ფეხბურთი

19:51 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: გოლებიც გამოერია

რუსეთში "რუბინმა" გასვლაზე 1:2 წააგო "ყუბანთან" და მეცხრე საფეხურზეა. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მამუკა კობახიძე სათადარიგო გახლდათ.

პირველ დივიზიონში "სკა-ენერგიამ" შინ 2:0 სძლია "ბალტიკას". პირველი გოლი გოგიტა გოგუამ გაიტანა – 47-ე წუთზე პენალტით. გოგუას გარდა, "სკა-ენერგიას" ქართველთაგან ითამაშეს კახა ალადაშვილმა (70 წუთი) და გუჯა რუხაიამ (შეუცვლელად).

ლიდერმა "ტოსნომ" 1:0 აჯობა "ტიუმენს". ნუკრი რევიშვილმა და გიორგი ნავალოვსკიმ შეუცვლელად ითამაშეს, ოთარ მარცვალაძე შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მიხეილ გორელიშვილმა 70-ე წუთზე დატოვა მოედანი.

"სახალინმა" სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" გასვლაზე 1:0 სძლია. სტუმართა გუნდში გიორგი კახელიშვილი არ გამოჩენილა, რადგან ტრავმა აქვს, ხოლო გოჩა ხოჯავა და ზურაბ არზიანი სასტარტოში იყვნენ და მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში შეიცვალნენ. "სახალინი" მე-15 ადგილზეა.

უკრაინაში "ილიჩივეცმა" გასვლაზე წააგო დონეცკის "მეტალურგთან" (0:3) და ბოლო ადგილზე დარჩა. "ილიჩივეცს" უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო კვლავ არ დაბრუნებია დავით თარგამაძე, სამაგიეროდ, ამ გუნდში 19 წლის ქართველმა ითამაშა – მცველმა ზურაბ ოჩიგავამ. ეს მისი დებიუტი იყო უკრაინის პრემიერლიგაში. 

უნგრეთში "დიორმა" გასვლაზე 3:2 სძლია "ნირედიჰაზას" და მეშვიდე ადგილზეა. გიორგი ქვილითაიამ ბოლო 13 წუთი გაატარა მინდორზე. შეხსენებისთვის, ოთხი დღის წინ, თასის შეხვედრაში "დიორმა" 4:1 იმარჯვა დიორმოტ-თან და ქვილითაიამ დუბლი შეასრულა.

ისრაელში დავით კირკიტაძის "ირონი ტიბერიასმა" შინ 0:1 წააგო ქვარ-სავას "ჰაპოელთან" და მეორე ლიგაში მე-13 ადგილზეა. კირკიტაძემ 90 წუთი ითამაშა. 

ქართული გოლები გავიდა შედარებით სუსტ ჩემპიონატებში: სომხეთში "ულისესმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "შირაქს" და გამარჯვებულთაგან ზამირ ჯანაშიამ და გიორგი ხუბუამ გაიტანეს. ასევე "ულისესშია" დავით ხურციძეც. ქართველთა გუნდი 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს.

ესტონეთში "ლოკომოტივმა" "ტრანსს" 3:2 სძლია და გადამწყვეტი გოლი 85-ე წუთზე ლაშა ნავერიანმა გაიტანა. ნავერიანი 24 წლის ფორვარდი გახლავთ.

ალბანეთში "ფლამურტარიმ" გასვლაზე 2:0 სძლია "ენბასანის" და ნიკა გელაშვილმა გაიტანა 90-ე წუთზე. საქართველოს ნაკრების ფორვარდს 5 მატჩში 2 გოლი აქვს აქტივში, "ფლამურტარი" კი ლიდერობს.

0.173935