ძიუდო

10:26 | 15.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძიუდოს ვაი-რეიტინგი

იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, ჩეხეთი, ეგვიპტე, გერმანია, იტალია, უნგრეთი, მონღოლეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, რუსეთი, ესპანეთი, უკრაინა და უზბეკეთი – ეს, ის ქვეყნებია, რომელთა ძიუდოისტებმაც 2009 წელს ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებსა და ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე, საქართველოს ნაკრების წევრებზე შედეგიანად იჭიდავეს.
გუშინ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგ-სია გამოაქვეყნა, რომელშიც ამ უქმეებზე ტოკიოში ჩატარებული დიდი სლემის ქულებიც გაითვალისწინა.
ქართული ძიუდოს “შიდა სამზარეულოში” მომხდარი გახმაურებული და გაუხმაურებელი დაპირისპირებების გამო, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, ლამის მთელი სეზონი შეუძლებელი გახდა. ბოიკოტებისა და გაბუტვების მიზეზად, ტიტულოვანმა თუ უბრალოდ პერსპექტიულმა ქართველმა ძიუდოისტებმა არაერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი გამოტოვეს და ეს აურზაური, მათ რეიტინგზეც პირდაპირპროპორციულად აისახა. წინა თვის რეიტინგის მსგავსად, ამჯერადაც, მსოფლიოს ტოპ-16-ში, შვიდი წონითი კატეგორიიდან, მხოლოდ ორში შევიდნენ ქართველი ძიუდოისტები.
ყველაზე უკეთესი სარეიტინგო მდგომარეობა ამირან პაპინაშვილს (60 კგ) აქვს. იგი საქართველოს სახელით მოჭიდავე ერთადერთი ძიუდოისტია, საუკეთესო ათეულში რომ მოხვდა (მე-10 ადგილზე). 368 ქულიდან 280 (100+180) სეზონის დასაწყისში, თბილისისა და პარიზის ტურნირებზე მოპოვებული მედლებით მიითვალა. პოლონურ და აზერბაიჯანულ მსოფლიოს თასებზე 12 და 40 ქულა დაერიცხა, ტოკიოს დიდ სლემზე კი, ერთადერთი გამარჯვების მიუხედავად, მონაგარს 36 ქულა მაინც წაამატა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მხოლოდ 21-ე პოზიციაზე დგას ნესტორ ხერგიანი (212), მაგრამ საქართველოს ნაკრების უხვტიტულა წევრი, უკვე 66 კილოგრამის მოჭიდავედ მიიჩნევა. ახალ წონაში მიმდინარე სეზონშიც მოასწრო რამდენიმეჯერ ძალის მოსინჯვა და 60 ქულით, ზაზა კედელაშვილთან ერთად 68-ე ადგილს იყოფს.
წონის შეცვლის გადაწყვეტილება კედელაშვილმაც მიიღო. ევროპის 3-გზის ჩემპიონს 73 კილოგრამში ქართველ ძიუდოისტთაგან საუკეთესო მაჩვენებელი (25-ე ადგილი) აქვს. ამ წონის პირველი ნომერი დავით ქევხიშვილი 59-ე პოზიციაზე დგას, თუმცა ხერგიანისა და კედელაშვილის მსგავსად, ისიც ერთი წონით მაღლა აპირებს აწევას. 81 კილოგრამში, ქართველთაგან ყველაზე მაღლა – მე-20 ადგილზე, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან წიკლაური (224 ქულა) დგას.
ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) თOP-16-ში მე-16 ადგილით შევიდა. ევროპული ვერცხლი მას 108 ქულად დაუფასდა, თბილისისა და პარიზის ტურნირებზე 100 და 60, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე – 4 ქულა მიიღო.
ტოკიოს დიდ სლემზე მოგებულმა ბრინჯაომ, 100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანს 120 სარეიტინგო ქულა შემატა და ამჟამად იგი, 256 ქულით, მე-18 ადგილზეა. ამ წონაში წლეულს ანაცვლებული ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ორმოცეულის ფსკერზეა 84 ქულით.
ყველაზე სტაბილურად კი, საქართველოს ნაკრების წევრ-კანდიდატები მძიმე წონაში გამოვიდნენ, ოღონდ სტაბილურობა და წარმატებული გამოსვლა ამ შემთხვევაში ერთმანეთთან არაფერ კავშირშია. ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი, ოცდაათეულში 21-ე, 23-ე და 26-ე ადგილებით შევიდნენ.
შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებსა და რეიტინგში მოხვედრილ ქართველთა სრულ სიას კი აქვე გთავაზობთ.
60 კგ
1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)    884
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)    800
3 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია)    692
4 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)    620
5 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)    560
10 ამირან პაპინაშვილი    368
21 ნესტორ ხერგიანი    212
40 ლევან ჩუბინიძე    100
57 ბეთქილ შუკვანი    64
90 სოსო ნიჟარაძე    36
66 კგ
1 ცაგაანბაატარ ხაშბაატარი
(მონღოლეთი)    1140
2 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)    728
3 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)    700
4 მასაში ებინუმა (იაპონია)    584
5 ალიმ გადანოვი (რუსეთი)    572
57 შალვა ქარდავა    80
68 ზაზა კედელაშვილი    60
68 ნესტორ ხერგიანი    60
96 გიორგი ფერსაშვილი    32
96 სანდრო იაკობაშვილი    32
107 მიხეილ ხომიზური    20
116 მინდია ხომიზური    16
73 კგ
1 კი-ჩუნ ვანი (სამხრეთ კორეა)    1400
2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)    1000
3 მანსურ ისაევი (რუსეთი)    700
4 გუი-მან ბანგი (სამხ. კორეა)    580
5 ვოლოდიმირ სოროკა (უკრაინა)    480
25 ზაზა კედელაშვილი    160
52 თენგიზ პაპოშვილი    76
59 დავით ქევხიშვილი    60
59 დავით კუპრაშვილი    60
66 მიხეილ ხომიზური    56
142 ამბაკო ავალიანი    8
81 კგ
1 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)    1180
2 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)    840
3 სერგეი შუნძიკაუ (ბელარუსი)    700
4 ოლე ბიშოფი (გერმანია)    556
5 დაე-ნამ სონგი (სამხრეთ კორეა)    520
20 ლევან წიკლაური    224
29 ხვიჩა ხუციშვილი    168
66 გრიგოლ შინჯიკაშვილი    52
92 საბა გავაშელიშვილი    28
124 გიორგი ბაინდურაშვილი    8
90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია)    840
2 კირილ დენისოვი (რუსეთი)    760
3 ჰეშამ მესბაჰი (ეგვიპტე)    700
4 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)    688
5 ანდრეი კაზუსიონაკი (ბელარუსი)    580
16 ვარლამ ლიპარტელიანი    272
38 ზვიად გოგოჭური    100
44 გრიგოლ მამრიკიშვილი    80
48 მინდია ბოდაველი    76
100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია)    916
2 ჰი-ტაე ჰვანი (სამხრეთ კორეა)    908
3 რამადან დარვიში (ეგვიპტე)    820
4 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)    680
5 ელკო ფან დერ ხესტი (ჰოლანდია)    600
18 ლევან ჟორჟოლიანი    256
40 ირაკლი ცირეკიძე    84
54 დავით ლორიაშვილი    60
66 ნოდარ მეტრეველი    36
86 დიმიტრი ტურაშვილი    16
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)    800
2 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი)    760
3 მარტინ პადარი (ესტონეთი)    620
4 ოსკარ ბრისონი (კუბა)    580
5 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)    560
21 ადამ ოქრუაშვილი    248
23 ზვიად ხანჯალიაშვილი    240
26 ლაშა გუჯეჯიანი    176
56 ნოდარ მეტრეველი    40

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.150905