შვეიცარიის ქალაქ ბერნში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში, ქართული დელეგაციიდან პირველები, ელისონ რიდი და ოთარ ჯაფარიძე ჩაერთვნენ, რომელთაც ყინულზე ცეკვებში საწყისი რაუნდები დასძლიეს და გადამწყვეტ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
ქართულმა წყვილმა ასპარეზობა წინასწარ ეტაპზე დაიწყო და 15 მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა, მოკლე პროგრამაში გადასასვლელად კი, მოწინავე რვეულში შესვლა იყო საჭირო. მსაჯებმა რიდსა და ჯაფარიძეს შეცდომებისთვის ორი ქულა დააკლეს, თუმცა, 66.24 ქულით (36.66 ტექნიკური ელემენტებისთვის, 31.58 პროგრამული კომპონენტებისთვის), მათ 8 კონკურენტის უკან მოტოვება მაინც მოახერხეს.
მოკლე, პროგრამის წინ, მონაწილეებს ქულები გაუნულეს და შეჯიბრიც ფაქტობრივად, თავიდან დაიწყო. ელისონსა და ოთარს ამჯერად მხოლოდ ერთი ქულა ჩამოაკლეს და 46.86 ქულა (26.58+21.28) დაუწერეს, რაც მე-16 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი. ქართველებმა ესპანურ, ბრიტანულ, შვეიცარიულ, ებრაულ და ესტონურ წყვილებს აჯობეს.
ცნობისთვის, თავისუფალი ცეკვის შერულების უფლება სწორედ ბალტიისპირულმა დუეტმა ვერ მოიპოვა, მოწინაცე ოცეული კი, გადამწყვეტ ასპარეზობაში 28 იანვარს ჩაებმება. რიდი და ჯაფარიძე კენჭისყრის შედეგად, პირველივე ჯგუფში მოხვდნენ და ყინულზე მე-2 ნომრად, ესპანელთა შემდეგ გავლენ. ამ დროისთვის, საუკეთესო შედეგი ფრანგებს პეშალასა და ბურზას (66.91) გააჩნიათ, მოწინავე ხუთეულში კი სამი რუსული წყვილი გახლავთ.
28 იანვარსავე, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ქართული ფიგურული სრიალის იმედი, ელენე გედევანიშვილიც, რომელიც 7 იანვარს 21 წლის შესრულდა. საკუთარი რეიტინგის წყალობით, ელენე წინასწარი რაუნდისგან თავისუფალია და პირდაპირ მოკლე პროგრამაში გახლავთ დაშვებული. შეგახსენებთ, რომ გასულ ევროპის ჩემპიონატზე, გედევანიშვილმა იტალიელი კოსტნერისა და ფინელი ლეპისტოს კვალად მე-3 ადგილი დაიკავა და საქართველოს ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოუტანა.







