იანვრის ბაშოს მე-10 დღეს სამივე ქართველმა სუმოისტმა – ტოჩინოშინიმ, კოკაიმა და გაგამარუმ მარცხი განიცადა. ამგვარად, მაკუუჩიში მოასპარეზე ჩვენებურები ისევ რთულ მდგომარეობაში რჩებიან, “ძურიოს ქართველმა“ კი მეტოქეებთან სხვაობის გაზრდის შანსი გაანიავა.
საუბარს სწორედ გაგამარუს თემით განვაგრძობთ. 22 წლის თეიმურაზ ჯუღელი მორიგ საშეჯიბრო დღეს ერთპიროვნული ლიდერის რანგში შეხვდა, ძურიოს პირველი ნომრის ტოკუსეგავას სახით კი სერიოზული მეტოქე ჰყავდა.
29 წლის მონღოლი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის და ქართველთანაც თავგამოდებით იბრძოლა, რაც დაუფასდა კიდეც. ტოკუსეგავამ გაგამარუს მავაში მარჯვენა ხელით მოიგდო და ჩვენებური დოჰიოზე შიტატენაგეთი დაანარცხა.
ამგვარად, ჯუღელს 8 გამარჯვების წილ 2 წაგება მოუგროვდა და კონკურენტებს დაწევის შანსი მისცა, თუმცა, საბედნიეროდ, წარმატებას ვერც მათ მიაღწიეს.
ქართველის უახლოესმა მდევრებმა საკაიზავამ, სოკოკურაიმა და კიოკუნანკაიმ ასევე წაიფორხილეს და ახლა, ხსენებული ტოკუსეგავას, მასაცუკასასა და ოკინოუმის დარად, გაგამარუს თითო მოგებით ჩამორჩებიან.
ჯუღელს, რომელიც ძურიოში მე-13 ნომრით ირჯება, წოდებაში დაწინაურება განაღდებული აქვს, თუმცა, დივიზიონის მოგების შემთხვევაში, ეს წინსვლა გაცილებით ხელშესახები იქნება.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე, ქართველი სეკიტორის მორიგი მეტოქე ძურიოს მე-5 ნომერი ტოსანოუმი (6 მოგება, 4 მარცხი) იქნება. ჯუღელი იაპონელს კარიერაში პირველად ხვდება.
ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, მარცხის გემო გაიხსენა კოკაის შიკონათი ცნობილმა ლევან ცაგურიამ, რომელიც მაკუუჩიში აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება. “შავ ზღვად” წოდებულმა ქართული სუმოს პიონერმა მე-6 მარცხი განიცადა და კაჩიკოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად დარჩენილი 5 შერკინებიდან 4-ის მოგება მართებს.
გასულ ბრძოლაში ექს-სეკივაკე ვაკანოსატო ქართველ სეკიტორს მარცხენა მხრიდან ეძგერა და უძლიერესი უვატენაგეს საშუალებით სძლია.
28 წლის კოკაი შემდეგ ბრძოლას აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა ივაკიამასთან გამართავს. გასულ წელს, ცაგურია 33 წლის იაპონელს სამჯერ გადაეყარა და სამჯერვე გამარჯვებული გამოვიდა.
სამწუხაროდ, იანვრის ბაშო პირწმინდად ჩააგდო დასავლეთის პირველი მაეგაშირას სტატუსით მოასპარეზე ლევან გორგაძემ. ქართველი გულშემატკივარი ტოჩინოშინიდ წოდებული თანამემამულისგან კომუსუბობამდე აღზევებს ელოდა, თუმცა, ტურნირის სტარტზევე მიღებული მხრის ტრავმის გამო, მან სრული დატვირთვით გარჯა ვერ მოახერხა.
შედეგად, უკვე ათი დღის თავზე ტოჩინოშინის 8 მარცხი მოუგროვდა და მაკეკოში ანუ უარყოფითი ბალანსი გაიფორმა. გორგაძეს წოდებაში აუცილებლად დააქვეითებენ, თუმცა, ეს ვარდნა რა მასშტაბის იქნება, დარჩენილ ბრძოლებში ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
გასულ შერკინებაში, მაკუუჩის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი სეკიტორი 32 წლის იაპონელმა, ექს-ოძეკი მიაბიამამ ჰიკიოტოშით დაამარცხა. ტოჩინოშინი ვითარების მცირედით გამოსწორებას კომუსუბი კაკურიუსთან შერკინებაში ეცდება, რომელსაც 10-დან 4 შეხვედრა აქვს მოგებული.
მაკუუჩის სათავეში ორი ლიდერიღა დარჩა – მონღოლმა იოკოძუნებმა ასაშორიუმა და ჰაკუჰომ ტოკიოში მეცხრედ იმარჯვეს და ესტონელ სეკივაკე ბარუტოს, რომელმაც პირველ მაეგაშირა ტოიონოშიმასთან წაიფორხილა, ერთი მოგებით გაუსწრეს. ბალტიისპირელის, დარად 8 გამარჯვება და 2 წაგება მოუგროვდათ რიგით მაეგაშირებს ჰაკუბასა და ამინიშიკის.
ტოკიოს ბაშოს მე-11 დღეს ცენტრალური ასაშორიუსა და ბარუტოს შერკინება იქნება.







