ძიუდო

11:08 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ნახევარფინალი ჰავანაში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კუბაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – ჰავანის გრან-პრიზე 5 მედალი მოიპოვა და არა მარტო კაცების, არამედ შერეულ გუნდურ ჩათვლაშიც კი პირველი ადგილი დაიკავა.

ირაკლი უზნაძის გუნდის წევრთაგან გუშინ ტატამზე 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე 4 ძიუდოისტი გავიდა. ვარლამ ლიპარტელიანმა და ბექა ღვინიაშვილმა (ორივე 90 კგ), პოდიუმზე ასვლაც შეძლეს, ხოლო მძიმეწონოსნებს: ადამ ოქრუაშვილსა და ლევან მატიაშვილს საპრიზო სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ.

90 კილოგრამის ნახევარფინალში ნანატრი ქართული დაპირისპირება შედგა – ლიპარტელიანისა და ღვინიაშვილის საკმაოდ ლამაზი და დაძაბული შეხვედრის ბედი ერთადერთმა იუკომ გადაწყვიტა, რომელიც ლიპარტელიანმა მეხუთე წუთზე შეასრულა. ვარლამ ლიპარტელიანი ილეთამდე ერთი გაფრთხილებით იგებდა.

მსოფლიოს რეიტინგის ქართველმა ლიდერმა თანაგუნდელთან დაჭიდებამდე სერბი ალექსანდრ კუკოლჟის იპონით და შვეიცარიელი დომენიკ ვენზინგერის ვაზარით ძლევა მოასწრო. ფინალში კი ბრაზილიელ ტიაგო კამილო ოთხ წუთში ორჯერ დააგდო ვაზარზე და ჩემპიონის ტიტულთან ერთად 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

ღვინიაშვილმა ლიპარტელიანთან წაგების შემდეგ რეპეშაჟის ფინალში შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსს სუფთად სძლია. ასევე იპონ-იპონ ჩამოიშორა საწყის ეტაპზე სლოვენილი დავიდ კუკოვიცა და რუსი კირილ ვოპროსოვი. თან ამ ორი შეხვედრის მოსაგებად ორიოდ წუთი იკმარა.

მძიმე წონაში მოჭიდავე ქართველებისთვის ძირითად ბადეში დაუძლეველი ზღუდე ბრიტანელი კრისტოფერ შერინგტონი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა ოქრუაშვილს მეოთხედფინალში აჯობა სუფთად, ნახევარფინალში კი ლევან მატიაშვილი შებოჭა. ოქრუაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო და ბრაზილიელ ვალტერ სანტოსს აჯობა. პოდიუმამდე კი უნგრელი ბარნა ბორის ძლევა დააკლდა.

მატიაშვილმა ძირითად ბადეში სულ სამი შეხვედრა ჩაატარა: რამონ პილეტას და ვალტერ სანტოსს გასცდა. “ბრინჯაოს ფინალში” კი მასპინძელთა ჯილასთან – ოსკარ ბრისონთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ჰავანის გრან პრიზე სულ 5 მედალი მოიპოვა. ტურნირის პირველ ორ დღეს ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ჩემპიონები გახდნენ, ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა.

ირაკლი უზნაძის გუნდი კუბაში კიდევ ორი დღე დარჩება, საერთო სანაკრებო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. Mსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი უახლოესი ტურნირი კი 21-22 ივნისს ბუდაპეშტში გასამართი გრან პრია.

 

ძიუდო

ჰავანას გრან პრი

8 ივნისი

კაცები

 

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 ტიაგო კამილო (ბრაზილია)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)

 

100 კგ

1 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

2 ფლავიო ორლიკი (შვეიცარია)

3 ჰუგო პესანა (ბრაზილია)

3 ადლან ბისულტანოვი (რუსეთი)

 

+100 კგ

1 რენატ საიდოვი (რუსეთი)

2 კრისტოფერ შერინგტონი (ბრიტანეთი)

3 ბარნა ბორი (უნგრეთი)

3 ოსკარ ბრისონი (კუბა)

5 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

5 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

 

საერთო გუნდური ჩათვლა

 ო   ვ     ბ     V     VII

 

1      საქართველო                              3           0           2           3           0          
2 კუბა 2 2 4 3 5
3 საფრანგეთი 2 2 1 1 0

4

რუსეთი 2 0 6 2 2
5 გერმანია 1 1 3 2 0

 

სულ 39 ქვეყანა

 

 

0.121534