ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი, კოკაი და გაგამარუ სექტემბრის ბაშოზე შესაშურ ერთსულოვნებას იჩენენ. ტურნირზე უკვე 6 დღე მიილია, ქართულ ტრიოს კი ერთნაირი მონაგარი გააჩნია – 4 მოგება და 2 მარცხი.
დღეს, წარმატებას მხოლოდ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მიაღწია და თანაც, გამარჯვება სახელოვან ოძეკი კაიოსთან იზეიმა. 38 წლის ვეტერანი დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად კბილებით იბრძვის, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში წოდებასთან დამშვიდობება მოუწევს, თუმცა, ქართველის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.
დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე ტოჩინოშინისთან შერკინებისას კაიომ სასი-არასოი (ხელებით იერიშში შეჯიბრი) მოიგო და ბრძოლა მარცხენამხრიან დგომა ჰიდარი-იოცუში გადაიყვანა, თუმცა, საფირმო მიგი-უვატე (მეტოქის მავაშის დაჭერა მარცხენა ხელიდან) ვერ განახორციელა. შედეგად, ინიციატივა ხელთ გორგაძემ იგდო, მაკიკაე (მარჯვენა ხელის მოწინააღმდეგის მარცხენა ხელის ქვეშ “გატარება”) დააფიქსირა და ძალისმიერი მიწოლა იორიკირი განახორციელა.
როგორც თავში აღვნიშნეთ, ამ მძიმე ბრძოლის შემდეგ, ტოჩინოშინიმ მე-4 მოგება მიითვალა, კაიოს კი თანაბარი ბალანსი (3-3) გაუხდა და როგორც სჩანს, ბაშოს ბოლომდე დიდი ნერვებისწყვეტა ელის. ქართველი სუმოისტის მორიგი მეტოქე ესტონელი ოძეკი ბარუტო იქნება, რომელსაც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი მარცხი აქვს განცდილი.
ბალტიისპირელი კაიდო ჰოოველსონი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართველს სამჯერ გადაეყარა და სამივეჯერ იმარჯვა, თანაც სხვადასხვა ილეთებით. სექტემბერში ბარუტომ ტოჩინოშინს იორიკირით აჯობა, მაისში – ჰატაკიკომით, ხოლო ბოლო ივლისის ბაშოზე – უვატენაგეთი.
აკი ბაშოს მე-6 დღეს მე-2 მარცხი განიცადა ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ იგივე კოკაიმ, რომელიც ტოკიოს ტურნირს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა. “შავმა ზღვამ” 33 წლის ფუკუოკელ კოტოკასუგას მოროძასის (ორივე ხელით კორპუსში შესვლა) განხორციელების საშუალება მისცა, რის შემდეგაც მე-11 მაეგაშირას სუკუინაგეს დაფიქსირება აღარ გასჭირვებია. ცაგურიას შემდეგი ბრძოლა მე-10 მაეგაშირა ჰოკუტორიკისთან ელის, რომელთანაც ერთი წლის წინ ჰიკიოტოშით წააგო, ივლისის ტურნირზე კი რევანში ჰატაკიკომის საშუალებითYაიღო.
დოჰიოზე ორჯერ მოუხდა გასვლა ქართველთაგან უმდაბლესი რეიტინგის (აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა) თეიმურაზ ჯუღელს, რომელსაც სუმოს სამყარო გაგამარუს შიკონათი იცნობს. ტორინაოსი (ხელმეორე შერკინება) მას შემდეგ დაინიშნა, რაც მსაჯებმა ვერ დაადგინეს, მონღოლმა ტამავაშიმ უფრო ადრე გადგა ფეხი დოჰიოს მიღმა თუ ჯერ ქართველი “გავარდა” მაყურებლებში. სამწუხაროდ, განმეორებითი ჭიდილისთვის გაგამარუს ძალა აღარ შერჩა. “მონღოლ არწივად” წოდებულმა მე-14 მაეგაშირამ რამდენიმე სწრაფი მიძალება განახორციელა და ოშიდაში დააფიქსირა.
ჯუღელს აქტივში 4 გამარჯვება შერჩა, ხვალ კი დიდი გამოცდა ელის, რადგანაც ტოკიოს ბაშოზე ჯერაც დაუმარცხებელ იაპონელ იოშიკაძეს დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი სექტემბრის ტურნირს მხოლოდ მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, თუმცა, ჯერჯერობით მაგრად “დგას” და ლიდერების – იოკოძუნა ჰაკუჰოსა და ოძეკი კოტოოშუს დევნას განაგრძობს. გასულ ივლისის ბაშოზე იოშიკაძემ გაგამარუს სუკუინაგეთი აჯობა.
როგორც აღვნიშნეთ, კვლავაც დაუმარცხებელია “თეთრ ფენიქსად” წოდებული მონღოლი ჩემპიონი ჰაკუჰო. მან ზედიზედ 53-ე (!) გამარჯვება მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუსთან იზეიმა, რითაც დიდი ჩემპიონის ტოინოფუძის მიღწევა გაიმეორა. იოკოძუნას მორიგი მოწინააღმდეგე კომუსუბი კისენოსატო იქნება. წინ გაჭრილ სამ სუმოისტს თითო მარცხით ორი სუმოისტი ჩამორჩება – ოძეკები ბარუტო და ჰარუმაფუჯი.
აკი ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 26 სექტემბერს დასრულდება.







