ძიუდო

17:19 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული უმედლობა გრძელდება

სამსუნში მიმდინარე გრან პრიზე დღეს მედლების ოთხი კომპლექტი თამაშდება – ჩემპიონ-პრიზიორები კაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში უნდა გამოვლინდნენ, ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. ჯერ მხოლოდ წინასწარი ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებისთვის საჭიდაო დღე უკვე დასრულებულია.

ყველაზე მოულოდნელი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილისა და ზებედა რეხვიაშვილის წარუმატებლობა იყო. ნაკრების გამოცდილმა წევრებმა თურქულ ტატამზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს.

შავდათუაშვილი პირველსავე წრეში თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან დამარცხდა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეტოქეს 5 წუთის განმავლობაში ერთი ილეთიც ვერ შეუსრულა, მაგრამ სამართლიანი მსაჯობის შემთხვევაში მეორე წრეში ჭიდაობის უფლება მაინც ულაპარაკოდ უნდა მოეპოვებინა. ტატამის მსაჯმა პირველი არაობიექტური გადაწყვეტილება შეხვედრის დასაწყისშივე მიიღო - თურქი ძიუდოისტის მიერ “მატეს” შემდგომ შესრულებული ილეთი მაინც შეაფასა და მსაჯთა მაგიდას იუკო ანიშნა. მათაც “მწვანე აუნთეს” და არც მაშინ გამოუთქვამთ პრეტენზია, როდესაც  მუდმივად გაქცევაზე ორიენტირებული ვანლიოღლუ გაფრთხილებების გარეშე აგრძელებდა ჭიდაობას. ოთხი წუთის განმავლობაში მსაჯმა მხოლოდ ორი შიდო გაიმეტა. არადა მინიმუმ მესამე წუთზე უკვე თავისუფლად შეეძლო, თურქი სპორტსმენი პასიურობის გამო მოეხსნა. საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე მასპინძელთა ფავორიტმა ფეხიდან შესრულებული აკრძალული ილეთით ლაშა შავდათუაშვილი ბეჭებზე დააგდო და რა თქმა უნდა იპონიც უპრობლემოდ დაუფიქსირეს.

რეხვიაშვილი გრან პრიზე პირველ ნომრად იყო განთესილი და შეჯიბრება გერმანელ კრისტოფერ ფოლეკთან შეხვედრით გახსნა. მეტოქეს თავიდანვე შეუტია და ორი შიდო მიაღებინა. მესამე წუთის დასაწყისში კი ვაზარზე დასცა და თითქოს საქმეც მოუმთავრა, მაგრამ ტაქტიკურ ჭიდაობას საქმის ვადაზე ადრე მომთავრება ამჯობინა და დაისაჯა. ჯერ იუკო და ვაზარი გაუშვა, ბრძოლის მიწურულს კი ვაბანკზე წასული სულაც სუფთა გდებაზე წამოეგო და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი უმალ დაკარგა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც თბილისის გრან პრის ფინალისტს, ამერიკელ ტრევის სტივენსს დაეჭიდა და უილეთო შეხვედრაში გაფრთხილებებით წააგო. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხე შიდო საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე მიიღო.

დღესვე საქმეში შორენა შარაძეც (63 კგ) ჩაერთო, მაგრამ საწყის ეტაპზევე იპონით დამარცხდა პოლონელ აგატა ოზდობასთან.

ტურნირი ხვალ დასრულდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), იოსებ მსხალაძე, გურამ თუშიშვილი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ).

0.120337