სხვა

1:03 | 22.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი ევროპულ ოცეულშია, გედევანიშვილისგან მეტს ველით

ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის ყინულზე ცეკვის ქართულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე ორიგინალური პროგრამა შეასრულა და მართალია, 16 ფინალისტს შორის გასვლა ვერ მოახერხა, ესოდენ მაღალი რანგის ტურნირებისთვის საჭირო გამოცდილება მიიღო.
22 წლის ჯაფარიძე და 15 წლის რიდი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სულ ახლახანს მიიღო, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპირველობაში 20 იანვარს ჩაებნენ.
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, “საკუ სუურჰალ არენაზე” შესრულებული აუცილებელი პროგრამისთვის, ქართულმა დუეტმა 22.59 ქულა მიიღო და 27 წყვილს შორის 22-ე ადგილზე გავიდა.
ჯაფარიძემ და რიდმა გაცილებით უკეთ ისპარეზეს ორიგინალურ პროგრამაში, სადაც ტექნიკური ელემენტებისთვის – 26.00, ხოლო პროგრამული კომპონენტებისთვის 17.69 ქულა მიიღეს და ჯამურად 43.69 ბალი დაიმსახურეს, რაც 26 წყვილს (აზერბაიჯანულმა ტანდემმა ასპარეზობაზე უარი განაცხადა) შორის მე-18 შედეგი აღმოჩნდა.
ორი დღის მაჩვენებლების გათვალისწინებით, ქართულმა წყვილმა თავი 66.28 ქულას მოუყარა და ევროპის ჩემპიონატი მე-19 ადგილზე დაასრულა.
ცნობისთვის, ფინალის საგზური და თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება საუკეთესო 16-მა დუეტმა მიიღო, ქართველებს უკან კი სლოვაკური, დანიური, იტალიური, ბერძნული, ფინური, შვეიცარიული და ბელარუსული წყვილები აღმოჩნდნენ. 
თავისუფალი პროგრამის წინ საუკეთესო შედეგი (104.27 ქულა) რუსულ წყვილს (დომნინა-შაბალინი) გააჩნია, რომელსაც კვალში იტალიელები ფაიელა და სკალი (99.15) უდგანან.
თუკი ქართულმა წყვილმა ასპარეზობა უკვე დაასრულა, საქმეში დღეიდან ჩაებმება ქართული ფიგურული ციგურაობის ვარსკვლავი ელენე გედევანიშვილი, რომელიც თავის მე-5 ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
გედევანიშვილს 20 წელი 7 იანვარს შესრულდა. მისი საუკეთესო შედეგი სადებიუტო 2006 წლის ევროპირველობას უკავშირდება, სადაც ელენემ მე-5 პოზიცია დაიკავა, შარშან კი ქართველი გოგონა 25-ე ადგილზე აღმოჩნდა და ფინალს მიღმა დარჩა.
ქალთა მოკლე პროგრამაში მონაწილეობას 42 სპორტსმენი მიიღებს, გედევანიშვილი კი ბოლოსწინა მე-7 ჯგუფში მოხვდა და ყინულზე 36-ე ნომრად გავა. ქართველი გოგონა ჯონ დავენპორტის “ციებცხელების” მოტივებზე ისრიალებს, ხოლო თუკი ფინალში გააღწია ჟორჟ ბიზეს “კარმენის” მელოდიებზე იასპარეზებს.
ელენეს ჯგუფში ევროპის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008) იტალიელი კაროლინა კოსტნერი, ევროპის ჩემპიონი (2004) უნგრელი იულია სებესტიენი, ევროპის ორგზის ვერცხლის მედალოსანი (2007, 2008) შვეიცარიელი სარა მაიერი და ახალგაზრდათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (2009) რუსი ალიონა ლეონოვა მოხვდნენ.
ქალთა ტურნირის პირველი დღის შემდეგ, საუკეთესო 24 მონაწილე შეირჩევა, რომლებიც 23 იანვარს გასამართი თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლებას მიიღებენ.

 
დათო მანჯავიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090097