ჩოგბურთი

15:52 | 24.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული მერვედფინალი ყაზახეთში

ყაზახეთის ქალაქ ასტანაში მიმდინარე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში სამივე ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვება იზეიმა.

უკვე ვიუწყებოდით, რომ გიორგი ჯავახიშვილმა კვალიფიკაცია ვერ დასძლია, თუმცა, იგი ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა და ეს შანსი კარგად გამოიყენა.

ჯავახიშვილმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კუატბეკ აბიევს (ყაზახეთი) 7:6 (7:5), 6:4 სძლია და მერვედფინალში თანამემამულე გიორგი ცივაძეს გაეჯიბრება, რომელმაც “უაილდ ქარდის” მქონე სერიჟან იესენბეკოვს (ყაზახეთი) აჯობა – 6:1, 6:1.

მერვედფინალში ითამაშებს მე-4 ნომრად განთესილი ალექსანდრე მეტრეველიც. მან ასევე “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახი კაისარ ბეკიმოვი 6:2, 6:1 დაამარცხა. მეტრეველის მომდევნო მოწინააღმდეგე რუსი ალექსანდერ ვასილენკო იქნება.

წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში გიორგი ცივაძე და ყაზახი რომან ხასანოვი მე-2 განთესვის მქონე რუსულ-უზბეკურ დუეტს (ფუფიგინი-შოფაიზიევი) გაეჯიბრებიან.

ასტანაშივე ქალთა 10-ათასიანი ტურნირის საწყის შეხვედრაში მე-2 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ რუს მარია ცაკანიანს 6:2, 6:4 სძლია და მერვედფინალში რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ კსენია დმიტრიევას ეთამაშება.

უნგრეთის ქალაქ შიოფოკში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს წყვილთა თანრიგშიც გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. ის უკრაინელ განა პოჟნიხირენკოსთან ერთად მე-4 ნომრად გახლდათ განთესილი, თუმცა, რუმინულ-თურქულ დუეტთან (ბოგდანი-ოზგენი) 2:6, 4:6 წააგო.

თურქეთში, კერძოდ კი, ქონიას 10-ათასიან ტურნირზე წარუმატებლად ითამაშა ანა ქადაგიძემ. ერთეულებში იგი ბულგარელ ლიუბოსლავა პერუჰოვასთან დამარცხდა – 3:6, 0:6, ხოლო წყვილებში ქადაგიძე და თურქი ერემ აკიურტი თურქულ-რუმინულ დუეტს (აკდემირი-მოროი) ვერ გაუმკლავდნენ – 1:6, 0:6.

0.55173