2010 წლის ივლისის ბაშოზე პირველად, სატურნირო დღე სამივე ქართველმა სუმოისტმა გამარჯვებით დაასრულა. პირველმა წარმატებას ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ იგივე კოკაიმ მიაღწია და სამი მოგებით ლიდერთა შორის ადგილი შეინარჩუნა, შემდეგ კი უფროს მეგობარს მხარი გაგამარუმა და ტოჩინოშინიმ აუბეს.
“შავი ზღვის” შიკონათი ცნობილმა 29 წლის ცაგურიამ მოგებათა რაოდენობა ტოსაიუტაკასთან ჭიდილში გაასამა. დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველმა იაპონელი მე-10 მაეგაშირა ჰატაკიკომით დაამარცხა და იმ ექვს სეკიტორს შორის გაერია, რომელთაც წაგების გემო არ შეუგრძვნიათ.
კოკაის გარდა, მაქსიმალური შედეგი იოკოძუნა ჰაკუჰოს, ოძეკი კოტოოშუსა და რიგით მაეგაშირებს კაკურიუს, ჰომაშოსა და ჰოკუტორიკის გააჩნიათ.
ცაგურიას მორიგი მოწინააღმდეგე მე-13 მაეგაშირა კიმურაიამა იქნება, რომელსაც ზურგს ერთადერთი მოგება უმაგრებს. შარშან შემოდგომაზე კოკაი იაპონელ სეკიტორს ორჯერ გადაეყარა და ჯერ – უვატედაშინაგეთი, ხოლო შემდეგ იორიკირით სძლია.
აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში მიმდინარე ნაგოიას ბაშოზე პირველი გამარჯვებები მიითვალეს ტოჩინოშინის მეტსახელით მოასპარეზე ლევან ცაგურიამა და თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ.
ტურნირის საწყის დღეებში მონღოლებთან – იოკოძუნა ჰაკუჰოსთან და ოძეკი ჰარუმაფუჯისთან მარცხის შემდეგ, ტოჩინოშინიმ სეკივაკე კისენოსატო უშანსოდ დატოვა და იაპონელთა ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ სუმოისტს იორიკირით აჯობა.
კომუსუბის ტიტულამდე აღზევებული 22 წლის ქართველის მორიგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა კიოკუტენჰო იქნება.
გორგაძემ, რომელიც ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორად ითვლება, 35 წლის მონღოლთან თითო მოგება-წაგება გაცვალა, გასულ მაისის ბაშოზე კი ვეტერან მეტოქეს ცურიდაშით სძლია. ნაგოიაში კიოკუტენჰომ სამიდან ორი ბრძოლის სათავისოდ დასრულება შეძლო.
ივლისის ტურნირზე მონღოლ მოკონამის პირველი მარცხი აგემა 202-კილოგრამიანმა გაგამარუმ, რომელიც მაკუუჩიში სადებიუტო ბაშოს ატარებს. 23 წლის ჯუღელმა აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდების მქონე მეტოქის წინააღმდეგ ოშიდაში გამოიყენა და ორი მარცხის შემდეგ, ნავსის გატეხვა შეძლო.
აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე გაგამარუს თანაბარ ბალანსზე გასვლის შანსი 32 წლის ჰოკუტორიკისთან (მე-15 მაეგაშირა) შერკინებისას მიეცემა. მაისის ტურნირზე ჯუღელი იაპონელ სეკიტორთან ჰიკიოტოშით დამარცხდა, ასე რომ, ახლა რევანშისთვის უნდა იბრძოლოს.
ნაგოიას ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 25 ივლისს დასრულდება.







