ფეხბურთი

21:15 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლიგა ოქრო-ვერცხლით იწყებს

6 ოქტომბერს, თბილისში, სპორტკომპლექს “არენაში”, მინი-ფეხბურთში “ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის” მეექვსე სეზონი იწყება. სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციების სამოყვარულო გუნდები ორ ლიგაში უკვე გადანაწილდნენ და ჯგუფური ეტაპის თამაშებს ყოველი კვირის ბოლო დღეს ჩაატარებენ. ჩემპიონ-პრიზიორები შვიდი თვის შემდეგ, 2014 წლის მაისში უნდა გამოვლინდნენ.

“ოქროს ლიგაში” რვა გუნდი ითამაშებს: მოქმედი ჩემპიონი “ნატახტარი”, PSP, DHL Georgia, თთჩ (სატრანსპორტო კომპანია), საფეხბურთო კლუბი “ალგო”, “ერისთავის იურიდიული ჯგუფი”, პროგრესბანკი და საქართველოს უნივერსიტეტი.

“ვერცხლის ლიგაში” გამოვლენ: საქართველოს ბანკი, ვითიბი ბანკი, ქართუ ბანკი, “ნატახტარი 2”, BP Georgia, Georgian Manganese (ზესტაფონი), Georgian Manganese (ჭიათურა), “ერისთავის იურიდიული ჯგუფი 2”, “ლილო 1”, იუსტიციის სამინისტრო და საფეხბურთო კლუბი “უნივერსიტეტი”.

2014 წლის იანვრიდან, ჩემპიონატის პარალელურად თასის გათამაშებაც დაიწყება, რომელშიც “ოქროსა” და “ვერცხლის” ლიგის გუნდები ჩაერთვებიან. მარტიდან კი “ბრინჯაოს ლიგა” გახურდება. მონაწილეთა ვინაობა და რაოდენობა მოგვიანებით გაირკვევა. ამ ეტაპზე კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სხვა გუნდებს შორის, “ვერცხლის ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე მეცხრე-მეთერთმეტე ადგილზე გასული გუნდებიც იქნებიან.

“ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის” წლევანდელი სეზონი, საპრიზო ფონდით გამორჩეული იქნება წინა ტურნირებისგან. “ოქროსა” და “ვერცხლის” ლიგებში გუნდები ყოველ გამარჯვებაზე 150 ლარს გამოიმუშავებენ, ხოლო ყოველ ფრეზე – 50 ლარს.

ხვალ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წინასატურნირო პრესკონფერენცია და კენჭისყრა გაიმართა. ტურნირის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM GEORGIA-ს დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ და ტურნირის დირექტორმა გია ჯანგავაძემ, დამსწრეთ მომავალი სეზონის წინ რეგლამენტში განხორციელებული რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ აცნობეს.

“ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა” სეზონიდან სეზონამდე იხვეწება და საინტერესო ხდება. ეს აღმასვლა, მომავალ სეზონშიც აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ხარისხის მატებასთან ერთად, ტურნირის პოპულარობაც გაიზარდოს. მაყურებლებისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზებას ვგეგმავთ. ყოველი ტურის წინ დავარიგებთ სპეციალურ კითხვარებს, რომლებშიც დღის ყველა მატჩი იქნება შეტანილი და მაყურებლებმა პროგნოზები უნდა გააკეთონ. გამორჩეულ პროგნოზისტებს ტურნირის ტექნიკური პარტნიორის, სპორტული ეკიპირების ესპანურ ბრენდ JOMA-ს მიერ დაწესებული პრიზებით დავასაჩუქრებთ”, – განაცხადა ზაალ ჩიტალაძემ.

გია ჯანგავაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, კლუბების წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით სადისციპლინო კომიტეტი ჩამოყალიბდება, რომელიც წესრიგის დარღვევებზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს.

მეექვსე სეზონი დღეს, 14 საათზე, კომპანია PSP-სა და საფეხბურთო კლუბ “ალგოს” გუნდების შეხვედრით გაიხსნება. დღესვე, “ოქროს ლიგის” სხვა ორი მატჩიც გაიმართება. შუალედში კი, 16 საათზე, პარკეტზე შარშანდელი სეზონის ჩემპიონი და თასის მფლობელი გავლენ - “ნატახტარი” და “პატრული” ერთმანეთს სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან.

“ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“  მხარდაჭერით და სპორტულ სააგენტო SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება. ტურნირის ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA. საინფორმაციო პარტნიორები კი არიან: ინტერნეტ პორტალები www.worldsport.ge და  www.Geosports.ge და რადიო „კომერსანტი 95,5“.

დაბოლოს, ორივე ლიგის პირველი ტურის თამაშების განრიგი:

 

“ოქროს ლიგა”

6 ოქტომბერი

14:00   PSP – TTC (სატრანსპორტო კომპანია)

15:00   DHL Georgia - ერისთავის იურიდიული ჯგუფი

17:00   საქართველოს უნივერსიტეტი - პროგრესბანკი.

 

“ვერცხლის ლიგა”

13 ოქტომბერი

14:00   „ლილო 1“ - Georgian Manganese (ჭიათურა)

15:00   „ნატახტარი 2“- Georgian Manganese (ზესტაფონი)

16:00   საქართველოს ბანკი - იუსტიციის სამინისტრო

17:00   ს/კ უნივერსიტეტი - BP Georgia,

18:00   ქართუ ბანკი - „ერისთავის იურიდიული ჯგუფი 2“

(ვითიბი ბანკი I ტურში დაისვენებს).

0.114933