ხვალ საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახალი წინამძღოლი უნდა აირჩიოს. 14 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა დაიწყება. დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.
ყრილობის 51-მა დელეგატმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ერთმანეთს ფედერაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მამუკა ხაბარელი და ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან. ხახალეიშვილი უკვე წლებია, ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტია. სექტემბრიდან მოყოლებული კი, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, რადგან აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ გადადგომა გადაწყვიტა.
მომავალი არჩევნების წინ ქართულ ძიუდოში შიდა კონფლიქტების ახალი ტალღა აგორდა. ჯერ იყო და, ნაკრების წევრ ბეთქილ შუკვანსა და მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ნაკრების მწვრთნელები მომხდარის უკან შოთა ხაბარელის კვალზე ალაპარაკდნენ და ამით პირდაპირ მიიტანეს იერიში ნაკრების ექსთავკაცის ვაჟზე, მამუკა ხაბარელზე. გასულ კვირას კი დავით ხახალეიშვილმა ორი საგანგებო განცხადება გაავრცელა.
პირველში ხახალეიშვილმაც შუკვანისგან გუჯეჯიანის ფიზიკური შეურაცხყოფა დაგმო და ამ ფაქტის უკან მანაც შოთა ხაბარელის კვალი დაინახა. მეორე განცხადებაში კი კოალიცია “ქართული ოცნების” სპორტში ჩარევაზე ისაუბრა და ეს პრეცედენტი ნაციონალური მოძრაობის ზეწოლას შეადარა.
ამ განცხადებებს დავით ხახალეიშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაც მოაყოლა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მხრიდან ზეწოლაზე ილაპარაკა, აქაოდა, ყიფიანმა კაბინეტში დამიბარა და საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნაზე ჩამომიგდო სიტყვა, სამაგიეროდ კი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას დამპირდაო. ხახალეიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” გუნდის წევრები მამუკა ხაბარელს პირდაპირ უჭერენ მხარს და რახან იციან, რომ სუფთა არჩევნებში წააგებენ, ყრილობის ჩაშლას შეეცდებიან.
საპასუხო კომენტარები მამუკა ხაბარელმა და სამინისტროს ხელმძღვანელებმაც სწრაფადვე გააკეთეს. მინისტრის მოადგილემ, თამაზ თევზაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხახალეიშვილის ბრალდება აბსურდულია, რადგან სამინისტრო პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, სპორტის პოლიტიკისგან გათავისუფლებას.
მამუკა ხაბარელმა ხახალეიშვილს კონტრბრალდება წაუყენა, რომ მის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას, რომელიც ყველა გზით ცდილობს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში გავლენის შენარჩუნებას და ბინძური ინტრიგების ხლართვასაც არ ერიდება.
მამუკა ხაბარელიც დარწმუნებულია მომავალ გამარჯვებაში, ოღონდ კენჭისყრის ჩატარებამდე დელეგატთა სიიდან ნაციონალური პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის ამოღებას ითხოვს. ცნობისთვის, ხმის უფლებით მოსარგებლეთა შორის გიორგი უდესიანიცაა, რომელიც უკვე თვენახევარზე მეტია, საქართველოდან წასულია.
ხმის უფლების მქონე დელეგატთა სიაში უდესიანის და კიდევ რამდენიმე ადამიანის ყოფნის მართებულობა სავარაუდოდ ხვალაც დიდი დაპირისპირებების მიზეზი გახდება.
ოთარ მაღლაკელიძე







