ძიუდო

20:28 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ მედალს აზერბაიჯანელები გადაეღობნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრ ლუხუმ ჩხვიმიანს, სარაევოში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე კვარცხლბეკზე ასასვლელად ერთადერთი გამარჯვება დააკლდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა, სულ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და იტალიელ კარმინე მარია დი ლორენტოს, ოქროს დროში შესრულებული იპონით აჯობა. ებრაელი დანიელ ბენ დავიდი ორწუთნახევარში შებოჭა. ოქრო-ვერცხლის შანსი კი მეოთხედფინალში დაკარგა მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ რაშად რუფულაიევთან წაგებით. ამ უკანასკნელმა, პირველსავე წამებზე მოპოვებული ვაზარის უპირატესობა საფინალო სირენამდე მშვიდად შეინარჩუნა.

ჩხვიმიანი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ იგორ მგდსიანს სუფთად მოუგო. “ბრინჯაოს ფინალში” კი, აზერბაიჯანის ნაკრების კიდევ ერთ წევრთან, ორუჟ ვალიზადესთან იპონით დამარცხდა.

60 კილოგრამში საქართველოს სახელით ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტმა ვაჟა მარგველაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ ამჯერად, მხოლოდ მერვედფინალამდე მივიდა. მედლისთვის ბრძოლას, პოლონელ პატრიკ ვავრიჩეკთან ვაზარით წაგებით გამოეთიშა. იქამდე კი, ჰოლანდიელ ჯემი რაიმაკერსს სამწუთნახევარში მოუმთავრა საქმე.

დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები 55 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ, მაგრამ ამ ორ წონაში, საქართველოს ნაკრებს განაცხადში არავინ ჰყავდა.

დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში რვა ქართველი იჭიდავებს: ლევან გუგავა (73 კგ), უშანგი მარგიანი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე 90 კგ), გურამ თუშიშვილი, თორნიკე ოთინაშვილი (100 კგ), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ).

მატიაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ღვინიაშვილი ვერცხლის, ხოლო გუგავა და თუშიშვილი ბრინჯაოს პრიზიორები არიან.

ოთარ მაღლაკელიძე

0.115409