ფეხბურთი

19:15 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული შემოტრიალება: 1. "ამერი", 2. "დილა"...

 

ევროტურნირების ისტორიაში ორჯერ იყო შემთხვევა, როცა ქართულმა კლუბმა პირველი შინ წაგებული მატჩის შემდეგ მაინც გაიკვლია შემდეგი ეტაპისკენ. ეს მხოლოდ ორმა გუნდმა მოახერხა: 2006 წელს თბილისის "ამერმა" და 2012 წელს გორის "დილამ".

"ამერმა" უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ 0:1 წააგო სომხურ "ბანანცთან" და საპასუხო მატჩშიც მარცხდებოდა, მაგრამ მე-60 წუთზე რატი წინამძღვრიშვილმა გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში დენის დობროვოლსკიმ მეორე გაუტანა სომხებს და 1:2. გიორგი ჩიხრაძის გუნდი სტუმრად გატანილი გოლით გავიდა შემდეგ ეტაპზე, სადაც ბერლინის "ჰერტას" ღირსეულად ებრძოლა – სტუმრად ბოლო წუთზე გაუშვა გოლი (0:1), ხოლო შინ ორჯერ უგებდა გერმანელებს და საბოლოოდ 2:2-ს დასჯერდა.

საინტერესო ისტორია: "ბანანცთან" შინ მარცხის შემდეგ, "ამერის" პრეზიდენტმა ზურაბ ფოცხვერიამ გუნდის კაპიტან გიორგი დავითნიძეს ანახა... შვეიცარიაში გასამგზავრებელი ორი ბილეთი იქ წილისყრა უნდა გამართულიყო მომდევნო ეტაპისა. ფოცხვერიამ წინასწარ აიღო ბილეთები თავისთვის და კლუბის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბზიკაძისთვის. რა თქმა უნდა, ამ ბილეთებს ვერ დააბრუნებდა და ეს გუნდის ფეხბურთელებმა შეიტყვეს.  

ესეც მოტივირების ძალიან კარგი ხერხი იყო და საბოლოოდ, მშვენივრადაც გაჭრა. "ამერმა" სომხეთში მოიგო, გავიდა. ასე რომ, ფოცხვერია და ბზიკაძე წილისყრაზე ტყუილად არ წასულან...

"ამერი" "პირველი მერცხალი" იყო, რომელმაც გვაცნობა, რომ შინ წაგებული მატჩის შემდეგ, გასვლა შეიძლება. მეორედ კი ეს გორის "დილამ" მოახერხა შარშანწინ: ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილა" თბილისში 0:1 დამარცხდა კვიპროსულ "ანორთოსისთან". თბილისური თამაშის მიხედვით ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის გაწვრთნილები გასვლაზე სათავისოდ შემოატრიალებდნენ ბედს. რეალობა კი სხვა იყო.

კვიპროსზე პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი მათე ვაწაძემ გახსნა ანგარიში. საერთო ჯამში ანგარიში გათანაბრდა და დამატებითი დროისკენ მიდიოდა საქმე, მაგრამ მე-80 წუთზე ლაშა სალუქვაძემ თავით 0:2 გახადა ანგარიში, ორ წუთში ვაწაძემ ლამაზი გოლი მიითვალა და 0:3.

მატჩი ვერ დასრულდა, რადგან კვიპროსელმა ფანებმა სტადიონი დალეწეს, სკამებს ცეცხლს უკიდებდნენ და უმართავი სიტუაცია შეიქმნა. მსაჯმა თამაში შეწყვიტა. "დილას" 3:0 მოგება ჩაეთვალა.

ასევე, ერთხელ "ზესტაფონი" იყო ძალიან ახლოს: 2009 წელს ჰენრიკ ლარსონის "ჰელსინგბორგთან" შინ 1:2 წააგო და გასვლაზე 2:0-ს იგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებიულ წუთებზე გაუშვა გოლი და დამატებით დროში გადაიყვანა საქმე, იქ კი შვედებმა ერთი უპასუხო ბურთი გაიტანეს და საბოლოოდ, გავიდნენ კიდეც შემდეგ ეტაპზე.

მოკლედ, კინაღამ "ზესტაფონმაც" მოახერხა, თუმცა კინაღამ არ ითვლება და ისტორიას შემორჩა 2 შემთხვევა – "ამერისა" და "დილასი". იქნება მესამე თბილისის "დინამო"? საქართველოს ჩემპიონს შინ 0:1 აქვს წაგებული ყაზახურ "აქტობესთან", წინ კი საპასუხო მატჩია და ვნახოთ.

0.114126