ხორვატიის ქალაქ ოპატიაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 ტურის პარტიები შედგა. ქართული დაპირისპირება თამარ ხმიადაშვილს (2158) და ნინო მელაშვილს (2126) შორის ყაიმით დასრულდა, ნონა გაფრინდაშვილი (2312) კი ზელანდიელ ჰელენ მილიგანს (1977) დაუზავდა.
ხმიადაშვილს და მელაშვილს 1.5-1.5 ქულით, შესაბამისად, მე-4 და მე-6 ადგილები უკავიათ, გაფრინდაშვილი კი, რომელსაც ტურნირზე პირველი რეიტინგი გააჩნია, 1.0 ქულით მე-13 პოზიციაზეა.
მე-3 ტურში ხმიადაშვილი შავი ფიგურებით გერმანელ მარტინა ბელტცს (2100) გაეჯიბრება, გაფრინდაშვილი შავებითვე რუს ელენა აფანასიევას (1625) ეთამაშება, ხოლო მელაშვილი თეთრებით ინგლისელ ინგრიდ ლაუტერბახს (2132) დაუპირისპირდება.
მამაკაცთა ტურნირში 2.0 ქულით ლიდერთა შორის იმყოფება საქართველოს 2013 წლის ჩემპიონი სენიორთა შორის სერგო ცომაია (1859). მან რუმინელ ადრიან-ფლორიან სასუ-დუკსოარას (2176) და ნორვეგიელ ტორ გეირ ჰარესტადს (2238) სძლია, მე-3 ტურში კი დანიელ იორგენ იორგენსენს (2257) ეთამაშება.
მსოფლიოს ჩემპიონატი თერთმეტ ტურად წარიმართება და 23 ნოემბრამდე გასტანს, მისი საპრიზო ფონდი კი 18 ათასი ევროა, საიდანაც ქალთა ტურნირზე მხოლოდ 4 ათასია გათვლილი.