საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა შაბათს აღებული ტემპი არც კვირას დააგდო და უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ აღებულ თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს, დღევანდელი ოქრო-ვერცხლი შემატა. ჩვენი დელეგაციისთვის ტრიუმფალური 90 კგ. წონითი კატეგორია აღმოჩნდა, სადაც ქართულ ფინალში გურამ თუშიშვილმა შალვა ჩოჩელი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე ხუთ-ხუთი ბრძოლა ჩაატარეს და არცერთი ქულა (!) არ დაუკარგავთ. თუშიშვილმა საწყის რაუნდებში რუს ალექსანდრ გრაჩევს, იტალიელ დავიდე პოცის, აზერბიჯანელ ჯალილ შუქუროვსა და გერმანელ ლეონ შტრუბერს აჯობა, გადამწყვეტ შერკინებაში კი თანამემამულეს ორი გაფრთხილება მიაღებინა.
თავის მხრივ, ჩოჩელმა გზიდან სერბი ნემანია ნიკოლიჩი, ამერიკელი მეტიუ კოხი და რუსი ახმედ მაგომედოვი ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი იაპონელი ჯოუბუ ებატა, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ჰანტეით დაამარცხა. როგორც აღვნიშნეთ, ფინალში პასიურობისთვის შალვა ორჯერ გააფრთხილეს, რაც ავტომატურად იუკოში გადაიზარდა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ივნისში მალტის ქალაქ კოტონერაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩოჩელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუშიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ქართველმა ძიუდოისტებმა მძიმე წონაშიც იასპარეზეს, თუმცა, წარუმატებლად. ზაზა ხუბულური პირველივე რაუნდში კორეელ ჰიუნბინ ჩოსთან ”სუფთად” დამარცხდა, ხოლო ევროპირველობის ვერცხლის მედალოსანი გიორგი ლაზუაშვილი ფრანგმა სიმონ ჰამელმა დააიპონა.
ვაჟების საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და იაპონიის გუნდის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. აზიელთა აქტივში 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო გახლდათ.







