თუ სასწაული არ მოხდა, ნოემბრის ბაშოზე მოასპარეზე სამივე ქართველი სუმოისტი – ტოჩინოშინი, კოკაი და გაგამარუ ფინიშის სწორზე უარყოფითი ბალანსით ანუ მაკე-კოშით გავა, რაც ავტომატურად მათი წოდებაში დაქვეითების მომასწავებელია.
ქართველთაგან ყველაზე მაღალი ტიტულის (დასავლეთის კომუსუბი) მქონე ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ ზედიზედ მე-3, სულ კი მე-7 მარცხი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ასასეკირიუსთან განიცადა. 29 წლის მონღოლმა 23 წლის ქართველს უვატედაშინაგეთი სძლია და ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო.
ახლა, ტოჩინოშინის დადებით ბალანსზე გასასვლელად დარჩენილი ხუთივე ბრძოლის მოგება სჭირდება, რაც ქართველი გოლიათის ამჟამინდელი ფორმის ფონზე, არარეალურად მოსჩანს.
თუკი ლევან სასწაულთან შეჭიდება სურს, პირველ რიგში აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კისენოსატოს უნდა აჯობოს, რომელსაც ფუკუოკას ”კოკუსაი სენთერში” უკვე 7 ბრძოლა აქვს მოგებული და კაჩი-კოშისთვის ერთადერთი გამარჯვებაღა სჭირდება. ტოჩინოშინი 24 წლის იაპონელს ბოლო სამ ბაშოზე გადაეყარა და მხოლოდ ერთხელ აჯობა – ივლისში, იორიკირით.
მიჯრით მეოთხედ, ჯამში კი ასევე მეშვიდედ წააგო ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამაც, რომელიც კოკაის შიკონათი ასპარეზობს. 29 წლის “შავი ზღვა”, რომელიც აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებას ატარებს, დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკასთან კოტენაგეთი დამარცხდა და ტოჩინოშინის დარად, წაფორხილების უფლება აღარ აქვს.
კოკაის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა მოკონამი იქნება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართველი სეკიტორი 26 წლის მონღოლს ორჯერ გადაეყარა და ორჯერვე იორიკირით წააგო.
ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, მარცხი შეემთხვა ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (202 კგ.) წევრ თეიმურაზ ჯუღელსაც (აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა). გაგამარუს მეტსახელით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-14 მაეგაშირა მიაბიამასთან ჰიკიოტოშით წააგო. ცნობისთვის, მაინცდამაინც სიმსუბუქით არც 33 წლის იაპონელი გამოირჩევა. მიაბიამა 188 კგ-ია და მაკუუჩიში გაგამარუს გამოჩენამდე წონის მხრივ ლიდერადაც ითვლებოდა.
გაგამარუს 4 მოგების ფონზე 6 მარცხი კი მოუგროვდა, თუმცა, თანამემამულეთაგან განსხვავებით, მცირედით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება. ჯუღელს დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი ხუთი შეხვედრიდან ოთხის სათავისოდ დასრულება ესაჭიროება.
ჯუღელი შემდეგ ორთაბრძოლას დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ბუშუიამასთან ჩაატარებს. 34 წლის იაპონელს უკვე 8 შერკინება აქვს წაგებული და არცთუ კარგ ხასიათზე უნდა იყოს. ქართველმა სუმოისტმა მას მარტში იორიტაოშით სძლია, მაისსა და ივლისში კი, შესაბამისად, უვატენაგეთი და იორიკირით დამარცხდა.
წლის დასკვნითი სუპერტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის, ლიდერი კი კვლავაც ოთხია – იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები ბარუტო და კაიო და დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტოიონოშიმა. ამ კვარტეტის აქტივში 9-9 მოგებაა. სხვები დაწინაურებულებს უკვე მინიმუმ ორი გამარჯვებით ჩამორჩებიან და სავარაუდოდ, “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლაში ვეღარ ჩაებმებიან. შეგახსენებთ, რომ კიუშიუ ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 28 ნოემბერს დასრულდება.







