ჭადრაკი

20:35 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ქართული ჭადრაკის რომანტიკოსი”

 

ამ სათაურით გამოვიდა ახალი წიგნი, რომელიც ჭადრაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სპორტის ოსტატის ალექსანდრე ბოკუჩავას ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

აღნიშნული წიგნი საინტერესო იქნება როგორც პროფესიული მოჭადრაკეებისთვის, ასევე ჭადრაკის მოყვარულთათვის. წიგნის ავტორები არიან: საერთაშორისო დიდოსტატები დავით გურგენიძე, ლაშა ჯანჯღავა და ალექსანდე ბოკუჩავას მეუღლე, ქალბატონი მაია ბოკუჩავა.

3 ივლისს, მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლეში მდებარე საჭადრაკო კლუბ ნტნ-ში (ნონა გაფრინდაშვილი, ტიგრან პეტროსიანი, ნანა ალექსანდრია) ახალი წიგნის “ქართული ჭადრაკის რომანტიკოსის” პრეზენტაცია შედგა. წიგნის ავტორებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, პრეზენტაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის პირველი მოადგილე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, საჭადრაკო კლუბ ნტნ-ის დირექტორი ნანა ალექსანდრია, საერთაშორისო დიდოსტატი თამაზ გიორგაძე, ბატონი ალექსანდრეს უახლოესი მეგობრები, ნათესავები და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსულებმა (აზმაიფარაშვილი, ალექსანდრია, გურგენიძე...) ალექსანდრე ბოკუჩავას ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები გაიხსენეს.

გია გიორგაძის განცხადებით, აღსდგება ალექსანდრე ბოკუჩავასა სახელობის საჭადრაკო მემორიალი, რომელიც ტრადიციული გახდება.

ალექსანდრე ბოკუჩავა 58 წლის ასაკში, უკურნებელი სენით ნაადრევად გარდაიცვალა.

0.51875