ძიუდო

22:46 | 29.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ ოქროებში ერთი გერმანულიც გამოერია

მსოფლიოს თასის მეორე დღეს სპორტის სასახლის ტრიბუნები დილიდანვე იმაზე მეტად შეივსო, ვიდრე წინა დღის ფინალებისას. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, ცხადია, ზურაბ ზვიადაურის აქტიურ სპორტში დაბრუნება იყო. გულშემატკივარი ოლიმპიური ჩემპიონის ტატამზე გამოჩენას შუადღემდე ამაოდ ელოდა. ზვიადაური წილისყრის მიხედვით, საქმეში მეორე წრიდან უნდა ჩართულიყო, რუმინელ მიჰაი ლეონარდ სიმონთან შეხვედრით, მაგრამ ეს უკანასკნელი აწონვაზე არ გამოცხადდა და ქართველმა ვარსკვლავმა ტურნირი პირდაპირ მერვედფინალით დაიწყო.
არენაზე გამოჩენილ ზვიადაურს გულშემატკივარი ფეხზე წამოუდგა. მანაც სწრაფადვე გაახსენა ყველას თავისი საუკეთესო წლები – ევროპის 2005 წლის ჩემპიონ დავიდ ალარზას წმინდა გდება სულ რაღაც ერთ წუთში შეუსრულა. ძველ ფორმამდე რომ ჯერაც ბევრი უკლია, მეოთხედფინალში გამოჩნდა. ზვიადაური სერბ დმიტრი გერასიმენკოსთან ორჯერ წამოეგო კონტრ-ილეთზე, ორჯერვე ვაზარზე დავარდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ბრინჯაოს ორი მოგება აშორებდა და ეს შანსი კი მშვენივრად გამოიყენა. მუქკანიან უკრაინელს, ქუეჟაუ ნჰაბალის წუთსა და 54 წამში მოუმთავრა საქმე, ხოლო მოლდოველ ივან რომანენკოს წუთი და 43 წამი აკმარა. ამ შეხვედრის ბოლოს ზურაბ ზვიადაურმა გაჭირვებით დატოვა ტატამი. აშკარა იყო, ტკივილმა შეაწუხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მხრის ტრავმამ შეახსენა თავი და წინასწარი გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამიტომაც იყო, 90 კილოგრამის დაჯილდოების ცერემონიალი მის გარეშე რომ ჩატარდა.
რომ არა გერასიმენკოსთან მარცხი, ზვიადაური ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების ლიდერს, ევროპის ორგზის ფინალისტ ვარლამ ლიპარტელიანს დაუპირისპირდებოდა. ამ შეხვედრას ყველა უდიდესი ინტერესით ელოდა და მართლაც რომ შემდგარიყო, ალბათ ნაადრევი ფინალის სტატუსსაც დაიმსახურებდა.
საბოლოოდ, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლიპარტელიანი ავიდა. საჩემპიონო გზას ფრანგი ლუდოვიკ გობერტისთვის შეხვედრის მეორე წუთზე შესრულებული ულამაზესი იპონით შეუყვა. რუს აბდულ ომაროვს შიდო-შიდო აგროვებული ვაზარით გასცდა. მეოთხედფინალსა და ფინალში კი მეტოქეებს და მსაჯებს ერთად მოუგო. ჯერ იყო და ნჰაბალისთან იპონი გაუუქმეს და ათიოდ წამში არანაკლებ ეფექტური წმინდა გდებით ააგუგუნა დარბაზი, მერე კი, გერასიმენკო ოქროს დროში გააკრა ბეჭებით ტატამს. ამ ორთარძოლასაც ძირითად დროშივე მოამთავრებდა, რომ არა ისევ მსაჯებისგან გაუქმებული იუკო. ფინალში კი საქმე ჰანტეიმდე მივიდა და ამ შემთხვევაში ქართველ ძიუდოისტს მცირე უპირატესობა ალალად დაუფასეს.
ამავე წონაში საქართველოს სახელით ლაშა გურულმა და გიორგი ნოზაძემაც იჭიდავეს, მაგრამ წარუმატებლად. გურული შეჯიბრებას მეორე წრიდან გამოეთიშა, ხოლო ნოზაძე ტატამზე ერთადერთხელ გავიდა.
ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები 81 კილოგრამში. ქართული ოთხეულიდან მეოთხედფინალს მხოლოდ დავით კარბელაშვილმა ვერ მიაღწია, რომლისთვისაც დაუძლეველი ბარიერი იტალიელი ანტონიო ჩიანო აღმოჩნდა. ლევან წიკლაური ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მაგრამ რომ არა მსაჯების მიერ ნებით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა, შესაძლოა კვარცხლბეკის უფრო მაღალ საფეხურზეც ასულიყო – ნახევარფინალში, ბექა ღვინიაშვილის წინააღმდეგ ჭიდაობისას რატომღაც მისი ვაზარი მეტოქეს ჩაუთვალეს. ეს შეცდომა ათიოდ წამში გაასწორეს, მაგრამ უკვე არანაირი აზრი აღარ ჰქონდა, რომელ მხარეს ეწერებოდა ის ვაზარი. უსამართლობით აღშფოთებულმა წიკლაურმა ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ჯიქურ შეუტია, კონტრ-ილეთზე წამოეგო და ბეჭებზე დავარდა.
ამ შეხვედრამდე ლევან წიკლაური და ბექა ღვინიაშვილი ერთმანეთზე უკეთესი ეფექტური გდებებით მივიდნენ. წიკლაურმ თურქ აჰმეთ სარისა და უზბეკ იმამოვ იახიოს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე, აზერბაიჯანელ მამადალი მეფდიევთან ვაზარის უპირატესობა იკმარა. რეპეშაჟის ფინალში კი ჩიანო დააიპონა.
ღვინიაშვილის თბილისურ ტატამზე შეჯიბრის წინა დღეებშიღა გადაწყდა, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ვაზაგაშვილის მოთხოვნით. მის გარდა თითქმის ყველა ფიქრობდა, რომ 1995 წელს დაბადებული სპორტსმენისთვის მამისტოლა კაცებთან ჭიდაობა ჯერ ადრე იყო. ჭაბუკებში ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის მომგებმა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოსანმა სპორტსმენმა არათუ თავი შეირცხვინა, უხერხულ მდგომარეობაში თავად მოწინააღმდეგეები ჩააგდო. ნახევარფინალამდე ჟულიენ კერმარეკი და ბელარუსი ტიმაფეი ემელიანოვი ჩამოიშორა.
გადის მეორე მხარეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა გაიბრწყინა. ნაკრების უმთავრესმა კანდიდატმა რუს ალექსანდრ ულიახოვს 2 იუკოთი აჯობა. აქედან ერთი შესრულებული ილეთით მოინაგრა, მეორე მეტოქის ორჯერ გაფრთხილებით. მონღოლ უგანბაატარ ოტგონბაატარს ოქროს დროში აართვა მომგებიანი იუკო, ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკა საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე გააკრა ტატამს, ნახევარფინალში კი ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიესთან ისევ ოქროს დროში ვაზარით იმარჯვა.
ქართული ფინალი სულ რაღაც 21 წამში დასრულდა. ჭრიკიშვილმა ღვინიაშვილს ილეთის წამოწყების პირველივე მცდელობა იპონად დაუჯინა.
მძიმე წონაც ქართული ფინალით დაგვირგვინდა. უფრო ზუსტად კი, საქართველოს ჩემპიონატის ფინალით და ანალოგიური შედეგით დასრულდა – ადამ ოქრუაშვილმა ზვიად ხანჯალიაშვილი დაამარცხა, ოღონდ თუ ორი თვის წინ იპონით იმარჯვა, ამჯერად საწადელს ჰანტეითი მიაღწია. თუმცა იპონები ოქრუაშვილისგან სპორტის სასახლეში შეკრებილ მაყურებელს ნამდვილად არ მოჰკლებია. აზერბაიჯანელ ემილ ტაჰიროვ, პოლონელ გრჟეგორჟ ეიტელსა და ჩინელ ჰაო ვანგს არენა ზემოდან დაანახა.
ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ საინტერესოდ დაბრუნდა ლაშა გუჯეჯიანიც – პირველსავე მეტოქეს, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ მესტონელ მარტინ პადარს ჯერ შიდო-შიდო ვაზარი აართვა, ბოლოს კი სულაც შებოჭა. სამწუხაროდ, ამის მეტი ვეღარ შეძლო. ვანგთან თავადვე მოჰყვა შებოჭვაზე და ისევ ტრავმა მიიღო, რის გამოც რეპეშაჟზეც უარის თქმა მოუხდა.
ცალკე სასაუბრო თემაა ლევან მატიაშვილი. ამ ახალგაზრდა მძიმეწონოსანმა ჯერ კიდევ საქართველოს პირველობაზე დაამტკიცა, რომ უკვე მზადაა უფროსებთან ტოლსწორად საჭიდაოდ. მსოფლიოს თასზე კი თავისი აქტიური და შეუპოვარი სტილით არაერთგზის აახმაურა დარბაზი. არადა სამი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში იმარჯვა – მერვედფინალში რუსეთის პირველნომრობაზე მეოცნებე სოსლან ბოსტანოვს ულამაზესი იპონით დაასრულებინა ტურნირი. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ფრანგ ჯან-სებასტიან ბონვუასინთან მარცხის გამო გამოეთიშა. ამ უკანასკნელმა მომგებიანი ილეთი საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე მიითვალა. რეპეშაჟში კი მატიაშვილს უკვე გამოცდილი ესპანელი ძიუდოსიტი ანხელ პარა გადაეღობა.
100 კილოგრამი ერთადერთი წონა აღმოჩნდა, რომელშიც ჩემპიონი მასპინძელი ვერ გახდა. არადა სოსო მსხალაძეს მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა დააკლდა. სწორედ მას სძლია ფინალში გერმანელმა დიმიტრი პეტერსმა. ამ შეხვედრამდე მსხალაძემ 4 მეტოქე ჩამოიცილა. ამათგან სამი: გერმანელი ბენჟამინ ბერლა, და უკრაინელები, ანდრეი და არტემ ბლოშენკოები იპონებით, ხოლო სომეხი ჰაკობ არაქელიანი – იუკოთი.
პეტერსმა ფინალამდე კიდევ ერთი ბრწყინვალედ მოჭიდავე ქართველი დაჯაბნა. ირაკლი ქობლიანიძე, რომელმაც ამ შეხვედრის გარდა ყველა ისე მოიგო, რომ მეტოქეებისთვის უმცირესშეფასებიანი ილეთის გაკეთების შანსიც არ მიუცია, მომავალ ჩემპიონთან დაპირისპირებისას შებოჭვაზე მოჰყვა. ამ ორთაბრძოლამდე ქობლიანიძემ ბელარუსი ევგენი ბიადულინი, ფრანგი მაელ ლე ნორმანდი და შვედი მარტინ პაჩეკი დაამარცხა, ხოლო რეპეშაჟის ფინალში უნგრელ ბალინტ ფარკაშს აჯობა.
ორიოდ დღეში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს განახლებულ რეიტინგ-სიას გამოაქვეყნებს, რომელშიც თბილისის მსოფლიოს თასის შედეგებიც იქნება გათვალისწინებული.   

ძიუდო
მსოფლიოს თასი
თბილისი
29 იანვარი

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
2 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
3 ლევან წიკლაური (საქართველო)
3 ჟოაკიმ ბოტიე (ბელგია)

90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
2 კაროლის ბაუზა (ლიტვა)
3 ზურაბ ზვიადაური (საქართველო)
3 დმიტრი გერასიმენკო (სერბეთი)

100 კგ
1 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
2 სოსო მსხალაძე (საქართველო)
3 ირაკლი ქობლიანიძე (საქართველო)
3 მარტინ პაშეკი (შვედეთი)

+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
2 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო)
3 გრჟეგორჟ ეიტელი (პოლონეთი)
3 ანხელ პარა (ესპანეთი)
 

 

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09644