ფეხბურთი

14:46 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი გოლის გარეშე

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-16 ტურში, ყაზანის “რუბინი”, სადაც სოლომონ კვირკველია გამოდის, თავის მოედანზე “კრასნოდართან” 0:1 დამარცხდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა, რომელიც ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, შოტლანდიასთან და სლოვაკეთთან სათამაშოდაა გამოძახებული, თავიდან ბოლომდე იასპარეზა. “რუბინს” 17 ქულა აქვს და 16 გუნდში, მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილზეა.

მახაჩყალის “ანჟიმ”, რომლის ღირსებასაც გია გრიგალავა იცავს, სტუმრად პერმის “ამკართან” 0:1 წააგო. გრიგალავა შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო მისი გუნდი 6 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 23-ე ტურში, სარანსკის “მორდოვიამ” შინ ხაბაროვსკის “სკა-ენრგიას” 1:0 მოუგო. აკაკი ხუბუტია სარანსკელების 18-კაციან განაცხადში არ იყო. გოგიტა გოგუამ ხაბაროვსკელთა შორის პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა და 25-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ნავალოვსკი “სკა-ენერგიას” სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “მორდოვია” 19-გუნდიან გათამაშებას 49 ქულით ლიდერობს, ხოლო ხაბაროვსკელები 33 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან.

ნალჩიკის “სპარტაკმა” “სიბირი” მიიღო და 2:0 აჯობა. გუჯა რუხაია გამარჯვებულთა შორის 90-ე წუთზე გამოჩნდა, დავით სირაძე კი, სათადარიგოთა შორისაც არ იმყოფებოდა. ნალჩიკელებმა 23 ქულა დააგროვეს და მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლეს.

ორენბურგის “გაზოვიკი” სტუმრად ტულის “არსენალთან” 0:2 დამარცხდა. ზურაბ არზიანი ორენბურგელთა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “გაზოვიკი” 29 ქულით მეთერთმეტეა.

კალინინგრადის “ბალტიკამ” ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკს” უმასპინძლა და 1:0 აჯობა. მეკარე გიორგი შელიას კალინინგრადელთა შორის კვლავ არ უთამაშია, ხოლო მერაბ ურიდია “ნეფტეხიმიკში” 66-ე წუთიდან გამოჩნდა. “ბალტიკა” 31 ქულით მეცხრეა. “ნეფტეხიმიკს” 14 ქულა აქვს და მეთვრამეტეა.

ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ” თავის მოედანზე ნაზრანის “ანგუშტს” 1:0 სძლია. გურამ თეთრაშვილს გამარჯვებულთა რიგებში არ უასპარეზია. “ლუჩ-ენერგია” 24 ქულით მეშვიდეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურში, ლუგანსკში “ზორიამ” სიმფეროპოლის “ტავრიას” ვერ მოუგო – 0:0. ჯაბა ლიპარტიამ ლუგანსკელებში 57-ე წუთიდან ითამაშა. “ზორიას” 23 ქულა აქვს და 16 გუნდში მეშვიდეა.

“სევასტოპოლი” ოდესაში ადგილობრივ “ჩენომორეცთან” 0:2 დამარცხდა. მათე ღვინიანიძე სტუმართა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “სევასტოპოლი” 19 ქულით მეათეა.

განვლილ ტურში უსაქმოდ იყვნენ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ლეგიონერები ჯაბა კანკავა და ალექსანდრე კობახიძე. “დნიპროსა” და კიევის “არსენალის” დაპირისპირება არ შედგა, რადგან უფინანსობის გამო, კიეველები თამაშებზე არ დადიან.

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-18 ტურში, “მიკოლაევმა” სტუმრად “ნაფტოვიკ-უკრნაფტას” 2:1 მოუგო. გიორგი ჯგერენაიამ “მიკოლაევში” 57-ე წუთიდან ითამაშა.

პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-16 ტურში, ვარშავის “ლეგიამ” ლოძში ადგილობრივ “ვიძევს” 1:0 მოუგო. ლადო დვალიშვილმა ვარშაველთა შორის 90 წუთი ითამაშა. “ლეგიას” 36 ქულა აქვს და 16-გუნდიან გათამაშებას ლიდერობს.

დანიის სუპერლიგის მე-15 ტურში, “ორჰუსი” “ბრონდბიუს” ეწვია და 0:3 წააგო. დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე “ორჰუსელთა” რიგებში 66-ე წუთიდან გამოჩნდნენ. მათე ვაწაძე 18-კაციან განაცხადში არ შეუყვანიათ. “ორჰუსს” 21 ქულა აქვს და 12 გუნდში მეხუთეა.

კვიპროსის პირველი დივიზონის (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა” სტუმრად აელ-თან 0:1 წააგო. შოთა გრიგალაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “ანორთოსისს” 18 ქულა აქვს და 14 გუნდში მეხუთეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) დასკვნით ტურში დაუგავპილსის “დაუგავამ” სტუმრად “მეტასთან” 0:1 წააგო. ბიძინა ცინცაძე “დაუგაველთა” სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროისთვის დამატებულ მე-4 წუთზე გააძევეს. მამუკა ღონღაძე დაუგავპილსელებში პირველი ტაიმის მერე გამოჩნდა და 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. აწ დასრულებულ ჩემპიონატში “დაუგავამ” 52-ე ქულით მე-3 ადგილი დაიკავა.

ვირსლიგას დაემშვიდობა “ილუკსტესი”, რომელიც საკუთარ მოედანზე ლიეპაიას “მეტალურგსთან” 2:10 განადგურდა. გიორგი ტუხაშვილმა და ჯემალ ჯალიაშვილმა დამარცხებულთა შორის ორი ტაიმი ითამაშეს. მათ მსგავსად სასტარტოში მყოფი გიორგი ხუმარაშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს. “ილუკსტესმა” ჩემპიონატი 12 ქულით დაასრულა.

Lლიტვის ლიგაში (უმაღლესი ლიგა) ბოლო ტური გაიმართა და გარგჟდაის “ბანგა” კლაიპედაში “ატლანტასს” დაუზავდა – 1:1. თამაზ ჩარგეიშვილი გარგჟდაელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 88-ე წუთზე ვაჟა ბედოიძემ შეცვალა. ირაკლი ღერკენაშვილი “ბანგას” 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ბანგამ” ჩემპიონატში 35 ქულა დააგროვა და 9 გუნდში მე-6 ადგილზე გავიდა.

“ტაურასმა” შინ პანევეჟისის “ეკრანასთან” 0:1 წააგო. ირაკლი თვალავაძემ და გიორგი ჩარგაზიამ მასპინძლებში 90 წუთი ითამაშეს. “ტაურასმა” 11 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის მე-15 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუ” “მილსამის” ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. თორნიკე სტეფნიაშვილს “ზიმბრუში” არ უთამაშია. კიშინიოველებს 24 ქულა აქვთ და 12 გუნდში მე-7 პოზიციაზე არიან.

“შერიფმა”, სადაც სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია ტირასპოლში “ოლიმპიას” 3:0 აჯობა. ბექა ქართველიშვილი დამარცხებულთა შორის არ გამოჩენილა.  

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) უკანასკნელ ტურში “პაიდემ” შინაურ კედლებში ტალინის “კალევს” 1:0 სძლია. თენგიზ ეთერიამ გამარჯვებულებში 65-ე წუთიდან ითამაშა. “პაიდემ” 47 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 პოზიცია დაიკავა.

ბელარუსის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა ბრესტის “დინამომ”, რომელშიც უჩა გოგოლაძე ირჯება სტუმრად “ბელშინას” 4:0 მოუგო. ქართველი თავდამსხმელი თადარიგში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. ბრესტელებმა თავი 34 ქულას მოუყარეს და 12 გუნდში მე-9 ადგილზე არიან.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-16 ტურში, “ჰალეშერმა” გასვლაზე “შტუტგარტ კიკერსთან” 0:1 წააგო. აკაკი გოგიამ “ჰალეშერში” 90 წუთი იასპარეზა. “ჰალეშერი” 20 ქულით 20 გუნდში მე-13-ეა.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) “ლუზენაკმა”, რომელშიც ამირან სანაია ირჯება თავის მოედანზე “ლუჩონს” 1:0 აჯობა. ქართველი მარცხენა მცველი სასტარტოში იყო და 82-წუთზე შეცვალეს.


0.110155