“რიო დე ჟანეიროს დიდი სლემის ტუნისის დიდი პრიზით ჩანაცვლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ფინანსური მხარეა. ბრაზილიაში ნაკრების გამგზავრება ორჯერ და უფრო მეტად ძვირიც ჯდებოდა, ვიდრე ტუნისში. თუმც გადაწყვეტილების მიღებისას გუნდის მთავარი მწვრთნელის, ამირან ტოტიკაშვილის სურვილიც გავითვალისწინეთ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ.
9-13 სექტემბერს ტოკიოში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისი ქართველ ძიუდოისტებს წინასწარი გეგმით, 22-23 მაისს, ბრაზილიური ტურნირით უნდა დაეწყოთ, მაგრამ გეგმაში ცვლილება რამდენიმე დღის წინათ შეიტანეს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა ოფიციალურ კომენტარში მიზეზად ევროპის ჩემპიონატზე ნაჭიდავები სპორტსმენების ზედმეტად გადაღლისგან თავის არიდება დაასახელა. ფედერაციის ხელმძღვანელობასაც ამ უცნაური არგუმენტის ასახსნელად მივმართეთ.
“ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავად გადაწყვიტა, ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატისწინა მოსამზადებელი ციკლი ტუნისის დიდი პრიზით დაეწყო და ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯი იყო, რადგან 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო მარათონი სწორედ ტუნისში იხსნება. რაც შეეხება რიო დე ჟანეიროს დიდ პრიზს, მასზე გამოსვლა ძალიან დიდ ხარჯებთან კია დაკავშირებული, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება მცირე შანსი, რომ გუნდი ბრაზილიაშიც გაემგზავროს” – განაცხადა ალექსიძემ და იქვე დასძინა, ამჟამინდელი გეგმით, მსოფლიოს ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრები კიდევ ორ სალიცენზიო ტურნირზე გაემგზავრებაო. საუბარია 5-6 ივნისს, მადრიდში გასამართ მსოფლიოს თასსა და 3-4 ივლისის მოსკოვის დიდ სლემზე. სულ კი, მსოფლიოს პირველობამდე, ტუნისის დიდი პრიზის ჩათვლით, 9 საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელთა შედეგებიც ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგში აისახება.
ამ 9 ტურნირიდან ყველაზე მეტ სარეიტინგო ქულას რიო დე ჟანეიროსა და მოსკოვის დიდი სლემები გასცემს. ჩემპიონები 300 ქულას მიიღებენ, ვერცხლის პრიზიორები – 180-ს, ბრინჯაოსნები – 120-ს. მეხუთე ადგილზე გასულებს 60-60 ქულა დაერიცხებათ. უქულოდ არც საწყის ეტაპზე დამარცხებულები დარჩებიან. დარჩენილი 7 ტურნირი მსოფლიოს თასია, რომლებზეც ჩემპიონ-პრიზიორებიც და ყველა ეტაპზე წაგებულებიც ზუსტად ორჯერ ნაკლებ ქულას მიიღებენ. დიდი პრიზისა და მსოფლიო თასის ჩემპიონობა კი ერთად იძლევა იმდენივე სარეიტინგო ქულას, რამდენსაც ერთი დიდი სლემი და ამის გათვალისწინებით, ბრაზილიური ვარიანტის ჩაშლა განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.
აქვე ერთი საინტერესო სიახლეც, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას სპორტსმენი პირადად მიიღებს. საუკეთესო რეიტინგიანი ძიუდოისტის სხვა კანდიდატით ჩანაცვლების უფლება ნაკრების მწვრთნელსაც არ ექნება. თითოეულ წონით კატეგორიაში 22 რჩეული მოიპოვებს ლონდონის საგზურს, ხოლო თუკი ამ სიაში ერთი ქვეყნის ორი ან მეტი ძიუდოისტი მოხვდება, შანსი ოცდამესამე და შემდგომ ადგილზე გასულებსაც გაუჩნდებათ.
ორწლიანი სალიცენზიო ციკლი 2012 წლის 30 აპრილს დასრულდება. დასასრულს კი, მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილ სალიცენზიო ტურნირთა სრული სია:
8-9 მაისი დიდი პრიზი (ტუნისი)
15-16 მაისი მსოფლიოს თასი (კაირო)
22-23 მაისი დიდი სლემი (რიო დე ჟანეირო)
29-30 მაისი მსოფლიო თასი (სან პაულუ)
5-6 ივნისი მსოფლიოს თასი (მადრიდი)
12-13 ივნისი მსოფლიოს თასი (ლისაბონი)
3-4 ივლისი დიდი სლემი (მოსკოვი)
24-25 ივლისი მსოფლიოს თასი (ულან ბატორი)
26-28 აგვისტო მსოფლიოს თასი (მაიამი)
ოთარ მაღლაკელიძე







