ძიუდო

16:51 | 23.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძიუდო მშვიდობის ჯილდოთი დაამშვიდეს

ევროპის ძიუდოს კავშირის სპორტულმა კომისიამ დიუსელდორფში ჩატარებულ კონგრესზე 2009 წლის საუკეთესო ძიუდოისტები და მწვრთნელები დაასახელა. უმთავრეს ნომინაციაში – “კონტინენტის წლის ძიუდოისტი”, მამაკაცებში გამარჯვებულებად რუსი ივან ნიფონტოვი, ხოლო ქალებში ფრანგი მორგეინ რიბუ გამოაცხადეს.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიფონტოვმა ამ სეზონში პირველი დიდი გამარჯვება თბილისში იზეიმა - აპრილში, სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონი გახდა. ივლისში ოქროს მედალი რიო დე ჟანეიროს დიდ სლემზე მოიპოვა. აგვისტოში კი როტერდამში წლის უმთავრესი ტიტული – მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო.
რიბუმ (57 კგ) ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოზე ყველას აჯობა. აღიარებაც სწორედ როტერდამულმა ოქრომ მოაპოვებინა, თორემ 2009 წლის ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე, მასზე მეტი სარეიტინგო ქულა, ასევე 57 კილოგრამში მოჭიდავე პორტუგალიელმა, ტელმა მონტეირომ დააგროვა.
სპორტულმა კომისიამ, ახალგაზრდებს შორის ვაჟებში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი გამოარჩია, გოგონებში - უნგრელი ჰედვიგ კარაკაში. კრპალეკი ევროპირველობაზე მეორე ადგილზე გავიდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე – პირველზე. კარაკაშმა კი ოქროს დუბლი შეასრულა.
მამაკაცთა ნაკრების საუკეთესო მწვრთნელად რუსების იტალიელი დამრიგებელი ეციო გამბა დასახელდა, ქალების მწვრთნელთაგან კი სლოვენიელი ფაბიან მერიანი აღიარეს. ევროპის ძიუდოს კავშირმა არც კონგრესის მასპინძლებს დაწყვიტა გული და საუკეთესო პარტნიორად გერმანიის ძიუდოს ფედერაცია დაასახელა.
სეზონის ყველაზე მაღალ დონეზე ორგანიზებული ტურნირის ნომინაციაში ერევანმა გაიმარჯვა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.
“შიდა ომებით” აწეწილი ქართული ძიუდო არც ერთ ნომინაციაში, ნომინანტადაც რომ არ განიხილებოდა, არც არავის გაკვირვებია. უფრო მოულოდნელი ევროპის ძიუდოს კავშირისგან საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფედერაციებისათვის მშვიდობის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილება იყო.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17056