საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუქარესტის მსოფლიოს თასი 4 მედლით და გუნდური პირველი ადგილით ჩაამთავრა. ბეთქილ შუკვანის (60 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ოქროს მედალს, დღეს თავისი წილი ოქროები ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) მიამატეს, ზვიად ხანჯალიაშვილს (+100 კგ) კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ბოლო ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ქართული დროშის ქვეშ სამმა ძიუდოისტმა იჭიდავა და სამივე ფინალში გავიდა. ორმა მათგანმა გადამწყვეტ შეხვედრაშიც იმარჯვა.
ჭრიკიშვილმა ფინალში უკრაინელი არტემ ვასილენკო იპონით დაამარცხა, გოგოჭური რუს გრიგორი სულემინთან შესრულებული წმინდა გდებით გაჩემპიონდა. ხანჯალიაშვილმა კი ევროპის ფინალისტთან, უნგრელ ბარნა ბორთან ერთადერთი იუკოთი წააგო.
ოთარ მაღლაკელიძე







