საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებით, ავთანდილ ჭრიკიშვილით, ვარლამ ლიპარტელიანითა და ადამ ოქრუაშვილით დაკომპლექტებულმა თურქულმა კლუბმა “გალათასარაიმ”, ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მესამე ადგილით დაასრულა. სტამბოლში დღეს გამართულ ფინალურ ეტაპზე, მასპინძელთა გუნდს ფინალამდე ერთი ქულა დააკლდა – ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონთან, გერმანულ “აბენსბერგთან” 2:3 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი, ფრანგულ “ჩილი-მაზარინ მორგანსს” 4:1 სძლია და გამარჯვებაში მთავარი როლი ქართველებმა შეასრულეს. ჭრიკიშვილმაც, ლიპარტელიანმაც და ოქრუაშვილმაც იპონებით იმარჯვეს.
სტამბოლის “გალათასარაის” ღირსებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც იცავს, მაგრამ ტატამზე ტრავმის გამო ვერ გავიდა.
ფინალში “აბენსბერგმა” რუსულ “იავარა ნევას” 3:2 მოუგო. გადამწყვეტი ქულა გერმანელებს ჯარჯი ზვიადაურმა მოუტანა.
შეგახსენებთ, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი თურქეთში ნაკრების ანაკლიური შეკრებიდან ჩავიდნენ და უკან დღეს საღამოსვე ბრუნდებიან. ორივე, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე წასაყვან განაცხადშია შეყვანილი. ადამ ოქრუაშვილს კი, ეროვნულ გუნდში ადგილის დასაბრუნებლად, ბრძოლა ნოემბერში გასამართ საქართველოს ჩემპიონატზე მოუწევს.
ოთარ მაღლაკელიძე




