სხვა

17:11 | 15.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სოლიდარობა: ერთად ვიგებთ, ერთად ვაგებთ

ოსაკას ბაშოზე ქართველ სუმოისტთა წარმატებულ სტარტს შესაბამისი გაგრძელება ვეღარ მოჰყვა. თუკი, ტურნირის პირველ დღეს სამივე ჩვენებურმა გამარჯვება იზეიმა, ამჯერად მათ დოჰიო დამარცხებულებმა დატოვეს.
უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის შიკონათი მოასპარეზე ლევან გორგაძემ დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ჰომაშოსთან წაიფორხილა. იაპონელმა სეკიტორმა ოშიდაში გამოიყენა და დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდების მქონე 22 წლის ქართველი დოჰიოდან მაყურებლებში “გადაისროლა”.
იაპონიის ქალაქ ოსაკას ფიზკულტურისა და სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირის მე-3 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ტამავაში იქნება. ქართველი და მონღოლი შარშან ორჯერ შეიბნენ და თითო მოგება-წაგება გაცვალეს.
წარუმატებლობა შეემთხვა 29 წლის ლევან ცაგურიას იგივე კოკაის, რომელიც ოსაკაში აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობს და თუკი შეჯიბრი მაკეკოშით (უარყოფითი ბალანსი) დაასრულა, ძურიოს დივიზიონში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.
ქართული სუმოს პიონერმა მონღოლ ტოკიტენკუს პირველი დარტყმა კი აგემა, თუმცა, საპასუხო შეტევა გამოეპარა და ჰატაკიკომით წააგო.
“შავი ზღვა” მდგომარეობის გამოსწორებას დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკამისაკარისთან ეცდება, რომელსაც ზურგს ორი გამარჯვება უმაგრებს. 2009 წლის მარტსა და მაისში კოკაიმ “რობოკოპად” წოდებულ იაპონელს ორჯერ აჯობა, ნოემბერსა და 2010 წლის იანვარში კი წარმატებას უკვე ტაკამისაკარი აღწევდა.
დასანანი მარცხი შეემთხვა ძურიოში ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ 22 წლის ქართველ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. ჩვენებურმა მასაცუკასასკენ სწრაფი ნახტომი გააკეთა, თუმცა, მეტოქემ განზე გაცლა არჩია და ჰიტაკიკომით გამარჯვება მიითვალა. მაყურებლები ილეთ ტატიაი-ჰენკას, რომელიც მასაცუკასამ განახორციელა, ყოველთვის უარყოფითი რექციით ხვდებიან, თუმცა, ფაქტის ისაა, რომ იაპონელი დაუმარცხებლად დარჩა, ქართველს კი თანაბარი ბალანსი გაუხდა.
ძურიოში მე-3 განთესვის მქონე გაგამარუ მომდევნო შერკინებას მე-4 ნომრად მიჩნეულ ასოფუჯისთან გამართავს, რომელსაც ორივე შერკინება წაგებული აქვს. გასული წლის მარტში ოსაკაშივე, ასოფუჯიმ გაგამარუს უვატენაგეთი სძლია.
მაკუუჩის თავში მაქსიმალური შედეგით 11 სუმოისტი გახლავთ, რომელთა შორის იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკები კაიო და ჰარუმაფუჯი და სეკივაკეები – ტოიონოშიმა და ბარუტო იმყოფებიან. ოძეკებმა კოტოოშუმა და კოტომიცუკიმ მარტის ბაშოზე პირველად წაიფორხილეს.
ჰარუ ბაშოდ წოდებული წლის მეორე სუპერტურნირი ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 28 მარტამდე გასტანს.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093297