ძიუდოში საქართველოს ორდღიანი ჩემპიონატის მეორე დღე ქალებმა გახსნეს. სპორტკომპლექს “არენას” ტატამზე შვიდივე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გოგონები გავიდნენ. ცნობისთვის, კიმონო სულ 50-მა გოგონამ მოირგო და წინასწარი ეტაპის შეხვედრები ორიოდ საათში ჩაამთავრეს. დროის ამ მონაკვეთში ტრიბუნები სანახევროდაც არ იყო შევსებული. დაახლოებით 12.00 საათიდან კი, როდესაც საქმეში კაცები ჩაერთნენ, მაყურებელთა ინტერესიც უმალ გაიზარდა.
ნაკრების უმთავრეს კანდიდატთაგან ამჯერად შიდა კონკურენციას ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) დააკლდნენ. ჟორჟოლიანი ჩემპიონატს დარბაზიდან აკვირდებოდა და როგორც “მსოფლიო სპორტს” უთხრა, არც თბილისის საერთაშორისო ტურნირზე აპირებს ჭიდაობას. მოგვიანებით კი შევიტყვეთ, რომ უახლოეს მომავალში იგი სავარაუდოდ ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი გახდება.
81 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონის ტიტული ნაკრების ლიდერებმა მოიპოვეს. 81-ში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავთანდილ ჭრიკიშვილი ავიდა, რომელმაც ფინალის გზაზე 4 მეტოქე ჩამოიშორა: ალეკო ჯილაძე, კობა ქასოევი, ვალერი გუგავა და ხვიჩა ხუციშვილი. გადამწყვეტ შეხვედრაში კი პაატა ღვინიაშვილს 3 შიდოს ხარჯზე აგროვებული ვაზარით აჯობა.
ბრინჯაოს პრიზიორები იოსებ ჩილინდრიშვილი და ლევან წიკლაური გახდნენ. ცნობისთვის, ჩილინდრიშვილს მე-3 ადგილის დასაკავებლად ერთი შეხვედრის მოგება ეყო. ჯერ იყო და აწონვისას წონა ზუსტად იმ ძიუდოისტებმა ვერ ჩააბარეს, ვინც მას პირველ და მეორე წრეში უნდა დაპირისპირებოდნენ, შემდეგ კი, რეპეშაჟის ფინალში მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.
რაც შეეხება წიკლაურს, მოლოდინისამებრ, შთამბეჭდავად იჭიდავა, მაგრამ ძირითად ბადეს ნახევარფინალიდან გამოეთიშა, ღვინიაშვილთან მარცხის გამო. ამ შეხვედრის ბედი ოქროს დროში შესრულებულმა ერთადერთმა იუკომ გადაწყვიტა, თუმც მაყურებლის ერთი ნაწილის აზრით, ამ ეპიზოდამდე მსაჯებმა არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს.
რომელიმე მხარის პოზიციის სიზუსტეზე ასე ზედაპირულად საუბარი ძალიან ძნელია და მეტად აღარ დავაკონკრეტებთ. ზოგადად კი, გუშინაც და დღესაც მსაჯებმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს, თუმცა სერიოზულ დაპირისპირებამდე და ტრადიციულ ქართულ საქმის გარჩევამდე სიტუაცია ერთხელაც არ მისულა.
90 კილოგრამის ფინალში მოლოდინისამებრ, ორი უმაღლესრეიტინგიანი ძიუდოისტი გავიდა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირება კი აღარ შედგა. ზვიად გოგოჭურმა ვარლამ ლიპარტელიანთან დაჭიდებისგან თავი შეიკავა და ტატამზე მხოლოდ კონკურენტისთვის გამარჯვების მისალოცად გავიდა.
ფინალამდე ლიპარტელიანმა ილია ოტიაშვილი, ლაშა გუმბერიძე და ჯუმბერ გიგაური იპონ-იპონ ჩამოიცილა, გოჩა ხუციშვილს კი ქულებით მოუგო.
ახალ წონაში მოსინჯა ძალა ბექა ღვინიაშვილმა. წლევანდელი თბილისის მსოფლიოს თასის პრიზიორმა (81 კილოგრამში) ამჯერად 90-ში იჭიდავა და დებიუტი ბრინჯაოთი აღნიშნა. ოქრო-ვერცხლის შანსი ღვინიაშვილმა მეოთხედფინალში დაკარგა, ლაშა ტაველურთან დაპირისპირებისას, ფეხში შესვლის წესის დარღვევისთვის ჩათვლილი მარცხის გამო. კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზეც სწორედ ტაველურთან ერთად ავიდა.
100 კილოგრამში მთავარი მოულოდნელობები ნახევარფინალურ შეხვედრებში მოხდა. შიდა კონკურენციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ლორიაშვილი ახალგაზრდა გიორგი ქავთარაძესთან დამარცხდა, ხოლო ლაშა გურული – გიორგი ნოზაძესთან. საინტერესოა, რომ ორივე ბრძოლის ბედი ოქროს დროში გადაწყდა. მოგვიანებით, ლორიაშვილი და გურული კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ავიდნენ. ფინალში კი ნოზაძემ ქავთარაძეს ვაზარით სძლია. ჩემპიონმა დღეს სულ 3 შეხვედრა ჩაატარა, რადგან შეჯიბრებაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო, ბექა ბერძენიშვილთან დაპირისპირებით, რომელშიც ერთ წუთში იმარჯვა.
საქართველოს პირველობის გვირგვინი კი ლევან მატიაშვილის (+100 კგ) ტრიუმფი იყო. ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ადამ ოქრუაშვილს დამატებით დროში იპონით მოუგო. იქამდე კი 3 მეტოქე ჩამოიშორა. მირიან გონჯილაშვილს იპონით სძლია, ვახტანგ ზოიძე არ გამოუცხადდა, ხოლო გიორგი ზაქარიაძეს ქულებით გასცდა. ბრინჯაოს მედლებს ზაქარიაძე და ონისე ბუღაძე დაეუფლნენ.
ქალთა შორის მედლები ძირითადად თბილისისა და აჭარის გუნდების წევრებზე გადანაწილდა. აჭარელი მძიმეწონოსანი ირინე ლეონიძე კი საქართველოს ჩემპიონი აგერ უკვე მეშვიდედ გახდა.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
19 დეკემბერი
კაცები
81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (ქვემო ქართლი)
2 პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
3 ლევან წიკლაური (კახეთი)
3 იოსებ ჩილინდრიშვილი (შიდა ქართლი)
90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (აჭარა)
2 ზვიად გოგოჭური (კახეთი)
3 ლაშა ტაველური (მცხეთა)
3 ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
100 კგ
1 გიორგი ნოზაძე (თბილისი)
2 გიორგი ქავთარაძე (ქვემო ქართლი)
3 ლაშა გურული (იმერეთი)
3 დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი)
+100 კგ
1 ლევან მატიაშვილი (თბილისი)
2 ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა)
3 გიორგი ზაქარიაძე (იმერეთი)
3 ონისე ბუღაძე (იმერეთი)
ქალები
48 კგ
1 მზია ბებოშვილი (თბილისი)
2 ცირა აბულაძე (აჭარა)
3 ქრისტინე ფანგანი (თბილისი)
3 ნინო მგელაძე (აჭარა)
52 კგ
1 სალომე აბაშიძე (აჭარა)
2 სალომე მარგიანი (თბილისი)
3 ვარდო ლოლუა (თბილისი)
3 ოლიკო ალადოშვილი (თბილისი)
57 კგ
1 მარიამ ჯანაშვილი (კახეთი)
2 მარი ციხელაშვილი (სამცხე ჯავახეთი)
3 სოფო ბერიძე (აჭარა)
3 გურანდა შოთაძე (აჭარა)
63 კგ
1 შორენა შარაძე (აჭარა)
2 ნინო მარტიაშვილი (კახეთი)
3 მალვინა ლორთქიფანიძე (აჭარა)
3 ხატია ჯანაშვილი (კახეთი)
70 კგ
1 ნინო ოძელაშვილი (თბილისი)
2 თეა სუხიტაშვილი (კახეთი)
3 ელისო სისაური (აჭარა)
3 სალომე მალაყმაძე (აჭარა)
78 კგ
1 ნათია ყვარელიშვილი (თბილისი)
2 მალვინა კირკიტაძე (აჭარა)
3 ანა ანდღულაძე (აჭარა)
3 მზია კიკვაძე (თბილისი)
+78 კგ
1 ირინე ლეონიძე (აჭარა)
2 ელენე ქებაძე (კახეთი)
3 ლია გვიანიძე (აჭარა)
3 მელანო ოტოლაძე (აჭარა)
ოთარ მაღლაკელიძე







