ფეხბურთი

21:12 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: გოლი აზერბაიჯანსა და ლატვიაში

აზერბაიჯანის ჩემპიონატში კახა ცხადაძის "ინტერმა" შინ 3:2 სძლია "რავანს" და მეშვიდე ადგილზეა. ანგარიში მე-5 წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გახსნა. ეს მისი მეხუთე გოლია სეზონში. ცხადაძე ბოლო წუთებზე შეცვალეს, ალექსანდრე იაშვილი 58-ე წუთზე შევიდა მინდორზე, გიორგი ლომაიამ და ლაშა სალუქვაძემ კი შეუცვლელად ითამაშეს.

გერმანიის ბუნდესლიგაში "ჰერტამ" შინ 0:2 წააგო "შალკესთან" და მეექვსე ადგილზეა. ლევან კობიაშვილს არ უთამაშია – სათადარიგო გახლდათ. III ბუნდესლიგაში კი ლუკა ჰუფნაგელმა სასტარტოში, 70 წუთი ითამაშა "უნტერჰახინგის" შემადგენლობაში. "უნტერჰახინგმა" "ელვერსბერგთან" გასვლაზე ქულა აიღო (1:1) და მეხუთე პოზიციაზეა. 

უკრაინაში 'სევასტოპოლმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "ჰოვერლას" და მერვე ადგილზეა. მათე ღვინიანიძემ კვლავაც 90 წუთი ითამაშა.

სამაგიეროდ, კვლავ განაცხადს მიღმა დარჩნენ "ილიჩივეცის" ქართველები: თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე. კლუბის საიტის ცნობით, მათ ტრავმა არ მოუშუშებიათ. "ილიჩივეცმა" შინ 1:2 წააგო "ტავრიასთან" და მეათე საფეხურზეა.

ლატვიის ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა თორნიკე თარხნიშვილის "ვენტსპილსი", რომელმაც ბოლოსწინა ტურში შინ 3:0 სძლია "მეტას" და კვლავაც 2 ქულით უსწრებს თამაზ პერტიას გაწვრთნილ "სკონტოს". სულ ერთი ტური დარჩა და "ვენტსპილსი" მეოთხე ადგილზე მყოფ რიგის "დაუგავას" ესტუმრება, სადაც აუცილებლად მოგება დასჭირდება. თარხნიშვილმა "მეტასთან" ბოლო 12 წუთი ითამაშა.

"სკონტომ" გასვლაზე 3:0 აჯობა "სპარტაკსს". რიგელთა ქართველებიდან მხოლოდ ირაკლი კლიმიაშვილმა ითამაშა (შეუცვლელად). ლაშა დვალი, ლევან ჭაჭიაშვილი და ლადო დათუნაშვილი კი უთამაშებლები დარჩნენ. დვალს ტრავმა აქვს.

მესამე ადგილზე უკვე გავიდა დაუგავპილსის "დაუგავა", რომელმაც 6:1 სძლია აუტსაიდერ "ილუკშტესს". მოგებულთა შორის გიორგი ჩიხრაძე თავიდან ბოლომდე გაისარჯა, ბიძინა ცინცაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, მამუკა ღონღაძე კი მინდორზე არ გამოჩენილა. "ილუკშტესიდან" შეუცვლელად ითამაშა სამივე ქართველმა – გიორგი ხუმარაშვილმა, ჯემალ ჯალიაშვილმა და გიორგი ტუხაშვილმა. სტუმართა ერთადერთი გოლი ჯალიაშვილის ანგარიშზეა, კერძოდ, 28-ე წუთზე 1:1 გახადა ანგარიში.  

 

0.12555