც მეორე დღის შეხვედრას მე-2 განთესვის მქონე მასაცუკასასთან გამართავს. 2010 წლოს იანვრის ტურნირზე ქართველი იაპონელს პირველად გადაეყარა და მეტოქე კოტენაგეთი დასცა.
პირველად ბოლო 32 თვის განმავლობაში, ელიტარული სუმოს უმაღლეს სამ საფეხურზე მყოფმა ყველა სუმოისტმა ბაშო გამარჯვებით დაიწყო. ლეგენდარული მონღოლი ასაშორიუს დოჰიოდან წასვლის შემდეგ, ერთადერთ იოკოძუნად დარჩენილმა 25 წლის მონღოლმა ჰაკუჰომ 31 წლის კომუსუბი ამინიშინკი ოკურიდაშით დასცა. პირველი მოგებები მიითვალეს ოძეკებმა – ჰარუმაფუჯიმ, კოტოოშუმ, კაიომა და კოტომიცუკიმ და სეკივაკეებმა – ბარუტომა და ტოიონოშიმამ.







