ქართული ფან-კლუბები დიდი ისტორიით რომ ვერ დაიკვეხნიან, ცნობილი ამბავია. ან როგორ უნდა ჰქონდეთ დიდი ისტორია, როდესაც ამ “ახალმა კულტურამ” ფეხის ადგმა, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობის პერიოდში დაიწყო და ისიც, “აინთო-ჩაქრას” რეჟიმში (ე.წ გულშემატკივართა კლუბები საბჭოთა პერიოდშიც იყო, მაგრამ - იმ დროისთვის დამახასიათებელი, განსხვავებული ხასიათის).
ბოლო ერთ წელიწადზე მეტია, რაც ფან-კლუბები გამოცოცხლდნენ, განსაკუთრებით “ქართული სპორტის ქომაგთა კავშირის” ჩამოყალიბების შემდეგ (მუნდიალის დროს რომ აქტიურობდნენ, ის ფან-კლუბები საქართველოს ნაკრებთან და ქართულ კლუბებთან კავშირში ვერანაირად იქნებოდნენ და ამ მხრივ, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოც იყვნენ).
გასაგებია, რომ ქართულ ფან-კლუბებს კიდევ მეტი აქტიურობის საშუალებას მწირი ფინანსური შესაძლებლობები არ აძლევთ და ამის კვალობაზე, კიდევ მეტად სასიამოვნოა, რომ მათი წარმომადგენლები ყოველმხრივ ცდილობენ, უფრო დიდი მასშტაბები მოიცვან და (ახლადდამკვიდრებულ სიტყვას გამოვიყენებ) კრეატიულობაც გამოიჩინონ.
სიტყვას აღარ გავაგრძელებთ და გთავაზობთ ინტერვიუს “ქართული სპორტის ქომაგთა კავშირის” ერთ-ერთ დამფუძნებელთან, კოტე რუხაძესთან, რომლისგანაც შეიტყობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სტადიონებზე მეგობრული და მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნის საქმეში და არა მარტო...
- როგორც ცნობილი გახდა, ქართული ფან-კლუბები, ასე ვთქვათ, საერთაშორისო არენაზე გავიდნენ...
- “ქართულის სპორტის ქომაგთა კავშირის” წევრებმა ჩამოვაყალიბეთ თბილისის “დინამოს” ახალი ფან-კლუბი “დინამიტები”, რომლის ერთ-ერთი წევრია ნიკა ხარაძე. ის, ამ მხრივ, საკმაოდ აქტიური ადამიანია და ბევრ სხვადასხვა კლუბის წარმომადგენელთან მეგობრობს.
პირველები, ვინც ჩვენი ფან-კლუბის შექმნას გამოეხმაურნენ, “ტრაბზონსფორის” ფან-კლუბ “ბორდო მავის” წევრები იყვნენ. აქვე გეტყვით, რომ “ტრაბზონსფორს” 18 ფან-კლუბი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ “ბორდო მავია”, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სერვეტ ოზგანი ჩვენი მეგობარია.
ის, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად თბილისში იმყოფებოდა (ოზგანი აქ სწავლობდა, სამედიცინოზე). სტადიონზე “დინამოს” საქომაგოდაც იყვნენ, შეძახილებიც ერთად გავიარეთ, გვასწავლეს, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა – მოგეხსენებათ, გამოცდილება ამ სფეროში თურქულ კლუბებს მეტი აქვთ.
ამის შემდეგ, ორმხრივად დაიბადა იდეა და შევთანხმდით, რომ თუ ჩვენ გადმოვფენდით “ტრაბზონსფორის” დროშას საქართველოს ჩემპიონატის მატჩებსა და ევროტურნირებზე, შესაბამისად, ისინიც გადმოფენდნენ “დინამოს” დროშას თურქეთის ჩემპიონატისა და ევროტურნირების ყველა - გასვლით თუ შიდა მატჩზე. შემდგომში, მათ მოგვცეს ზემოთხსენებული გუნდის დროშა, რომელსაც ვფენთ კიდევაც თამაშებზე. თურქები ჩვენგან ელიან “დინამოს” დროშის მიწოდებას და ბუნებრივია, იგივეს მოიმოქმედებენ.
ამავდროულად, მათ ძალიან კარგი ტრადიცია დაამკვიდრეს – ყოველი მატჩის 31-ე წუთზე, ერთწუთიან სკანდირებას მოახდენენ, “დინამო”-“დინამოს” შეძახილით. აღნიშნული ჩვენც გავიმეორეთ “დინამო”-“რეიკიავიკის” გუშინდელი მატჩის დროს.
- და როგორ შეხვდა ამას ჩვენი პუბლიკა. ცოტა ხომ არ ეუცნაურათ?
- კი, იყო ამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები. ბევრს გაუკვირდა, მაგრამ როცა ავუხსენით, ყველას მოეწონა.
- ისე შედარებისთვის – “ბორდო მავის” შემადგენლობაში რამდენი ფანია?
- მათთან შედარებით, ჩვენი მასშტაბები, რა თქმა უნდა, მცირეა. ფან-კლუბი “დინამიტები”, ჯერჯერობით, აწევრიანებს დაახლოებით 200 ადამიანს. სასიამოვნოა, რომ მათ უმრავლესობას ახალგაზრდობა შეადგენს. გადაწყვეტილი გვაქვს, მომავალში ევროტურნირების მატჩებზეც ვიაროთ და შესაბამისად, აქტიურად ჩავერთოთ ამ საქმეში.
“ბორდო მავის” 14000 ფანი ჰყავს. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, თუ როგორ შედიან მისი წევრები კატარღებით ბოსფორის სრუტეში და ანთებული მაშხალების ფონზე, “დინამო”-“დინამოს” სკანდირებენ. ჩვენ ამ ურთიერთობის უფრო გაღრმავება და მათთან მჭიდრო კონტაქტის დამყარება გვინდა. ისინი თავიანთ თამაშებზე გვეპატიჟებიან, ანალოგიურად, ჩვენც ჩამოვიყვანთ მათ.
“ბორდო მავი” არ იქნება ერთადერთი ჩვენი მეგობარი ფან-კლუბი, სხვა ქვეყნის კლუბებთანაც გვინდა ურთიერთობა. მეტ გამოცდილებასაც მივიღებთ და საფეხბურთო ასპარეზზე “დინამოს” სახელსაც უფრო შორს გავიტანთ.
დათო ბაკურაძე