ევროპის 2010 წლის ჩემპიონატი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაგვირგვინდა. ინდივიდუალურ პირველობაზე ერთადერთი ვერცხლის მედლის მომპოვებელმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდური ჩემპიონატი წაუგებლად ჩაამთავრა. ამირან ტოტიკაშვილის რჩეულმა ხუთეულმა გადამწყვეტ ბრძოლაში საფრანგეთი დაამარცხა...
...ევროპირველობას, საპატიო სტუმრის სტატუსით, ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა და წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცთა გუნდური ჩემპიონატის მედალოსნები მას უნდა დაეჯილდოვებინა, მაგრამ საბოლოოდ ქალებს გადასცა მედლები. არადა, ქალებში რუსები სამეულს ვერ შეწვდნენ, კაცებში კი, ბრინჯაოს დაეუფლნენ, პოლონეთის ძლევით...
დებულების თანახმად, შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში – 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში გაიმართა. ჩემპიონატში სულ 13 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. ქართულ გუნდს კენჭისყრამ აშკარად გაუმართლა – საკმაოდ იოლ ბადეში მოახვედრა და ამასთან, პირდაპირ მეოთხედფინალში. საქართველოს პირველი მეტოქე მოლდოვა იყო, რომელმაც მერვედფინალში მასპინძელი ავსტრია დაამარცხა.
პირველი ორი ბრძოლა მოლდოველთა სასარგებლოდ დასრულდა - შალვა ქარდავა (66 კგ) და ზაზა კედელაშვილი (73 კგ) დამარცხდნენ. ერთი წაგებაც და ქართული გუნდი ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს მედლის შანსსაც უმალ ჰკარგავდა, მაგრამ ლევან წიკლაურმა (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ლაშა გუჯეჯიანმა (+90 კგ) ანგარიში ქართულად შეატრიალეს.
ანალოგიური რამ მოხდა ნახევარფინალში, პოლონეთთან დაპირისპირებისას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 66 კილოგრამში მწვრთნელმა ქარდავა დავით ასუმბანით ჩაანაცვლა.
ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ ფავორიტებად მიჩნეული რუსეთი და საფრანგეთი. ასევე ძლიერი ძიუდოისტებით დაკომპლექტებული უკრაინა და ბელარუსი.
პირველი მოულოდნელი შედეგი მეოთხედფინალში დაფიქსირდა, როდესაც იტალიელებმა რუსებს გადაუკეტეს ფინალის გზა. არადა, ამ უკანასკნელთ, ინდივიდუალურ პირველობაზე მოჭიდავე გადახალისებული შემადგენლობა გუნდურისთვის ტიტულოვანი ძიუდოისტებით გაეძლიერებინათ. სრულ საბრძოლო განაცხადს მხოლოდ მძიმეწონოსანი ალექსანდრ მიხაილინი აკლდა. ცოტა ხანში, აპენინელებმა ფინალში გასასვლელადაც გვარიანად გაიბრძოლეს, მაგრამ ფრანგებთან 2:3 დამარცხდნენ. შეხვედრის ბედი უხვტიტულა მძიმეწონოსანმა ტედი რინერმა გადაწყვიტა. იქამდე, საფრანგეთმა ბრიტანეთი და უკრაინაც დაამარცხა.
ფინალი ქართველთათვის არასასურველად დაიწყო – დავით ასუმბანი (66 კგ) სოფიან მილუსთან იპონზე დავარდა და საფრანგეთი დაწინაურდა. ზაზა კედელაშვილმა (73 კგ) ლუის კორვალს სამ წუთში 2 ვაზარი შეუსრულა და ანგარიში გაათანაბრა. ლევან წიკლაურმა (81 კგ) ანტუან ჯანინის, ინდივიდუალურ პირველობაზე განცდილი მარცხისთვის, ულამაზესი გდებით აუღო რევანში. ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) კი რომან ბუფე დააიპონა და საქართველოს ევროპის ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაუნაღდა. მძიმეწონოსანმა ლაშა გუჯეჯიანმა ტედი რინერთან მტკივნეული ილეთით წააგო, მაგრამ ის შეხვედრა უკვე აღარაფერს წყვეტდა.
ქალების ფინალში იტალიამ პოლონეთს სძლია, ხოლო საფრანგეთმა და უკრაინამ მე-3 ადგილები გაინაწილეს.
ოთარ მაღლაკელიძე
ლევან წიკლაური - ანტუან ჯანინი
ვარლამ ლიპარტელიანი - რომან ბუფე
დაჯილდოვება
(http://www.youtube.com/user/GeorgianPowerlifting)







