სან მარინო, ანდორა – ეს ორი ნაკრებია, რომლებსაც ამ შესარჩევ ციკლში საქართველოზე ნაკლები გოლი აქვთ გატანილი. კიდევ, ფარერებსა და ლიხტენშტეინს აქვთ 3 გოლი, დანარჩენებს კი, სულ მცირე, 4 ბურთი აქვთ აქტივში.
მართალია, გაშვებულიც ბევრი არ გვაქვს (8), მაგრამ ის, რომ ნაკრებმა 7 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, ძალიან ცუდი ფაქტია. ამ 3 გოლიდან, ერთიც არ გაუტანია თავდამსხმელს.
ქართული ფეხბურთის ცუდი პერიოდი გრძელდება. აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, ქართული კლუბებისა და ნაკრების შედეგებს რომ გადახედო, კატასტროფულია – რამდენი ხანია, გოლი არ გვახსოვს. კლუბებმა იყო და ევროპის ლიგის ფლეი-ოფი საერთო ჯამში 0:12 წააგეს, ნაკრებმა კი ზედიზედ მესამე მატჩში ვერ შესძლო გოლის გატანა და ბოლო ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი ფრე აქვს.
როგორ გვეგონა, რომ საფრანგეთთან 0:0 რაღაც მუხტს შემატებდა გუნდს, მაგრამ “მსოფლიო სპორტის” საიტზე ასევე ვწერდით, რომ ფინეთთან არანაკლებ რთული შეხვედრა იქნებოდა და არავის არ უნდა ეფიქრა, რომ “მამლებთან” ფრე “ჭოტებთან” (ფინეთის ნაკრების მეტსახელი) გამარჯვების გარანტია იქნებოდა. არა, შორს ვართ იმ აზრისგან, თითქოს თემურ ქეცბაიას გუნდმა ეიფორიის გამო წააგო. რა ჰქონდათ საეიფორიო?..
მსაჯი: მას შეეძლო, თარგამაძის ხელზე თვალი დაეხუჭა, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა მსაჯს თუ მოუნდება დანიშნავს, თუ არა, ვერავინ მოედავება. ფინელთა რუსმა ნახევარმცველმა რომან ერიომენკომ შანსი არ დაუტოვა ნუკრი რევიშვილს, მალე კი საშინელი 5-წუთიანი მონაკვეთი მორიგი ხათაბალათი დასრულდა – კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც საფრანგეთთან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ზედიზედ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. აქ მსაჯს ნურავინ მოედავება, ჯაბას ორივე ყვითელი სამართლიანი იყო.
და სადაც მსაჯზეა საუბარი, ტეემუ პუკის არჩათვლილი გოლიც ვახსენოთ – ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი ხაზს შიგნით დაეცა. ამ დროს ფინელები უკვე იგებდნენ.
და საერთოდაც, რა უნდას ვთქვათ თამაშზე, რომელშიც მასპინძელი გუნდი, რომელსაც ცხრილის მიხედვით მოგება მეტოქეზე მეტად სჭირდება, პირველ სახიფათო მომენტს მეორე ნახევრის შუაწელს შექმნის? ოქრიაშვილმა ახლოდან ააცილა და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო პირველი და ბოლო შანსიც. არ ვთვლით ისეთ შეტევებს, რომელზეც ფინელთა მეკარე არ გადამხტარა.
პირველივე ტაიმში ჩანდა, რომ სტუმრები უკეთესად იყვნენ შეთამაშებულნი. გაცილებით ნაკლები წუნი ჰქონდათ პასებში, ერთი-ორი კომბინაცია გამოუვიდათ, ხოლო ქართველები მეტწილად ინდივიდუალურად ცდილობდნენ სიმწვავის შეტანას.
22-ე წუთი იყო, როცა პუკიმ საჩუქარი გაუკეთა საქართველოს: ნუკრი რევიშვილი კარიდან გამოვარდა, ალეკო ამისულაშვილი და ის ასცდნენ ბურთს და ფინელთა საუკეთესო ფორვარდმა საჯარიმოს გარედან ცარიელ კარს ააცილა.
საყურებლად ცუდი თამაში იყო: ხშირად ჩერდებოდა ჯარიმების გამო და ჩანდა, საშუალოზე დაბალი დონის ორი გუნდი თამაშობდა. ინერტული იყო სანდრო კობახიძე, რომელიც ბოლო ერთი წელი, ნაკრებში შემტევთაგან ყველაზე აქტიური იყო. კობახიძის თარგამაძით შეცვლამაც ვერ მოიტანა შედეგი. და საერთოდ, ვინ ითამაშა?
უცნაურია, რატომ უნდა აკეთებდე ფლანგიდან მაღალ გადაცემებს, როცა საჯარიმოში ანანიძე, ოქრიაშვილი და გელაშვილი დგანან. რად უნდა 2 წამი გაგორებული ბურთის გაჩერებას. რატომ არ იხსნება პარტნიორი – მარტო დღეს კი არა, ეს წლობით გრძელდება, საქართველოს ნაკრები კომბინაციურ ფეხბურთს ვერ თამაშობს. და ინდივიდუალისტებიც არ გვყავს: მაგალითად, დღეს ერთხელაც ვერ ვნახეთ, რომელიმე შემტევს საკუთარ თავზე აეღო თამაში.
სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები ბოლოსწინა ადგილზე გავა და მომდევნო შესარჩევში მეხუთე კალათაში იქნება. გოლების საშინელ “გვალვაზე” კი უკვე ვთქვით. საერთოდაც, ბოლო ორი შესარჩევი ჯგუფია, ნაკრებს ერთ მატჩში 2 გოლი არ გაუტანია...
ზედიზედ მესამე მატჩია, ქართულ სტადიონებზე თამაშისას გულშემატკივარი ხტება მინდორზე, შემდეგ დაცვის თანამშრომლები დასდევენ, ხალხი კი იცინის - ასე ჩვენ ფეხბურთელებს არ ურბენიათო.
და ტყუილია, თითქოს რაიმე სასიკეთო ჩანს თამაშის ხარისხში. ეს უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა.
10.09. 21:00. თბილისი. “დინამო არენა”. 40000 მაყურებელი
საქართველო – ფინეთი 0:1 (0:0)
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, გრიგალავა, კანკავა, კაშია, ანანიძე (დვალიშვილი 83), სანდრო კობახიძე (თარგამაძე 46), გელაშვილი (ელგუჯა გრიგალაშვილი 58), ოქრიაშვილი.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ფინეთი: მაენპა, ლამპი, მოისანდერი, ოიალა, არკივუო, ჰეტემაი, ერიომენკო, ტაინიო, ჰამალაინენი (რისკი 88), რინგი (სპარვი 70), პუკი (შულერი 90+2).
მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი.
გოლი: 0:1 ერიომენკო (73 პენ).
გაფრთხილება: ჰეტემაი (47), ხუბუტია (47), კანკავა (72, 76), თარგამაძე (73), ლამპი (80), ოიალა (83), გრიგალავა (83), სპარვი (89).
გაძევება: კანკავა (76).
მსაჯი: ტრატუ (კვიპროსი).
1. | ესპანეთი | 6 | 4 | 2 | 0 | 10:2 | 14 |
2. | საფრანგეთი | 7 | 4 | 2 | 1 | 12:6 | 14 |
3. | ფინეთი | 7 | 2 | 3 | 2 | 5:6 | 9 |
4. | საქართველო | 7 | 1 | 2 | 4 | 3:8 | 5 |
5. | ბელარუსი | 7 | 1 | 1 | 5 | 6:14 | 4 |