საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 2010 წლის ჩემპიონატი ერთადერთი მედლით ჩაამთავრა. ამირან ტოტიკაშვილის რჩეულმა შვიდეულმა სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი შეჯიბრი უჩვეულოდ სუსტად ჩაატარა და გუნდურ ჩათვლაში მე-11 ადგილი დაიკავა. ოპტიმალური შემადგენლობით მოჭიდავე ქართული გუნდი გადახალისებული შვიდეულებით მოასპარეზე რუსეთსა და საფრანგეთს, აგრეთვე, ბელარუსს, ბელგიას, ესპანეთს, პორტუგალიას, შვედეთს, უნგრეთს, ჰოლანდიასა და ავსტრიას ჩამორჩა.
გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) გავიდნენ და ყველაზე შედეგიანად, გულშემატკივართა მოლოდინისამებრ, ლიპარტელიანმა იჭიდავა. ევროპის შარშანდელი პირველობის ვერცხლის პრიზიორმა ამჯერადაც გადამწყვეტი ბრძოლა წააგო და ვენაშიც კვარცხლბეკის მე-2 საფეხურზე ავიდა.
21 წლის ქართველისა და 19 წლის შვედი მარკუს ნიმანის ფინალური შეხვედრის ძირითადი ხუთწუთეული ისე გაილია, ილეთის შესრულება ვერც ერთმა ძიუდოისტმა შეძლო. მხოლოდ თითო შენიშვნა მიიღეს მსაჯისგან, პასიურობისთვის. “ოქროს დროში” კი, მომგებიანი გდება – იუკო ნიმანმა განახორციელა.
ფინალამდე, ვარლამ ლიპარტელიანმა 4 მეტოქე ჩამოიცილა. პირველ წრეში, უნგრელ ლევენტე ლედენის 22 წამში სძლია. პოლონელ ლუკაშ კოლესნიკს სამ წუთში 2 ვაზარი შეუსრულა, 2 ვაზარით გასცდა ბრიტანელ მეტიუ პერსისაც, ორ წუთსა და 19 წამში. ნახევარფინალში კი, აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს 2 იუკო აკმარა.
90 კილოგრამში, ბრინჯაოს მედლებს საბერძნეთის დროშის ქვეშ ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური და აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი დაეუფლნენ.
მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზვიად ხანჯალიაშვილს სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. რეპეშაჟის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ ანდრეას ტოლცერთან წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა. შეხვედრის ძირითადი დრო ხანჯალიაშვილმა და ტოლცერმა ვაზარებით ჩაამ¬თავრეს, ოღონდ ილეთი არც ერთს გაუკეთებია. ეს შეფასებები, პასიურობის გამო, ერთმანეთის გაფრთხილებებით დააგროვეს. “ოქროს დროში” როგორც მოსალოდნელი იყო, მეტი ენერგია გერმანელ მძიმეწონოსანს შერჩა. მსაჯმაც ქართველი ერთხელაც გააფრთხილა და ბრინჯაოს პრიზიორად ანდრეას ტოლცერი გამოაცხადა.
ევროპირველობაში ხანჯალიაშვილი პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ბოსნიელ დრაჟენ სუბოტიჩს საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში კი, ორ წუთში თავად წააგო იპონით, პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. “ბრინჯაოს ფინალის” საგზური, ზვიადმა უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკოს სამ წუთში ძლევით მოიპოვა.
მე-2 ბრინჯაოს მედალს ვოინაროვიჩი დაეუფლა, ხოლო ჩემპიონი ბელარუსი იჰარ მაკარაუ გახდა, უნგრელი ბარნა ბორის ძლევით.
100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანმა ჩემპიონატი აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვის დაიპონებით გახსნა და ლიტველი ეგიდიუს ზილინსკასის ასევე წმინდად ძლევით გააგრძელა, მაგრამ მეოთხედფინალში უბერებელ ებრაელთან, არიელ ზეევთან ვეღარას გახდა – მე-5 წუთის მიწურულს იპონზე წამოეგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ბელარუს იაუჰენ ბიადულინთან წაიფორხილა.
დღეს ვენის ტატამზე ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება. ინდივიდუალურ პირველობაში მონაწილე 44 ქვეყნის ნაკრებიდან გუნდურზე გამოსვლა მხოლოდ 13-მა გადაწყვიტა. კენჭისყრამ ამირან ტოტიკაშვილის გუნდი პირდაპირ მეოთხედფინალში მოახვედრა. ქართველთა პირველი მეტოქე ავსტრიისა და მოლდოვას წყვილში გამარჯვებული იქნება. იმავე ბადეშია უნგრეთიც. ფინალის მეორე საგზურისთვის კი, სავარაუდოდ რუსეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და უკრაინა იბრძოლებენ.
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ვენა. 24 აპრილი
კაცები
90 კგ
1 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
2 ვარლამ ლიპარტელიანი
(საქართველო)
3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)
100 კგ
1 ელკო ფან დერ ხესტი (ბელგია)
2 ჰენკ გროლი (ჰოლანდია)
3 ბენჟამინ ბერლა (გერმანია)
3 არიელ ზეევი (ისრაელი)
7 ლევან ჟორჟოლიანი
(საქართველო)
+100 კგ
1 იჰარ მაკარაუ (ბელარუსი)
2 ბარნა ბორი (უნგრეთი)
3 იანუშ ვოინაროვიჩი (პოლონეთი)
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
5 ზვიად ხანჯალიაშვილი
(საქართველო)
ქალები
78 კგ
1 აბიგელ იო (უნგრეთი)
2 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
3 ლუის ლუე (საფრანგეთი)
3 მარინა პრიშეპა (უკრაინა)
+78 კგ
1 ლუსია პოლავდერი (სლოვენია)
2 თეა დონღუზაშვილი (რუსეთი)
3 ურსულა სადკოვსკა (პოლონეთი)
3 კარინა ბრაიანტი (ბრიტანეთი)
გუნდური ჩათვლა. კაცები
| 1 | რუსეთი | 1 | 1 | 0 | 1 | 1 |
| 2 | ბელარუსი | 1 | 1 | 0 | 1 | 0 |
| 3 | საფრანგეთი | 1 | 0 | 1 | 2 | 0 |
| 4 | ბელგია | 1 | 0 | 0 | 1 | 0 |
| 5 | ესპანეთი | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 5 | პორტუგალია | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 5 | შვედეთი | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 8 | უნგრეთი | 0 | 2 | 1 | 0 | 0 |
| 9 | ჰოლანდია | 0 | 1 | 2 | 0 | 0 |
| 10 | ავსტრია | 0 | 1 | 1 | 1 | 0 |
| 11 | საქართველო | 0 | 1 | 0 | 3 | 0 |
| 12 | გერმანია | 0 | 0 | 2 | 0 | 0 |
| 13 | ბრიტანეთი | 0 | 0 | 1 | 0 | 2 |
| 14 | პოლონეთი | 0 | 0 | 1 | 0 | 1 |
| 14 | სლოვენია | 0 | 0 | 1 | 0 | 1 |
| 16 | აზერბაიჯანი | 0 | 0 | 1 | 0 | 0 |
| 16 | საბერძნეთი | 0 | 0 | 1 | 0 | 0 |
| 16 | ისრაელი | 0 | 0 | 1 | 0 | 0 |
| 16 | იტალია | 0 | 0 | 1 | 0 | 0 |
ოთარ მაღლაკელიძე







