ქართული ფეხბურთი საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ჩიხში რომ არის და წლების განმავლობაში იმედგაცრუება ტრადიციად გვექცა, ეს სიახლე არ გახლავთ.
საზოგადოებაში წარუმატებლობის მრავალი მიზეზი სახელდება: სპორტის სამინისტრო, ფეხბურთის ფედერაცია, მწვრთნელები, ფეხბურთელები, გულშემატკივარი, ჟურნალისტები და ა.შ.
ჩემი აზრით, ამ უძრაობაში ცოტ-ცოტა წვლილი ყველას მიგვიძღვის. არ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რატომ ვართ ასეთ დღეში, რადგან ზოგადად ამოუწურავი თემაა და ყოველდღიური რეალობა. მინდა იმ მიზეზთა შორის ერთ-ერთზე ვისაუბრო, რითაც კარგად ჩანს თუ როგორი დამოკიდებულებაა საქართველოში ფეხბურთის მიმართ –დღევანდელი თემა ქართული კლუბების საიტებია.
მოგეხსენებათ, სტადიონის აშენებას ან რეკონსტრუქციას დიდი თანხები სჭირდება, თან როცა სახელმწიფო ცუდ დღეშია ზოგჯერ გასაგებია მიზეზები თუ რატომ ვთამაშობთ რიგ თამაშებს ორღობეში. ნორმალური ფეხბურთელის ყიდვასაც კარგი ანაზღაურება და პირობები უნდა, აქაც ფინანსებია პრობლემა, მაგრამ საიტების შემთხვევაში არამგონია ვინმემ თავი გაიმართლოს, რადგან ნორმალურად გამართულ ქართულ საფეხბურთო საიტს, სადაც ყოველდღიური სიახლე და ანგარიში გამოქვეყნდება, მილიონები ნამდვილად არ ჭირდება. აქ საქმე უფრო ზერელე მიდგომასთან გვაქვს.
უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 12 გუნდიდან 3-4 გუნდს თუ აქვს გამართული ვებგვერდი, დანარჩენ საიტებზე ისეთი ფეხბურთელების სახელ-გვარებს ნახავთ, რომლებიდანაც ზოგი სულ სხვა კლუბში თამაშობს, ზოგმა კი საერთოდ დაანება ფეხბურთის თამაშს თავი. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციით რომ დაინტერესდე ან ფეხბურთელს უნდა დაურეკო ან მწვრთნელს...
პირველ ლიგაზე საუბარი ზედმეტია, იქაც ორიოდე გუნდს თუ აქვს საიტი. რაც შეეხება მეორე ლიგას, ამ ტურნირში მოასპარეზე გუნდების შესახებ ინფორმაციის მოძიება გამოცდილ დეტექტივსაც გაუჭირდება.
ამ თემასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა "მსოფლიო სპორტთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმაც:
“უმაღლესი ლიგის 12 კლუბიდან რამდენს აქვს ნორმალური საიტი? რაიმე ინფორმაცია რომ დაგჭირდეს კლუბზე, სად უნდა ნახო, თუარა ამავე კლუბის საიტზე? მაგრამ არაა. ცალკე სათქმელია სატელევიზიო კუთხით მუშაობაზე და იმედია, თანხა ამაზეც იქნება გათვლილი"
საიტებთან მიმართებაში გამოსავალი არც ისე რთულია, იმ უწყებებმა, რომლებსაც ევალებათ ეროვნული ჩემპიონატის კლუბების კონტროლი, უნდა მისცენ ხელმძღვანელობას შესაბამისი მითითება და უნდა იყოს მოთხოვნა, მინიმუმ უმაღლეს ლიგაში მონაწილე ყველა გუნდს ჰქონდეს ”ნორმალური” საიტი.
შეიძლება ვინმემ თქვას, ნეტა მარტო საიტი იყოს პრობლემა ქართულ ფეხბურთშიო. თუმცა მათ საპასუხოდ ვიტყოდი, თითოეული ასეთი დეტალისგან შედგება ფეხბურთი და როცა ასეთი მარტივი დეტალიც მოშლილია, ძნელია მექანიზმზე იფიქრო.
იმედია უახლოეს მომავალში ყველა ქართულ კლუბს თავისი საიტი ექნება, საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე წარმატებებს მივაღწევთ და ქართველ გულშემატკივარს აუხდება წლების განმავლობაში აუხდენელი სურვილები. მთავარი სწორი მიდგომა, პროფესიონალიზმი და სამშობლოს სიყვარულია.
ედემი ელერჯია