საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის ბერლინში ჩატარებული ორდღიანი საერთაშორისო ტურნირის - “ევროპის თასის” მეორე დღე პირველზე გაცილებით შედეგიანი გამოდგა. 4 აგვისტოს გერმანულ ტატამზე გია გუგავას გაწვრთნილი გუნდის თოთხმეტი წევრი გავიდა და რვა მათგანმა მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. შეგახსენებთ, 3 აგვისტოს კვარცხლბეკზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლევან გუგავა (73 კგ) ავიდნენ. ორივე მესამე საფეხურზე.
ყველაზე შთამბეჭდავი ქართველი მძიმეწონოსნების ჭიდაობა იყო. გუგა კიბორძალიძეს რომ მეოთხედფინალში ფრანგი ნაბილ ზალაჟი დაემარცხებინა, ნახევარფინალურ წყვილებს მთლიანად საქართველოს ნაკრების წევრები შეავსებდნენ. სწორედ კიბორძალიძე დარჩა საბოლოოდ სამპრიზო სამეულს მიღმა – იქაც ერთადერთი მოგება დააკლდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა. გიორგი ზაქარიაძე, ლევან მატიაშვილი და როსტომ ხახალეიშვილი კი შინ მედლებით ბრუნდებიან. რა გასაკვირია, რომ ბერლინის “ევროპის თასი” საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა, გიორგი ზაქარიაძის დასაფასებლად.
ზაქარიაძემ ფინალში ლევან მატიაშვილს ერთით ნაკლები გაფრთხილების ხარჯზე აჯობა. იქამდე კი ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. ბრაზილიელ რუან სილვას მესამე წუთზე შეუსრულა იპონი, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ რუსეთის ნაკრების წევრ ანტონ კრივობოკოვს ვაზარით სძლია, გერმანელ ბენჟამინ ბუიზგარნს წუთნახევარი აკმარა. ნახევარფინალში კი თანაგუნდელი როსტომ ხახალეიშვილი მსაჯმა მეოთხე გაფრთხილების გამო მოუხსნა. მატიაშვილმა ფინალის გზაზე სამი სუფთა გამარჯვება მოიპოვა. რუს ალექსეი საპუნოვს 59 წამში გასცდა, ჰოლანდიელ ჰენკ ვან არნემს – 50 წამში, კიბორძალიძის მომგებ ფრანგ ნაბილ ზალაჟს კი ორ წუთსა და 49 წამში.
საქართველოს ნაკრები მძიმე წონაში სამივე სინჯის თითო მედალს რომ აიღებდა, ფინალური ბლოკის დაწყებამდე გახდა ცნობილი – რეპეშაჟის ფინალში ერთმანეთს სახელოვანი ქართველი ძიუდოისტების დავით ხახალეიშვილისა და აკაკი კიბორძალიძის ვაჟები დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი როლი ამ შეხვედრაშიც ერთმა შიდომ შეასრულა, ხახალეიშვილის სასარგებლოდ.
90 კილოგრამი წონითი კატეგორიაც ქართული ფინალით დაგვირგვინდა – ბექა ღვინიაშვილი ლაშა ტაველურს დაეჭიდა და... “ევროპის თასის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ყველა შეფასების ილეთი შეუსრულა. ამ შეხვედრამდე ღვინიაშვილმა ოთხი მეტოქე დაამარცხა: უნგრელი ლასლო რაბაი 2 წუთსა და 43 წამში გააკრა ტატამს, თურქ ოგუზან ეფემგილას წუთსა და 25 წამში მოუმთავრა საქმე, აზერბაიჯანელ ფირუდინ დადაშოვს კი სულაც 18 წამი აკმარა. მხოლოდ ნახევარფინალში, ფინელი სამული ვიიტანენის წინააღმდეგ დასჭირდა სრული საჭიდაო დროის ტატამზე გატარება, ოღონდ პრობლემა არც ამ შემთხვევაში შეჰქმნია – მოწინააღმდეგეს ვაზარი და 3 იუკო შეუსრულა.
ტაველურიც ბრწყინვალე ჭიდაობით მივიდა გადამწყვეტ ბრძოლამდე. სომეხი ედიკ პეტროსიანი, თურქი ნურეტინ იელბოი და ჰოლანდიელი მიხელ ვერჰაგენი იპონ-იპონ ჩამოიშორა. უნგრელ კრიშტიან ტოთს კი ვაზარ-იუკოთი მოუგო.
ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ილია მალვენიშვილმაც იჭიდავა, მაგრამ ძირითად ბადეშიც და რეპეშაჟშიც გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულა.
81 კილოგრამში მოჭიდავე უშანგი მარგიანს ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა. ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგო და საერთო ჯამში რვაწუთნახევარი დახარჯა. აქედან შვიდ წუთზე მეტი გერმანელ მეტოქეებს: მაქს ვესტერკამპსა და ტომ გოერლიცს დაახარჯა. ბრიტანელ მაქს სტიუარტს 40 წამში მოუმთავრა საქმე, აზერბაიჯანელ აბდულჰაგ რასულუს – 20 წამში, ხოლო რუს დიმიტრი ზუევს სულაც 13 წამში, თან იპონამდე ვაზარის შესრულებაც მოასწრო.
ამავე წონაში კიმონოები თეიმურაზ ხაჩიძემ, ბექა დონღვანმა და ნიკოლოზ ციმაკურიძემაც მოირგეს. მათგან უკეთესი შედეგი ხაჩიძემ აჩვენა, რომელიც ძირითად ბადეში მეოთხედფინალამდე მივიდა, რეპეშაჟში კი ფინალამდე, მაგრამ საპრიზო სამეულამდე ერთადერთი მოგება დააკლდა და მე-5 ადგილი დაიკავა.
100 კილოგრამში გურამ თუშიშვილი და თორნიკე ოთინაშვილი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ. გიორგი სეტიელი კი მე-7 ადგილს დასჯერდა.
თუშიშვილმა ჩემპიონობის შანსი პირველსავე მეტოქესთან – გერმანელ ლეონ შტრობერთან ორ წუთში წაგებით დაკარგა. მოგვიანებით დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო და ბრინჯაოს გზაზე რუსი ოლეგ აბაევი და გერმანელი მარიუს პიპკე იპონებით ჩამოიცილა, ხოლო ფრანგ ნაბილ მაჩტრუს ვაზარი შეუსრულა.
ოთინაშვილისთვისაც შტრობერი აღმოჩნდა დაუძლეველი ზღუდე. ეს შეხვედრა ნახევარფინალში შედგა და გერმანელმა მომგებიანი ვაზარი ოქროს დროში შეასრულა. შტრობერთან დაჭიდებამდე თორნიკე ოთინაშვილმა მასპინძელთა ნაკრების ორი წევრი: დავიდ ჰეფნერი და მარიუს პიპკე იუკოებით დაამარცხა, იტალიელ ანტონიო სკიალას კი ორ წუთში ოთხი გაფრთხილება მიაღებინა.
2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მომგებმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვაჟებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 31 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ძიუდო
ბერლინის “ევროპის თასი”
4-5 აგვისტო
საერთო გუნდური ჩათვლა. ვაჟები
ო ვ ბ V VII
1 | საქართველო | 2 | 3 | 5 | 4 | 2 |
2 | გერმანია |
1 | 1 | 1 | 0 | 3 |
3 | რუსეთი | 1 | 0 | 3 | 1 | 2 |
4 | აზერბაიჯანი | 1 | 0 | 2 | 0 | 3 |
5 | რუმინეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 |
6 | ბრიტანეთი | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
7 | თურქეთი |
1 | 0 | 0 | 0 | 0 |